Facebook Twitter

№ას-428-405-2014 16 ივნისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.რუსთავის №…. საჯარო სკოლა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 6 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. თ-მა მოპასუხე ქ.რუსთავის №….საჯარო სკოლის მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნები:

მოპასუხე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 5 სექტემბრის №1/კ-53 ბრძანების ბათილად ცნობა;

სამუშაოზე აღდგენა;

სამუშაოდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 5 სექტემბერს, მ. თ-სა და სსიპ ქ.რუსთავის N… საჯარო სკოლის დირექტორს, ზ. მ-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება №5-06, რომლითაც მ. თ-ი დაინიშნა სსიპ ქ.რუსთავის N…. საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 5 სექტემბრამდე.

სსიპ ქ.რუსთავის N…. საჯარო სკოლის დირექტორის 2013 წლის N1/კ-53 ბრძანებით, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, სსიპ ქ.რუსთავის N… საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მ. თ-ს 2013 წლის 5 სექტემბრიდან შეუწყდა 2012 წლის 5 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება.

ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე (შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა).

2013 წლის 7 ოქტომბერს, მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა წერილობითი დასაბუთება გათავისუფლების საფუძვლების მითითებით.

2013 წლის 7 ო ტომბრის №4-249 წერილით, სსიპ ქ.რუსთავის N…. საჯარო სკოლის დირექტორმა მ. თ-ს აცნობა, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხე სკოლის ხელმძღვანელის მხრიდან მ. თ-თან დისკრიმინაციული დამოკიდებულების არსებობის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციული დამოკიდებულების არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით კი დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, მოსარჩელე, ერთი მხრივ, ვალდებულია დაადასტუროს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და, მეორე მხრივ, მას აქვს მტკიცებულებათა წარდგენის აბსოლუტური თავისუფლება, რაც სადავო ფაქტებს დაადაასტურებს.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ვერ ადასტურებდა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დისკრიმინაციის რომელიმე სახის არსებობას, ხოლო თავისთავად ხელშეკრულების ვადის ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გათავისუფლება არ ნიშნავდა, რომ რაიმე სახის დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი.

საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის მე-3 მუხლით, პირველი მუხლის პირველი ნაწილით. კანონის მოხმობილი ნორმებით დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ – დასაქმებულთა გაერთიანება); შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად ჩაითვლება კანონის მიერ. შრომის კოდექსის მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას, რომელიც საჭიროებს მხარეთა შორის შეთანხმებას. ვადის განსაზღვრა, როგორც წესი, მხარეთა პრეროგატივაა, ისევე როგორც, ხელშეკრულების სხვა ძირითად პირობებზე შეთანხმება. მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადის განსაზღვრა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელმაც ნორმატიული ასახვა ჰპოვა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმადაც, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. შესაბამისად, მხარეებს სრული თავისუფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ისინი ამით საკუთარი ნებით განსაზღვრავენ ვალდებულების შესრულების საზღვრებს დროში. სახელშეკრულებო სამართალში ერთმანეთისგან განასხვავებენ დადგენილ (განსაზღვრულ) და დაუდგენელ (განუსაზღვრელ) ვადებს. როდესაც მხარეთა შეთანხმებით მოვლენის დადგომის კონკრეტული თარიღი მკაფიოდაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება.

განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ 2012 წლის 5 სექტემბერს მ. თ-სა და სსიპ ქ.რუსთავის N… საჯარო სკოლას შორის ხელშეკრულება დაიდო განსაზღვრული ვადით და იგი მოქმედებდა 2013 წლის 5 სექტემბრამდე. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. დადგინდა, რომ სსიპ ქ.რუსთავის N… საჯარო სკოლის დირექტორის N1/კ-53 ბრძანებით შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო სსიპ ქ.რუსთავის N…. საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მ. თ-ს 2013 წლის 5 სექტემბრიდან შეუწყდა 2012 წლის 5 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2013 წლის N1/კ-53 ბრძანების გამოცემით, ფაქტობრივად, მოპასუხემ შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ –2013 წლის 5 სექტემბერს, გამოხატა დამსაქმებელი სკოლის ნება არ გაგრძელებულიყო ანუ არ დადებულიყო მოსარჩელესთან ახალი შრომითი ხელშეკრულება მასთან უკვე შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის გასაგრძელებლად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის მომენტისათვის შრომითი ურთიერთობა მხარეებს შორის უკვე შეწყვეტილი იყო ვადის გასვლის გამო და სადავო ბრძანება რომც არ გამოცემულიყო, მხარეებს შორის 2013 წლის 5 სექტემბრისათვის შრომითი ურთიერთობა უკვე არ არსებობდა. ამასთან, მოსარჩელე 2013 წლის 5 სექტემბრიდან სამუშაოს შესასრულებლად არ დაშვებულა, ამდენად, გასაჩივრებული ბრძანების ბათილად გამოცხადება-არ გამოცხადებით მხარეებს შორის შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობა ვერ აღდგება, რადგანაც იგი უკვე შეწყვეტილი იყო. რაც შეეხებოდა მოპასუხე მხარის დირექტორის გადაწყვეტილებას, ხუთი იმავე პროფილის პედაგოგიდან ვისთან დადებულიყო ახალი შრომითი ხელშეკრულებები, წარმოადგენდა მის დისკრეციულ უფლებამოსილებას და ემყარება ნების გამოვლენის თავისუფლების პრინციპს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში დამსაქმებელს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის საფუძველზე ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული დასაბუთების ვალდებულება დასაქმებულს ეკისრება შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დამსაქმებელს არ გააჩნდაა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაესაბუთებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ხელშეკრულების ვადის გასვლის პირობებში საპირისპიროს დაშვება გულისხმობდა დამსაქმებლის დავალდებულებას, დაესაბუთებინა თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ, რაც წინააღმდეგობაში იყო შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 ნაწილთან, რომლის შესაბამისადაც დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-მა.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

1.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების ვალდებულება დამსაქმებელს ეკისრება შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში და რომ, სხვაგვარი მიდგომა წინააღმდეგობაში მოდის შრომის კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 ნაწილთან. კასატორის მითითებით, შრომის კოდექსის 38-ე მუხლი პირდაპირ და სპეციალურად ადგენს, რომ დასაბუთების ვალდებულება შეეხება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ყველა საფუძველს და რაიმე გამონაკლისი არ არის გათვალისწინებული, რაც შეეხება მე-5 მუხლის მე-8 ნაწილს, აქ საუბარია სხვა შემთხვევაზე – დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ ვადის გასვლის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შეწყვეტის შემთხვევაში, შრომის კოდექსის 38-ე მუხლმა დაუშვა დასაბუთების ვალდებულება, შედეგად მკაფიო ზღვარი იქნა გავლებული ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის – დასაქმებაზე უარის თქმის შემთხვევის მოწესრიგებასთან. მაგალითად, თუკი დამსაქმებელი გამოაცხადებს ვაკანსიას და იგი არჩევანს გააკეთებს სასურველ კანდიდატურაზე, სხვა კონკურსანტების მიმართ მას არ ექნება დასაბუთების ვალდებულება.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე სკოლის დირექტორმა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ გახდა აუცილებელი მ. თ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს განეკუთვნება, რაც ამავე კოდექსის თანახმად, ექვემდებარება დასაბუთების ვალდებულებას.

2.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მ. თ-ის მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია და რომ, თითქოს მან ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატებოდა ეს დამოკიდებულება. ის გარემოება, რომ 5 მასწავლებლიდან შრომითი ურთიერთობა სწორედ კასატორს არ გაუგრძელდა, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელს აქვს ყველაზე მაღალი კვალიფიკაცია (არის სერტიფიცირებული მასწავლებელი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც სავარაუდოდ ახალი სასწავლო წლიდან სამინისტროს მიერ გაუთანაბრდება მკვლევარი მასწავლებლის სტატუსს და რომელიც პრაქტიკოსი და წარჩინებული მასწავლებლის სტატუსზე მაღალია), ასაბუთებს არათანაბარი მოპყრობის, ე.ი. დისკრიმინაციის ფაქტს. გარდა ამისა, მ. თ-ს აქვს სკოლაში მუშაობის 25 წლის სტაჟი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული „დასაბუთების ვალდებულების“ მნიშვნელობა და მასშტაბები. აღნიშნული მუხლი მნიშვნელოვანწილად ითვალისწინებს სწორედ დისკრიმინაციის პრევენციას, სხვა შემთხვევაში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება გათავისუფლებული პირის მიერ დისკრიმინაციის ფაქტის მტკიცება, რადგან დამსაქმებელი პირდაპირ არასდროს აღიარებს, თუ რა შინაგანი მოტივებით მოქმედებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. თ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ თ-ს (პირადი ნომერი – .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 347604622, გადახდის თარიღი – 2014 წლის 24 აპრილი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე