№ას-367-346-2014 10 ივნისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინება, ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით;
1. ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. ზ. დ-ს ნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 14 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებით ზ. დ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. დ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 745 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2014 წლის 1 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, მიუთითა, რომ ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებას მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო დანარჩენ ნაწილში უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.
2014 წლის 27 მაისს კასატორმა კვლავ მომართა სასამართლოს განცხადებით, რომელშიც აღნიშნავს, რომ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და მოითხოვს მისი საკასაციო საჩივრის განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინება გასაჩივრებულია ზ. დ-ის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიაზე წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა ზემოხსენებულ განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.
2014 წლის 1-ელი მაისის განცხადებით კასატორი მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივრის განხილვას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ზემოხსენებულ განჩინებაზე დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით, ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ასეთი განჩინების დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, კერძოდ, სსკ-ის 36-ე მუხლის მიხედვით, აცილების თაობაზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი განჩინების უსწორობაზე და დაუსაბუთებლობაზე შეიძლება მითითებული იყოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ საკასაციო საჩივარში. ე.წ. წინმსწრები განჩინებების გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება. შესაბამისად, ზემოხსენებული განჩინებების მიმართ საკასაციო სასამართლოს არ გამოაქვს ცალკე განჩინება. თავისი პოზიცია ამ განჩინებების შესახებ საკასაციო სასამართლოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საკასაციო საჩივრის მიმართ გამოტანილ თავის გადაწყვეტილებაში (განჩინებაში). იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილი საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველად, მაშინ განუხილველად უნდა დარჩეს ასევე საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული ის განჩინებებიც, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება კასატორის 2014 წლის 27 მაისის განცხადებას, რომლითაც იგი მოითხოვს მისი საკასაციო საჩივრის განხილვას იმ საფუძვლით, რომ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, საკასაციო სასამართლო ვერ მიიჩნევს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობად, ვინაიდან, ჯერ ერთი, კასატორმა მანამდე უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. გარდა ამისა, კასატორმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, ანუ ხარვეზი შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც ასევე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამოუკიდებელი საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3-ე მუხლების შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1315.00 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ზ. დ-ს (პირადი №….) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადამხდელი - ს. დ-ი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 29 აპრილი, გადახდის ქვითარი №3193459, გადახდილი თანხა - 50.00 ლარი, გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე; გადამხდელი - ზ. დ-ი, გადახდის თარიღი – 2014 წლის 22 მაისი, გადახდის ქვითარი №3450545, გადახდილი თანხა - 1265.00, გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) – 1315.00 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე