№ას-46-45-2014 16 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ჯ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკლრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „კ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ლ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, შპს ”კ. ჯ-ას” სასარგებლოდ, 14 611.83 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 14 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 51 300 აშშ დოლარის ღირებულების 54 000 კოლოგრამი სათესლე ხორბლის შეძენის შესახებ. ანგარიშსწორების ერთ-ერთი პირობის თანახმად, სათესლე ხორბლის ღირებულების ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 12 თვის ვადაში. 2010 წლის 13 ნოემბრიდან 2011 წლის 26 ნოემბრამდე პერიოდში მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო 54 700 კილოგრამი სათესლე მასალა. მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენდა 51 965 აშშ დოლარს, საიდანაც მოპასუხემ აანაზღაურა 37 353.17 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, შესაბამისად, მოპასუხეს ასანაზღაურებელი დარჩა 14 611.83 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
მოპასუხე დ. ლ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ანგარიშსწორებისათვის საჭირო იყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, რაც არ შედგა იმ მიზეზით, რომ მყიდველ დ ლ-ისათვის არ იყო მისაღები მიწოდებული საქონლის ხარისხი. მხოლოდ სასაქონლო ზედნადები ვერ გამოდგება ანგარიშსწორებისათვის. აღნიშნული დოკუმენტებით არ დგინდება მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის რაოდენობა და მათი ღირებულებები. ამასთან, მოპასუხემ სადავოდ გახადა ხუთ სასაქონლო ზედნადებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს „კ. ჯ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე დ. ლ-ს მოსარჩელე შპს „კ. ჯ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 14 611.83 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავოა მიწოდებული ხორბლის სათესლე მასალის ოდენობა. შესაბამისად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის, გამსაზღვრელია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული ხორბლის სათესლე მასალის ოდენობის დადგენა.
პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები (იხ. ს.ფ. 24–31), რომელთა საფუძველზეც, დასტურდება მოპასუხის სახელზე 2010 წლის ნოემბრის თვეში მთლიანად 54 700 კგ. ხორბლის სათესლე მასალის მიწოდების განხორციელება. პალატის მითითებით, აპელანტი სადავოდ ხდის საქმეში წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებზე მისი ხელმოწერის არსებობას, რის დასტურადაც წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ.146–151 ). ამდენად, აპელანტის მტკიცებით, მოსარჩელეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხისათვის (აპელანტისათვის) 54 700 კგ. ხორბლის სათესლე მასალის მიწოდება. პალატის აზრით, სასაქონლო ზედნადებებში დაცული ინფორმაცია და მონაცემები მყიდველის ვინაობის, მიწოდებული საქონლის სახეობის და რაოდენობის (თუმცა არ ასახელებს მიწოდებული და მის მიერ მიღებული ხორბლის სათესლე მასალის ზუსტ ოდენობას), ღირებულების, ტრანსპორტის საშულების თაობაზე, ქვემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკმარისია გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად, მიუხედავად იმისა, ამ სასაქონლო ზედნადებებზე განხორციელებულია თუ არა მოპასუხის ხელმოწერა. კერძოდ, პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან გარკვეული რაოდენობის ხორბლის სათესლე მასალა მართლაც მიიღო მოსარჩელისაგან, ამასთან რაც მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მოპასუხე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ ხორბლის სათესლე მასალის მიღება პერიოდულად 2010 წლის ნოემბრის პერიოდში ხორციელდებოდა, როგორც უშუალოდ მისი მონაწილეობით (რაც გამოიხატებოდა მოპასუხის მოსარჩელის ოფისში პირადად მისვლაში და შესაბამისად სასაქონლო ზედნადებზე მის მიერ ხელმოწერის დაფიქსირებაში), ასევე მისგან ნდობით აღჭურვილი პირის (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის) დახმარებით (იხ. 2013 წლის 16 ოქტმობრის სხდომის ოქმი). ამგვარად მოპასუხე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ ხორბილის სათესლე მასალის მიღება მოსარჩელისაგან ხორციელდებოდა, როგორც პირადად მოსარჩელის სამუშაო ადგილზე გამოცხადებით და სასაქონლო ზედნადებზე ხელმოწერით, ასევე მისი ნდობით აღჭურვილი პირის დახმარებით, რა დროსაც შესაბამის სასაქონლო ზედნადებზე ცხადია, არ ხდებოდა დ.ლ-ის მიერ ხელმოწერის განხორციელება. ამდენად მოპასუხის ამგვარი პოზიცია მინიმუმ იმ გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის მაინც არის საკმარისი რომ მან მოსარჩელისაგან მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ხორბლის სათესლე მასალა მიიღო იმ ოდენობაზე მეტი ოდენობით ვიდრე ეს დაფიქსირებულია პირადად მის მიერ ხელმოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხემ, მოსარჩელის სასარგებლოდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ხორბლის სათესლე მასალის სანაცვლოდ 2011 წლის 27 ოქტომბერსა და 2011 წლის 1ნოემბერს გადაიხადა ჯამში 37 353,17 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. პალატამ მიიჩნია, რომ ფაქტობრივად მოპასუხემ ამ გადახდით მიმწოდებლის წინაშე აღიარა 37 353,17 აშშ დოლარის ღირებულების ხორბლის სათესლე მასალის მიღება (სამოქ. კოდ–ის 341–ე მუხლის მე–2 ნაწ.). ნიშანდობლივია, რომ მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდენილ შესაგებელში ( იხ. ს.ფ. 68 1–ლი ფაქტობრივი გარემოება) ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მან გადაიხადა მიღებული ხორბლის სათესლე მასალის ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი (37 353,17 აშშ დოლარი), ხოლო დარჩენილ თანხას აღარ გადაუხდის მიმწოდებელს (მოსარჩელეს). საგულისხმოა, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხე ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადაუხდელობის მოტივად მიუთითებს მიწოდებული საქონლის უხარისხობაზე და არა მიმწოდებლის მიერ არასრული ოდენობით ხორბლის მიწოდების გამო (დარჩენილი თანხის) გადაუხდელობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ზედნადებები, მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ 37 353,17 აშშ დოლარის გადახდა და თავად მოპასუხის ახსნა––განმარტების (ახსნა განმარტება მიწოდებული საქონლის, როგორც უშუალოდ მის მიერ, ასევე ნდობით აღჭურვილი პირის მიერ მიღებასთან დაკავშირებით) ურთიერთშეჯერება საკმარის საფუძველს წარმოშობს იმ გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ მინიმუმ 37 353 აშშ დოლარის ღირებულების ხორბლის სათესლე მასალა მიეწოდა მოპასუხეს მოსარჩელის მიერ.
რაც შეეხება 37 353 აშშ დოლარის ზემოთ – 14 611.83 აშშ დოლარის ღირებულების ხორბლის სათესლე მასალის მიწოდების შესახებ ფაქტობრივ გარემოებას, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგნილი სასაქონლო ზედნადებების მონაცემების, მოწმეთა ჩვენების და მოპასუხის პოზიციის ანალიზის შედეგად. პირველ რიგში, პალატამ აღნიშნა, რომ მართლია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების უმრავლესობაზე არ არის დაფიქსირებული პირადად დ.ლ-ის ხელმოწერა, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული ზედნადებებში დაცული მონაცემები ადასტურებს თავად საქონლის – ხორბლის სათესლე მასალის, ზედნადებებში დაფიქსირებული ოდენობით მიწოდების შესახებ ოპერაციის განხორციელების ფაქტს. ამაზე მიუთითებს ასევე მხარეთა შორის ხელშეკრულების დროს მოქმედი 2005 წლის 14 თებერვლის საქართელოს ფინანსთა მინისტრის №86 ბრძანებით დამტკიცებულ სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ ინსტრუქციის მე–2 მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ ნორმის შინაარსიც, რომლის თანახმადაც, სასაქონლო ზედნადები არის აღიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამეურნეო ოპერაციის, ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია. ამავე ინსტრტუქციის მე–3 მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით, ზედნადებში მყიდველის აღმნიშვნელ სტრიქონებზე აისახება საქონლის მყიდველი. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის პოზიციის შესაბამისად, იგი მიწოდებული საქონლის მიღებას ახორციელებდა, როგორც პირადად ასევე ნდობით აღჭურვილი პირის დახმარებით, რასაც ასევე ადასტურებენ მოწმედ დაკითხული პირებიც. ეს მოცემულობა კი, კერძოდ ის ფაქტი, რომ მიმწოდებელმა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2010 წლის ნოემბრის თვეში განახორციელა 54 700 კგ. ხორბლის სათესლე მასალის მიწოდება და რომ მოპასუხე ხორბლის სათესლე მასალას იღებდა, როგორც უშუალო, ასევე მისი ნდობით აღჭურვილი პირის დახმარებით, პალატის მოსაზრებით, წარმოშობს საკმარის საფუძველს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მტკიცების გაზიარებისათვის მიწოდებული ხორბლის სათესლე მასალის ოდენობასთან დაკავშირებით და უკვე საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს, რომელსაც მართებდა კონკრეტული მტკიცების და მტკიცებულებების წარმოდგენა მასზედ, რომ მის სახელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით მიწოდებული საქონლის მიღება ხდებოდა არა მის მიერ, არამედ სხვა პირის მიერ და რომ მის მიერ მიღებული იყო მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ხორბლის სათესლე მასალა მაგ. მხოლოდ 37 353 აშშ დოლარის შესაბამისი ხორბლის სათესლე მასალა. პალატამ აღნიშნა, რომ ამ მხრივ მოპასუხის მიერ სასამართლოსათვის შემოთავაზებული მტკიცება არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღდმეგოა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს მასზე, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მის მიერ სარჩელში მითითებული ოდენობის ხორბლის სათესლე მასალის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო მეორეს მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ მან განახორციელა მიწოდებული ხორბლის სათესლე მასალის ღირებულების ძირითადი ნაწილის (37 353 აშშ დოლარის) გადახდა, ხოლო მიწოდებული საქონლის უხარისხობის გამო დარჩენილი ნაწილის გადახდაზე უარს აცხადებს. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია კონკრეტულ მტკიცებულებებზე დამყარებული დასაბუთება მასზე, რომ მიუხედავად ზედნადებებში დაფიქსირებული მონაცემებისა მოსარჩელის მიერ მისთვის მიწოდებული იქნა მხოლოდ ამა თუ იმ ღირებულების საქონელი და რომ ამ საქონლის ღირებულება მისი მხრიდან ბოლომდე დაფარულია. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლის შეკითხვაზე (იხ. 2013 წლის 16 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი), მოპასუხე დ. ლ-მა განმარტა, რომ მიღებული საქონლის ოდენობა მის მიერ გამოანგარიშებულ იქნა სადავო ხორბლის სათესლე მასალით დათესილი მიწის ნაკვეთის მოცულობის გათვალისწინებით, რაც მისი ვარაუდით გაცილებით ნაკლებია მისაწოდებელი საქონლის ოდენობაზე. მტკიცებულებებზე მითითების გარეშე ამგვარი განმარტება, პალატის მოსაზრებით, თავისთავად გონივრულ ეჭვს ბადებს აპელანტის მიერ მითითებული მონაცემების სიზუსტესთან დაკავშირებით.
ამდენად პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მიღება–ჩაბარების აქტები, რომელთა არარსებობის გამოც, მოპასუხე სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევდა, თუმცა საქმეში წარმოდენილი სასაქონლო ზედნადებებში დაცული მონაცემების, მოპასუხის პოზიციის, ასევე საქმეზე დაკითხული მოწმეების - ე. ბ-ისა და ზ. თ-ის ჩვენებების ურთიერთშეჯერების და ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილ გარემოებად მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 54 700 კგ. ხორბლის სათესლე მასალის მიწოდების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რომლის გასაბათილებლადაც მოპასუხემ ვერ უზრუნველყო შესაბამისი საწინააღმდეგო მტკიცებისა და მტკიცებულებების წარმოდგენა.
მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება მიწოდებული საქონლის უხარისხობის თაობაზე ასევე არ დასტურდება რაიმე მტკიცებულებით. მოპასუხის მიერ მხოლოდ ახსნა–განმარტება იმის შესახებ, რომ მთელი ნათესი გაუნადგურდა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ხორბლის სათესლე მასალის უხარისხობის გამო, არ არის საკმარისი ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, ამ გარემოების დასადასტურებლად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. მოპასუხის ის პრეტენზია, რომ საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი საქონლის მიწოდების დროს მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი, პალატის მოსაზრებით წარმოშობდა მოპასუხის, როგორც მყიდველის უფლებას – საერთოდ უარი განეცხადებინა საქონლის მიღებაზე, რასაც ადგილი არ ქონია. ამ ეტაპზე კი, მითითებული გარემოება არ არის საკმარისი საქონლის უხარისხობის შესახებ მოპასუხის მტკიცების გაზიარებისათვის, მითუმეტეს, რომ მოპასუხე მიუთითებს საქონლის ფარულ ნაკლზე, რომელიც დათესვის შემდეგ გამოვლინდა, რაც როგორც უკვე აღინიშნა საჭიროებდა შესაბამისი მტკიცებულებით (ექსპერტიზის დასკვნა) დადასტურებას. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, მიწოდებული საქონლის უხარისხობის მოტივით მიწოდებული საქონლის ღირებულების შემცირების წინაპირობები არ იკვეთება, მითუმეტეს, რომ მოპასუხეს დამაჯერებელი მტკიცება მის მიერ მოსარჩელის მიმართ ამ უფლების გამოყენების შესახებ არ შემოუთავაზებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობად და, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ დაადასტურა დ. ლ-ისთვის 51 965 აშშ დოლარის ღირებულების 54 700 კგ ხორბლის სათესლე მასალის მიწოდების ფაქტი, მოპასუხემ კი, ვერ დაამტკიცა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, მუხლებით გათვალისწინებულ ნორმებზე მითითებით, სწორად მიიჩნია სარჩელი საფუძვლიანად და სწორად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 14 611.83 აშშ დოლარის (დარჩენილი დავალიანების) ეკვივალენტის ლარებში გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 123 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ლ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო განჩინებაში უთითებს, რომ „მხარეთა შორის სადავო ხდება მიწოდებული ხორბლის, სათესლე მასალის ოდენობა, შესაბამისად, დავის სწორად გადასაწყვეტად, განმსაზღვრელია მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული ხორბლის, სათესლე მასალის ოდენობის დადგენა“, რაც არცერთ ინსტანციას არ დაუდგენია, რადგან აღნიშნულზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო სახის მტკიცებულება. სააპელაციო საჩივრის არსებითი პრეტენზიაც სწორედ მოწოდებული ხორბლის ოდენობის დადგენის შეუძლებლობა მოსარჩელის მიერ წამრმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რისი მტკიცების ტვირთიც, გაუგებარი მიზეზების გამო, კანონსეუსაბამოდ, სასამართლომ სწორედ დ. ლ-ს დააკისრა. შესაბამისად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნები, რაც გახდა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
კასატორის აზრით, სასამართლომ სასაქონლო ზედდებულების თაობაზე ვრცელი მსჯელობისას, არასწორად გამოიყენა და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 341.2-ე მუხლზე. ასევე, არასწორად შეაფასა დ. ლ-ის პოზიცია მასზე, რომ თითქოს იგი ხორბლის უხარისხობის გამო არ იხდიდა თანხას. არ არსებობს რაიმე მსჯელობა მასზე, რომ ზედდებულების ნომრები, რაოდენობა და თანხები გადასწორებულიია და ანულირებულია თვით ექსპერტიზის დასკვნაც კი.
კასატორის აზრით, სასამართლოს ასევე არ უნდა გამოეყენებინა ფინანსთა მინისტრის №86-ე ბრძანება, რადგან ის დავის სწორად განსაზღვრისთვის ვერ გამოდგებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1300.80 ლარის) 70% – 910.56 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 31 იანვარს №3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1300.80 ლარი) 70% – 910.56 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე