Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-295-277-2014 9 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ფ. ჯ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჯ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჯ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. ჯ-ის მიმართ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ჭიათურის რაიონის სოფელ ზ. ჭ-ში მდებარე №202 მიწის ნაკვეთის გამოთხოვისა და აღნიშნული უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

მოსარჩელის მითითებით, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა მეუღლეების – ნ. და ა. ჯ-ების საკუთრებას, თუმცა ფ. ჯ-ე უკანონოდ დაეუფლა ნაკვეთს. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მიწა ეკუთვნოდა მოსარჩელის მეუღლეს, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია და ქონება დარჩა ნ. ჯ-ს. აღნიშნულის მიუხედავად, ფ. ჯ-ე განაგრძობს სადავო მიწის დამუშავებას და შესაძლებლობას არ აძლევს მოსარჩელეს, ისარგებლოს კუთვნილი უძრავი ნივთით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ნაკვეთი სასამართლოს ა. ჯ-ისათვის არ გადაუცია, ხოლო მოსარჩელე ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო.

საჩხერის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ. ჭ-ში მდებარე დაზუსტებული 1875 კვ.მ №202 მიწის ნაკვეთის (ს/კ……. ) მესაკუთრეა ნ. ჯ-ე.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამჟამად ფლობს ფ. ჯ-ე.

მოპასუხე ფ. ჯ-ე სადავო მიწის ნაკვეთს მიიჩნევს თავის საკუთრებად, რადგან თვლის, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ არის ის, რომელსაც ფლობს და ამუშავებს წლების განმავლობაში.

საჯარო რეესტრის ამონაწერს, რომლითაც დასტურდება მოსარჩელე ნ. ჯ-ის საკუთრება, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ. ჭ-ში მდებარე 1875 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ........ ), საფუძვლად უდევს საჩხერის რაიონულის სასამართლო 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები, რომლებითაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიჩნეულ იქნა ნ. ჯ-ის აწ გარდაცვლილი მეუღლე ა. ჯ-ის ოჯახის საკუთრებად.

პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ ფ. ჯ-ე სასარჩელო წესით შეედავა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურში 2000 წლის 19 ივნისს ა. ჯ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის და 1875,25 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის კანონიერების თაობაზე.

ადმინისტრაციულ სარჩელზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ფ. ჯ-ის აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ, მართალია, არ დასტურდება სადავო 1875,25 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. ჯ-ისათვის მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გაცემა (№79 აქტში ეს ნაკვეთი არ არის შეტანილი, ხოლო სარეგისტრაციო მოქმედების საფუძვლად მითითებული №758 აქტი ვერ მოიძებნა), მაგრამ, მიწის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა და აღნიშნული ნაკვეთის რეგისტრაცია, როგორც რეფორმის წესით ფაქტობრივად გადაცემული ნაკვეთისა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით არის განხორციელებული. ფ. ჯ-ე კი ვერ ადასტურებს თავის მართლზომიერ უფლებას სადავო ნაკვეთზე.

როგორც ადმინისტრაციული დავის განხილვისას, ისე აღნიშნული საქმის განხილვისას ფ. ჯ-ის მიერ ვერ იქნა მითითებული და დამტკიცებული მის მიერ ნ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებზედაც აპელანტმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს შეკითხვაზე არ ეხება სადავო მიწის ნაკვეთს.

სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის, 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით უტყუარადაა დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ. ჭ-ში მდებარე 1875 კვ.მ. მიწის №202 ნაკვეთის (ს/კ ........) მესაკუთრეა ნ. ჯ-ე.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს ფ. ჯ-ე.

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის, 172-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს.

ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის უფლება, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ნ. ჯ-ე, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს ფ. ჯ-ე. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა კი იძლევა საფუძველს ნ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კანონშესაბამისად განხორციელდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფ. ჯ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 311-ე და 312-ე მუხლების პირველი ნაწილები.

სასამართლო გადაწყვეტილებით და საჯარო რეესტრის პირველადი რეგისტრაციის მასალებით კასატორი არის სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც მას სარეფორმო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე №81 მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცა. ვინაიდან სადავო უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის პირველადი რეგისტრაციით ირიცხებოდა ფ. ჯ-ის სახელზე, საჯარო რეესტრს უფლება არ ჰქონდა, მიწა ა. ჯ-ის საკუთრებად აღერიცხა.

სააპელაციო პალატამ უგულებელყო სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, როდესაც არ გაითვალისწინა საქმის მასალებით დადასტურებული გარემოება, რომ ა. ჯ-ის სახელზე უძრავი ნივთი აღირიცხა არარსებული მიღება-ჩაბარების №758 აქტის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 აპრილის განჩინებით ფ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ფ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ფ. ჯ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 4 აპრილის №54 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ფ. ჯ-ს (პირადი №..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 4 აპრილის №54 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე