Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-431-408-2014 5 ივნისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „....-XXI“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა 2009 წლის 08 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის დადგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „...-XXI-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 08 ოქტომბერს შპს „...-XXI-სა“ და მ. გ-ს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა შპს „...-XXI-ის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ლ-ის ქ. №109: 6394 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1412.04 კვ.მ შენობა ნაგებობები.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება შპს „...-XXI-ის” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისა და მ. გ-ისათვის შპს „...-XXI-ის” სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მირებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „...-XXI-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად აიქნა ცნობილი შპს „....-XXI-სა“ და მ. გ-ს შორის 2009 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. შპს „....-XXI-სა“ და მ. გ-ს შორის 2009 წლის 8 ოქტომბრიდან დადებულად იქნას ცნობილი 1000000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის სამომავლო ნასყიდობის ხელშეკრულება - საქონლის მიწოდების პირობით და ქ.ბათუმში, ლ-ის ქ. №109-ში მდებარე შპს.... -XXI-ის კუთვნილი ქონება (უძრავი ქონების ს.კ. №.......) დაიტვირთოს იპოთეკით მ. გ-ის სასარგებლოდ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2014 წლის 19 მაისს მ. გ-ის წარმომადგენელმა გ. წ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.

საკასაციო პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით მ. გ-ის წარმომადგენელ გ. წ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და კასატორს გაუგრძელდეს ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 7 დღით.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ გ. წ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 21 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 20 მაისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელ გ. წ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2014 წლის 21 მაისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, (ტ.3, ს.ფ.300).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 22 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 28 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ .გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია