№ას-412-389-2014 16 ივნისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ა-ე, გ. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 5 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს გ. ა-მ და გ. ბ-მა მოპასუხეების – ინდმეწარმე ქ. ა-ისა და სს „ს. რ-ის“ მიმართ.
მოსარჩელეთა მოთხოვნა:
გ. ა-ის მიერ მამისგან მემკვიდრეობით მიღებულ და მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში არსებული ნივთების, კერძოდ: მინებიანი კარადა ჩუქურთმებით – 1 ცალი; „დესეო“ სამი კარით ჩუქურთმებით – 1 ცალი; მაგიდა ჩუქურთმებით – 1 ცალი; სკამი – 6 ცალი; პიანინო „შულცი“ თავისი სკამით – 1 ცალი; ტელევიზორი და მაცივარი, ყადაღისგან გათავისუფლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ისა და გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
ყადაღისაგან გათავისუფლდა აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 18 ოქტომბრის აქტით აღწერილი და დაყადაღებული ნივთები, კერძოდ:
მინებიანი კარადა ჩუქურთმებით – 1 ცალი; „დესეო“ სამი კარით ჩუქურთმებით – 1 ცალი; მაგიდა ჩუქურთმებით – 1 ცალი; სკამი – 6 ცალი; პიანინო „შულცი“ თავისი სკამით – 1 ცალი; ტელევიზორი; მაცივარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მარტის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მეუღლეს – ინდმეწარმე ქ. ა-ს სს ,,ს. რ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 9421.50 ლარის ანაზღაურება, მასვე სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 282 ლარის გადახდა. 2011 წლის 26 სექტემბერს, აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ქ.ქუთაისში, დ. ა-ის გამზირის №13/19-ში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქონებაზე ყადაღის დადება მოხდა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ოქტომბრის №2/48-11 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმად მოვალე ინდმეწარმე ,,ქ. ა-ს“ დაეკისრა 9421.50 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 282.65 ლარის გადახდა სს ,,ს. რ-ის’’ სასარგებლოდ.
მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2013 წლის 18 ოქტომბრის აქტით აღიწერა და ყადაღა დაედო ქ.ქუთაისში, დ. ა-ის გამზირის №13/19-ში მდებარე ბინაში არსებულ ავეჯს: მინებიანი კარადა ჩუქურთმებით –1 ცალი; „დესეო“ სამი კარით ჩუქურთმებით – 1 ცალი; მაგიდა ჩუქურთმებით – 1 ცალი; სკამი – 6 ცალი; პიანინო ,,შულცი’’ თავისი სკამით – 1 ცალი; ტელევიზორი და მაცივარი.
აქტის შედგენის პროცესში მასში შეტანილ ნივთებთან დაკავშირებით მოსარჩელე გ. ა-მ განმარტა, რომ დაყადაღებული ნივთები არ ეკუთვნოდა მის მეუღლეს – ქ. ა-ს და იყო მისი, ხოლო ტელევიზორი გამოტანილი იყო განვადებით მისი სიძის სახელზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თავის ბინაში არსებული ავეჯი: მინებიანი კარადა ჩუქურთმებით – 1 ცალი; „დესეო“ სამი კარით ჩუქურთმებით – 1 ცალი; მაგიდა ჩუქურთმებით – 1 ცალი; სკამი – 6 ცალი; პიანინო ,,შულცი’’ თავისი სკამით – 1 ცალი, წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას, რომელიც მშობლებისგან მემკვიდრეობით მიიღო, მაცივარი გამოტანილი ჰქონდა განვადებით, ხოლო ტელევიზორი იყო სიძის – მოპასუხე გ. ბ-ის და განვადებით მის სახელზე იყო გამოტანილი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა: ა. ზ-მა, ე. ტ-მ და ო. ს-მა.
აუდიტორული დასკვნის თანახმად, გ. ა-ის კუთვნილი ქონების ღირებულება, საბაზრო ფასების გათვალისწინებით შეფასდა 2400 ლარად.
საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
გარდა კანონის დასახელებული ნორმებისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2013 წლის 18 ოქტომბრის აქტით აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე (მინებიანი კარადა ჩუქურთმებით – 1 ცალი; „დესეო“ სამი კარით ჩუქურთმებით – 1 ცალი; მაგიდა ჩუქურთმებით – 1 ცალი; სკამი – 6 ცალი; პიანინო ,,შულცი’’ თავისი სკამით – 1 ცალი) ინდმეწარმე ქ. ა-ს არ გააჩნდა საკუთრების უფლება, აღნიშნული ნივთების ნაწილი ეკუთვნოდა მოსარჩელე გ. ა-ს, რომელმაც ისინი მემკვიდრეობით მიიღო მშობლებისგან, ხოლო მაცივარი გამოტანილი იყო განვადებით. ასევე დადგინდა, რომ ტელევიზორი ეკუთვნოდა მოპასუხე გ. ბ-ს, რომელსაც იგი გამოტანილი ჰქონდა განვადებით მაღაზია ,,არაიდან“.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ კანონი იცავს მეუღლის ქონებრივ ინტერესებს, თუ მეორე მეუღლე მონაწილეობს სხვადასხვა ქონებრივ გარიგებაში თავისი და არა ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ დროს, მოვალე მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინების მიქცევა ხდება მის ინდივიდუალურ საკუთრებაზე და იმ წილზე, რომელიც მას თანასაკუთრებაში ეკუთვნის. თუ მოვალე მეუღლეს სურს ვალის გადახდა თანაზიარ საკუთრებაში მისი წილიდან ან ინდივიდუალური საკუთრება არ ყოფნის ვალის დაფარვას, მაშინ უნდა მოხდეს საერთო ქონების გაყოფა და მოვალე მეუღლის ვალდებულების შესრულება. ასეთ შემთხვევაში, მეორე მეუღლის ინდივიდუალური ქონება და წილი თანაზიარ საკუთრებაში ხელუხლებელია. თუ ვალი აღებულია ერთ-ერთი მეუღლის მიერ, მაგრამ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ ვალი საერთოა და გადახდილ უნდა იქნეს ორივე მეუღლის თანაზიარი საკუთრებიდან. იყო თუ არა ვალის აღება ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა დაადგინოს სასამართლომ. ისეთ შემთხვევაში, როცა მეუღლეთა საერთო ვალი აღემატება თანაზიარი ქონების ღირებულებას, გადახდევინება შეიძლება გავრცელდეს თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაზეც.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში არ დადგენილა, რომ ინდმეწარმე ქ. ა-ის ვალი წარმოიშვა ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. სს ,,ს. რ-ას” აღნიშნულ გარემოებაზე საერთოდ არ მიუთითებია და შესაბამისად, არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია იმის დასადასტურებლად, რომ ინდმეწარმე ქ. ა-ის ვალი წარმოიშვა ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის დანაწესების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება, კერძოდ: მინებიანი კარადა ჩუქურთმებით – 1 ცალი; „დესეო“ სამი კარით ჩუქურთმებით – 1 ცალი; მაგიდა ჩუქურთმებით – 1 ცალი; სკამი – 6 ცალი; პიანინო ,,შულცი’’ თავისი სკამით – 1 ცალი, ეკუთვნის მას, ისინი მემკვიდრეობით მიიღო მშობლებისგან, ხოლო მაცივარი გამოიტანა განვადებით.
ტელევიზორი ეკუთვნის მოსარჩელე გ. ბ-ს, რომელმაც იგი გამოიტანა განვადებით მაღაზია ,,არაიდან“.
ინდმეწარმე ქ. ა-ის ვალი არ წარმოშობილა ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა სს ,,ს. რ-ის’’ წარმომადგენლის განმარტება, თითქოს აღნიშნულ ნივთებზე მოსარჩელეებს არ გააჩნდათ საკუთრების უფლება და შესაბამისად ისინი წარმოადგენდნენ ქ. ა-ის საკუთრებას. ამასთან, სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ინდმეწარმე ქ. ა-ის ვალი არ წარმოშობილა ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირების უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში გ. ა-ე და გ. ბ-ი არ წარმოადგენდნენ იმ პირებს, რომლებსაც
თავიანთ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონებით შესაძლებელია პასუხი ეგოთ ინდმეწარმე ქ. ა-ის ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ,,ს. რ-ის” სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს „ს. რ-ამ“.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სარჩელში დასახელებული კანონის ნორმები არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ, მას ეკუთვნის). აღნიშნულ საქმეზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად, ვერ დადგინდა – გამომდინარეობდა თუ არა ქ. ა-ის დავალიანება ოჯახის ინტერესებიდან, თუმცა როგორც ქ. ა-ის მეუღლემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, იჯარით აღებული ფართი სპეციალურად გააფორმებინა მეუღლეს თავის სახელზე, რადგან თავად „რ. კ-ის“ დირექტორი იყო.
საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ ატში მითითებული ქონება წარმოადგენს გ. ა-ისა და გ. ბ-ის საკუთრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს – სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 912, გადახდის თარიღი – 2014 წლის 14 აპრილი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე