Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-484-458-2014 23 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. და თ. მ-ები (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. და თ. მ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „გ-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების – ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. და თ. მ-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ ლ. და თ. მ-ების საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს ლალი და თამარ მამუკაშვილებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და თითოეულ კასატორს დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.

ზემოხსენებული განჩინება კასატორების წარმომადგენელ დ. კ-ს (რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია მე-2 ტომის ს.ფ. 47-48 გვერდებზე წარმოდგენილი მინდობილობებით) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქ.№16-ში. ნიშანდობლივია, რომ საკასაციო საჩივარსა და სასარჩელო განცხადებაშიც აღნიშნული მისამართი მითითებული იყო ლ. და თ. მ-ების საცხოვრებელ ადგილადაც. სასამართლო გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. სასამართლო კურიერის მიერ 2014 წლის 5 ივნისს შედგენილი აქტით დასტურდება, რომ იგი გზავნილი ჩასაბარებლად მითითებულ მისამართზე ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ადრესატი ადგილზე არ დახვდა. იგი მობილური სატელეფონო კავშირის მეშვეობით ესაუბრა დ. კ-ს, რომელმაც განუმარტა, რომ თავად გამოცხადდებოდა სასამართლოში გზავნილის ჩასაბარებლად, რაც მას არ განუხორციელებია.

საკასაციო პალატამ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მხარეს განმეორებითაც გაუგზავნა 2014 წლის 12 ივნისს, რა დროსაც გზავნილი 2014 წლის 13 ივნისს ჩაიბარა ოფისის დაცვის წევრმა – გ. წ-მა დ. კ-ისათვის გადასაცემად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო გზავნილი კასატორთათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს და ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2014 წლის 13 ივნისიდან შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. 73-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

მითითებული ნორმების სამართლებრივი ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ თუ მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო გზავნილი მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა და სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით არ ჩაბარდა, სასამართლო უფლებამოსილია, მიიჩნიოს, რომ მხარეს გზავნილი ჩაბარდა ხელმეორედ აღნიშნული გზავნილის მხარის ან მისი წარმომადგენლის მისამართზე მიტანის მომენტში.

მოცემულ შემთხვევაში ლ. და თ. მ-ების წარმომადგენელს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ ორჯერ უშედეგოდ გაეგზავნა, მეტიც, სასამართლოს კურიერი გზავნილის გადაცემის მიზნით ტელეფონით პირადად ესაუბრა დ კ-ს, რაც მოწმობს, რომ ამ უკანასკნელისათვის ცნობილი იყო მისთვის სასამართლო გზავნილის გაგზავნის თაობაზე. დ.კ-ისათვის გადასაცემად განჩინების ასლი გადაეცა მის მიერ მითითებულ მისამართზე მყოფ დაცვის თანამშრომელსაც. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ კასატორს ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა მისთვის აღნიშნულის თაობაზე განჩინების ჩაბარების მომენტიდან – 2014 წლის 13 ივნისიდან 7 დღის განმავლობაში – 20 ივნისის ჩათვლით.

აღნიშნულის მიუხედავად, კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში კასატორს დაუდგინდა ხარვეზი, მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად და კასატორს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, შეესრულებინა სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედებანი, რაც მას საკასაციო პალატისათვის უცნობი მიზეზით არ განუხორციელებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. და თ. მ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე