№ას-508-481-2014 30 ივნისი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –შპს „ს-ო“
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ფ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით:
1. ს. ფ-ას სარჩელი შპს „ს-ს“ მიმართ 38400 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა შპს „ს-ს“ (ს/კ...... ) კუთვნილ 100% წილს შპს „დ-ში (ს/კ .....) და შპს „ს-ს“ წილს ამხანაგობა „ს.-ა-ში“.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ფ-ამ და მოითხოვა საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის განჩინებით შპს „ს-ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გააჩივრა შპს „ს-მ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით შპს „ს-ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
2014 წლის 9 ივნისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გადახდის გადავადება.
2014 წლის 16 ივისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
2014 წლის 24 ივნისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მაისის განჩინებით შპს „ს-ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. 2014 წლის 9 ივნისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გადახდის გადავადება. უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 ივისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით. 2014 წლის 24 ივნისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება წინასწარ გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის შუამდგომლობა არ არის დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც მის გადახდისუუნარობასა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების მოთხოვნას დაასაბუთებდა. აქედან გამომდინარე, კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, კასატორი არ მოითხოვს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 368.7-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გაუგრძელოს მას ხარვეზის შევსების ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს-ს“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ს-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე