საქმე №ას-461-435-2014 2 ივნისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ ……ა. ბ-ი“ (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ე (მოსარჩელე), სს „ს. ბ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით:
1. ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. შეწყვეტილ იქნა ი. ბ-სა და სს „ს. ბ-ს“ შორის 2012 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულება;
4. სს „ს. ბ-ს“ დაეკისრა ლ. ბ-ის სასარგებლოდ 3136 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გააჩივრა სს „……ა. ბ-მ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „.....ა.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 404-ე მუხლების მიხედვით, საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე, სხვა საკითხებთან ერთად, ამოწმებს შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს იმ პირთა წრეს, რომელთაც საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე უფლება აქვთ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) გაასაჩივრონ საკასაციო წესით. დასახელებული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება უნდა მიეცეთ იმ პირებსაც, რომელთა უფლება-მოვალეობებიც ერთ-ერთი მხარის მიმართ განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ამასთან, ზემოხსენებულ პირებს საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ განსაზღვრულია (დადგენილია) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, ვინაიდან გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრება დაუშვებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 სექტემბრის განჩინება, #ას-710-1011-09-ინტეროპტიკა).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის განჩინებით სს „..... ა-ი“ საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს სსკ-ის 391-ე მუხლით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ ადგენს სს „..... ა-ის“ რაიმე ვალდებულებას ერთ-ერთი მხარის მიმართ. კასატორი თავადვე აღნიშნავს, რომ, მართალია, იგი არ არის მოხსენიებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, მაგრამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით სასამართლომ ფაქტიურად დაავალდებულა სადაზღვევო კომპანია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება. როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. აქედან გამომდინარე, სს „..... ა-ი“ არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის უფლების სუბიექტს და, შესაბამისად, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „..... ა. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: პ.ქათამაძე