№ას-401-378-2014 16 ივნისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ. ო-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ფ. ო-მა მოპასუხე მ. მ-ის მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნა:
ქ.თბილისში, ღ-ის ქ.№31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მ. მ-ისა და ფ. ო-ის საზიარო უფლების გაუქმება, შპს „ს-ის“, აგრეთვე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 24 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის №2 დანართის შესაბამისად, იმგვარად, რომ ფ. ო-ის საკუთრების უფლება აღიარებულიყო 1057კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
მოგვიანებით, იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა მ. მ-მა.
შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა:
ქ.თბილისში, ღ-ის ქ.№31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მ. მ-ისა და ფ. ო-ის საზიარო უფლების გაუქმება, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 24 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის №1 დანართის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
გაუქმდა მ. მ-ის და ფ. ო-ის საზიარო უფლება ქ.თბილისში, ღ-ის ქ.№31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 24 ივნისს გაცემული ექსპერტიზის №5002414213 დასკვნის №2 დანართის შესაბამისად, ისე, რომ ფ. ო-ის საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა 1057კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის №2 დანართზე დატანილი იყო ლურჯი ფერით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
ფ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
მ. მ-ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
მ. მ-ს და ფ. ო-ს შორის გაუქმდა საზიარო უფლება მათ თანასაკუთრებაში არსებულ ქ.თბილისში, ღ-ის ქ.№31-ში მდებარე უძრავ ქონებაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 24 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის №1 დანართის შესაბამისად, ისე, რომ მ. მ-ს მიეკუთვნა აღნიშნულ ნახაზზე ყვითელი ფერით დატანილი 1057კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, ხოლო ფ. ო-ს მიეკუთვნა ნახაზზე ლურჯი ფერით დატანილი 1057კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ინტერესს წარმოადგენდა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლების მდებარეობის გათვალისწინებით, საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 24 ივნისის №5002414213 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ღ-ის ქ.№31-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე ტექნიკური ნორმებისა და კანონით გათვალისიწინებული ნორმების გათვალისწინებით საზიარო უფლების გაუქმება, მხარეების ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლების მდებარეობის გათვალისწინებით შესაძლებელი იყო ისე, როგორც ეს აისახა ექსპერტის დასკვნის №1, №2, №3 და №4 დანართებში.
მხარეთა შორის დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე შესაძლებელი იყო ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 4 ნახაზის მიხედვით. მხარეები დავობდნენ იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ნახაზით უნდა მომხდარიყო ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება. მოწინააღმდეგე მხარე ფ. ო-ი ითხოვდა საზიარო უფლების გაუქმებას ექსპერტიზის დასკვნის №2 დანართზე წარდგენილი ნახაზის მიხედვით, ხოლო აპელანტი მ. მ-ი – №1 დანართზე მოცემული ნახაზის მიხედვით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარ აპელანტის პოზიცია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კენჭისყრის ჩატარების უსწორობასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. აღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საზიარო უფლების ნატურით გაყოფისას კენჭისყრის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც საზიარო საგანი გაყოფილია თანაბარ ნაწილებად და მოწილეები ვერ თანხმდებიან თითოეულს საზიარო საგნის თუ რომელი ნაწილი უნდა ერგოს.
კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს შორის კენჭისყრა ჩატარდა შემდეგი საკითხის გასარკვევად: ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული საზიარო საგნის ნატურით გაყოფის 4 სავარაუდო ვარიანტიდან, თუ რომელი ვარიანტით უნდა მომხდარიყო მხარეებს შორის საზიარო უფლების გაუქმება. აღნიშნულ საკითხის გადასაწყვეტად კი, სამოქალაქო კანონმდებლობა მხარეებს შორის კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის საზიარო უფლების ნატურით გაუქმების სადავო სავარაუდო ორი ვარიანტიდან უპირატესობა უნდა მინიჭებოდა ექსპერტიზის დასკვნის №1 დანართზე ასახულ ვარიანტს, შემდეგი გარემოებების გამო:
პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე ფ. ო-ი ვერ უთითებდა ვერც ერთ გარემოებაზე, თუ რატომ არ ეთანხმებოდა ექსპერტიზის დასკვნის №1 დანართზე მოცემული ნახაზით მხარეთა შორის საზიარო უფლების გაუქმებას და რატომ უნდა მინიჭებოდა უპირატესობა ექსპერტიზის დასკვნის №2 დანართზე დატანილ ნახაზს.
მხარეთა განმარტებების მოსმენის და ექსპერტიზის დასკვნის დანართების გამოკვლევის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ №2 დანართზე მოცემული ნახაზის მიხედვით ცენტრალური გზის გასწვრივ მ. მ-ს ბევრად ნაკლები ფართი ხვდებოდა ვიდრე ფ. ო-ს, ხოლო №1 დანართზე დატანილი ნახაზის მიხედვით თანაფარდობა მეტნაკლებად დაბალანსებული იყო. გარდა ამისა, №2 დანართზე მოცემული ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში მ. მ-ს საცხოვრებელ სახლში შესასვლელად უწევდა მთლიანი საცხოვრებელი სახლის შემოვლა, ხოლო №1 დანართის მიხედვით აღნიშნული პრობლემა მხარეს არ ექმნებოდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ №1 დანართზე მოცემულ გაყოფის ვარიანტში, №2 დანართზე მოცემული გაყოფის ვარიანტისგან განსხვავებით, უფრო მეტად იყო გათვალისწინებული მხარეთა შორის ფაქტობრივი მფლობელობის არსებული მდგომარეობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით უნდა განხორციელებულიყო ექსპერტიზის დასკვნის №1 დანართზე მოცემული ნახაზის მიხედვით, რომელზეც ლურჯი ფერით დატანილი მიწის ნაკვეთი და მასაზე არსებული შენობა-ნაგებობები უნდა მიკუთვნებოდა ფ. ო-ს, ხოლო ყვითელი ფერით დატანილი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – მ. მ-ს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. ო-მა.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
საზიარო უფლების გამიჯვნასთან დაკავშირებით, საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველმა სასამართლომ მხარეებს შესთავაზა კენჭისყრის ჩატარება, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულად შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მოთხოვნებს და რაზეც მ. მ-ის წარმომადგენლებმა პროცესზე თანხმობა განაცხადეს. კასატორისათვის გაუგებარია, თუ რაში გამოიხატა სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული კანონდარღვევა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან. მ. მ-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ბაღი, ასევე განეკუთვნება საზიარო საგანს და იგი თანაბარწილად უნდა გაიყოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ფ. ო-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფ. ო-ის (პირადი ნომერი –....... ) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ფ. ო-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 6 მაისი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე