Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-299-281-2014 16 ივნისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 22 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ჩ-მა მოპასუხე გ. შ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 9900 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

მოპასუხე გ. შ-ს მოსარჩელე გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9900 ლარის გადახდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ. შ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გ. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოხსენებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისევე როგორც, მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის 22 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა გ. ჩ-მა მოპასუხე გ. შ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება.

სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად, მოპასუხეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 2013 წლის 2 მაისს.

შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრულ ათდღიან ვადაში, მოპასუხე გ. შ-ს პასუხი (შესაგებელი) არ წარუდგენია.

2013 წლის 29 მაისს, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გ. ჩ-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის მოხმობილი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი მოპასუხის მიერ სარჩელთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობისათვის აწესებს მის წინააღმდეგ, ესე იგი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ზეპირი მოსმენის გარეშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამავე მუხლის თანახმად, ასეთ დროს სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ სამოქალაქო კოდექსის XXVI თავში მოცემული წესებით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობა უნდა გათანაბრდეს პროცესზე მოპასუხის გამოუცხადებლობასთან და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გამოვიდეს 2321 მუხლის საფუძველზე. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ 201-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 2321 მუხლებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი საფუძვლები: 1. მოპასუხეს უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელის ასლი და იგი უნდა იყოს გაფრთხილებული შესაგებლის წარდგენის ვალდებულების ვადასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით; 2. მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა და არც მოპასუხე ხდიდა სადავოდ იმ გარემოებას, რომ მას სარჩელი და თანდართული დოკუმენტაცია ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ამასთან, გაფრთხილებულ იქნა შესაგებლის წარდგენის ვალდებულების ვადასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. აპელანტი (მოპასუხე) დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის მიზეზად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვებოდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ არ არსებობდა ვალის დაუყონებლივ მოთხოვნის წინაპირობა.

დასმულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა:

დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის ერთგვარი სანქცია მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მხარემ დავის მიმართ ინტერესი დაკარგა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დავა შეეხებოდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაუყონებლივ, ვალის დაბრუნების ვადის დადგომამდე, მოპასუხისთვის თანხის დაკისრებას. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება, მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, ხოლო მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებას ექმნებოდა საფრთხე მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების გამო. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები (2013 წლის 5 მარტს გ. შ-ს სესხის სახით ერთი თვის ვადით გადასცა 4500 აშშ დოლარი და 2475 ლარი; 2013 წლის 10 აპრილს ნოტარიულად გაფორმდა ვალის აღიარების ხელშეკრულება; ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არ ირიცხება უძრავი ქონება, ასევე, მას არ გააჩნია მატერიალური საშუალება, დააბრუნოს ვალი), სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ისინი და დაასკვნა, რომ ამ გარემოებების ერთობლიობა, სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე და 623-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ, აქვე შენიშნა, რომ მოპასუხის მიერ, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის, უფრო მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, წარდგენილი შესაგებელი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ ფორმალურად შეიცავდა უარყოფას სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ:

1. სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

2. გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

მოხმობილი საპროცესო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ ისეთი გარემოებების დადასტურება, რომელიც სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობისა და აღნიშნულის შესახებ სასამართლოსათვის დროულად შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა (საჩივრის ავტორმა) ვერ დაადასტურა შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრულ ათდღიან ვადაში შესაგებლის სასამართლოში წარუდგენლობის შეუძლებლობის საპატიო გარემოებების არსებობა, რაც შეიძლებოდა, გამხდარიყო სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და ვერც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა საპროცესო ნორმების სრული დაცვით, სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელი იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-მა.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

1.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია, თუ არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სარჩელის აღძვრის წინაპირობები ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით (გარდა „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა). მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი შეტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების დარღვევით, კერძოდ, სარჩელში არ არის მითითებული კონკრეტული გარემოებები და მას არ ერთვის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას.

2.

გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას; 366-ე მუხლის თანახმად, თუ განსაზღვრულია დრო, საჭიროებისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე; 367-ე მუხლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა. განსახილველ შემთხვევაში, მოდავე მხარეებმა ერთმანეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვალდებულების შესრულების ვადად დათქვეს 2015 წლის 10 ოქტომბერი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სამართლებრივად არ გააჩნდა მოთხოვნის უფლება, ამასთან, იგი არ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 367-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებზე და არც ასეთი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

3.

არასწორია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება. ამ მუხლის მიხედვით, შესაგებლის წარუდგენლობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მართალია, მხარე ვალდებულია დისპოზიციურობის თანახმად, თავად დაიცვას საკუთარი უფლებები და დაცის ერთ-ერთ საშუალებას მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენა განეკუთვნება, მაგრამ შესაგებლის წარუდგენლობა არ გულისხმობს მოპასუხის მხრიდან სარჩელში მითითებულ გარემოებებზე დათანხმებას, აღნიშნული გულისხმობს სარჩელში მითითებული გარემოებების მის მიერ გაბათილებისა და საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობის დაკარგვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს (მოვალეს) არ გააჩნია უძრავი ქონება, ასევე აღარ გააჩნია რაიმე შემოსავალი, რითაც ვალის დაბრუნება იქნებოდა შესაძლებელი, სამოქალაქო კოდექსის 367-ე და 627-ე მუხლების საფუძველზე, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას ვალის დაუყოვნებლივ დაბრუნების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. შ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ნ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 495 ლარი) 70% – 346.5 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. შ-ის (პირადი ნომერი – .......) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ გ. შ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ნ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 495 ლარი, მათ შორის: 2014 წლის 8 აპრილს გადახდილი 450 ლარი, საგადახდო დავალება №450 და 2014 წლის 29 აპრილს გადახდილი 45 ლარი, საბუთის № IBC_2) 70% – 346.5 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე