ბს-71-53-კ-05 14 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 4 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში “ს.-ის” მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 39262 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 13 ივნისის ¹370 ბრძანებულებით ფინანსთა სამინისტროს დაევალა ელექტრობაზრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სასტარტო პირობების შექმნის მიზნით, ელექტრობაზრისათვის საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან ერთი წლის ვადით 100000 ლარის გამოყოფა.
აღნიშნულის შესაბამისად, 1999წ. 21 ივნისს ფინანსთა სამინისტროსა და “ს.-ს” შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოეყო 10000 ლარი და სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა ერთი წლით, მსესხებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან. ამასთან, ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელს კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი, სესხის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით წლიურზე გადაანგარიშებით, ხოლო 4.2.2 პუნქტის მიხედვით, ამავე ხელშეკრულების 1.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს დაეკისრებოდა საურავი სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად ფინანსთა სამინისტროს არაერთი წერილობითი მითითებისა, “ს.-მ” არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, 2003წ. 5 დეკემბრის მდგომარეობით “ს.-ის” დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტისადმი შეადგენს 39262 ლარს, მათ შორის: ძირითადი თანხა _ 10000 ლარი, პროცენტი _ 1200 ლარი, ხოლო საურავი _ 28062 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 5 თებერვლის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ ცნო მოპასუხემ _ “ს.-მ” და შეპასუხებით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
შეპასუხების ავტორის განმარტებით, სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 1 წლით, თანხის _ 100000 ლარის მსესხებლის ანგარიშზე ჩარიცხვის დღიდან და დავალიანების დაფარვა უნდა დაიწყოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის, ერთი წლის, გასვლის შემდეგ. ამასთან, “ს.-ს” გამოეყო მხოლოდ 10000 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 100000 ლარისა, რის გამოც შეპასუხების ავტორის მითითებით, ჩასარიცხი დარჩა 90000 ლარი და სესხის დაფარვა უნდა დაიწყოს მთლიანი თანხის _ 100000 ლარის ჩარიცხვიდან ერთი წლის შემდეგ.
გარდა ამისა, ხელშეკრულების 5.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა მხარეთა მიერ ვალდებულებების შესრულება, რის გამოც შეპასუხების ავტორის აზრით, ფინანსთა სამინისტრომ სრულად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და მთლიანად გადარიცხოს თანხა მსესხებლის ანგარიშზე, რის შედეგადაც ერთი წლის გასვლის შემდეგ დადგება მსესხებლისათვის ვალდებულების შესრულების ვადა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისათვის უკვე გამოყოფილ 10000 ლარს, შეპასუხების ავტორმა განმარტა, რომ 1999წ. დეკემბერში “ს-მ” 10551 ლარი გადასცა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დასაფინანსებლად, რაც უნდა განხორციელებულიყო ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან. აღნიშნულის შესაბამისად, “ს.-მ” 2000წ. 18 თებერვალს ¹1/155 წერილით მიმართა ფინანსთა მინისტრს სესხის სახით მიღებული 10000 ლარის გადახდილად ჩათვლის თხოვნით. ფინანსთა სამინისტრომ 2000წ. 17 მაისის ¹08/03-08-278/2229 წერილით აცნობა “ს.-ს”, რომ წინა წლების საბიუჯეტო დავალიანებების გაწერა მოხდებოდა 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ დავალიანების არსებობის გამო, მოხდებოდა “ს.-ს”, ფინანსთა სამინისტროსა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის ურთიერთანგარიშსწორებათა უნაღდო ანგარიშსწორების წესით დაფარვის საკითხის გადაწყვეტაც.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, “ს.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრომ “ს.-ს” გადაურიცხა მხოლოდ 10000 ლარი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს მითითება ხელშეკრულების პირობებზე და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი და რეალური ხასიათის და მხოლოდ შეთანხმება, სესხის საგნის გადაცემის გარეშე, ხელშეკრულების დადებას არ ნიშნავს. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 13 ივნისის ¹370 ბრძანებულებით ფინანსთა სამინისტროს დაევალა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისათვის 1 წლის ვადით კრედიტის გამოყოფა, სკ-ის 623-ე მუხლის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, მოპასუხისაგან მოითხოვოს გაცემული სესხი, კერძოდ, აღნიშნული მუხლით მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიერ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსათვის 10551 ლარის გადაცემის გამო, სკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ მითითებული თანხის გაქვითვის შესახებ და განმარტა, რომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 1999წ. 20 დეკემბრისა და 2000წ. 21 იანვრის წერილების თანახმად, სამინისტრომ აიღო ვალდებულება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისათვის თანხის დაბრუნების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტრომ და “ს.-მ”.
ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, პროცენტისა და საურავის გადახდის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ აღიარა ფინანსთა სამინისტროსადმი “ს.-ის” ვალდებულება გაცემული თანხის დაბრუნების შესახებ, ვალდებულების არსებობა კი გულისხმობს მის ჯეროვან შესრულებას, თანახმად სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილისა. საბითუმო ბაზარმა ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, რაც, კასატორის აზრით, ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის კანონიერებას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სამართლომ არ მიუთითა პროცენტისა და საურავის გადახდის დაუკმაყოფილებლობის სამართლებრივ საფუძველზე, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იურიდიულად დაუსაბუთებელი და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შუძლებელია.
“ს.-მ” კი საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასატორის მითითებით, ფინანსთა სამინისტრომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, ვინაიდან “ს.-ს” 100000 ლარის ნაცვლად, გადაურიცხა 10000 ლარი და ვინაიდან სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხასიათისაა, მხარეებს შორის 1999წ. 21 ივნისს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხოლოდ სესხის შეპირებას. ამდენად, კასატორის მითითებით, ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, რაც “ს.-ს” აძლევს უფლებას, უარი თქვას არსებულ გარიგებაზე, თუმცა უკვე მიღებული თანხა უნდა იქნეს დაბრუნებული, მაგრამ, კასატორის განმარტებით, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გადაცემით თანხა გადახდილ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის გამოც, კასატორის მითითებით, ფინანსთა სამინისტროს მიმართ მას ვალდებულება არ აკისრია.
კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ის 373-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, “ს.-ს” სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსათვის 10551 ლარის გადახდით, ვალდებულება შესრულებული აქვს, მართალია, არაუფლებამოსილი პირის მიმართ, მაგრამ აღნიშნულისაგან კრედიტორმა მიიღო სარგებელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კავშირ (ასოციაცია) “ს.-ს” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება კავშირ (ასოციაცია) “ს.-სათვის” პროცენტისა და საურავის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას პროცენტისა და საურავის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათ სასარგებლოდ (ასოციაცია) “ს.-სათვის” პროცენტის სახით 1200 ლარის, ხოლო საურავის სახით 28062 ლარის დაკისრებას, რაც, საკასაციო პალატის აზრით, გაზიარებულ უნდა იქნეს ნაწილობრივ. კავშირი (ასოციაცია) “ს.-ი” კი, საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის ამოქმედებისა და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბების ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 13 ივნისის ¹370 ბრძანებულების მე-3 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დაევალა ელექტრობაზრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სასტარტო პირობების შექმნის მიზნით, ელექტრობაზრისათვის საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან სესხის სახით 100000 ლარის გამოყოფა ერთი წლის ვადით. აღნიშნულის შესაბამისად კი, 1999წ. 21 ივნისს ფინანსთა სამინისტროსა და კავშირ (ასოციაცია) “ს.-ს” შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ფინანსთა სამინისტრომ იკისრა ვალდებულება “ს.-სათვის” 100000 ლარის გამოყოფის შესახებ. სააპელაციო პალატამ ასევე დადასტურებულად ცნო, რომ ფინანსთა სამინისტრომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა მხოლოდ ნაწილობრივ და “ს.-ს”, ნაცვლად 100000 ლარისა, გადაურიცხა 10000 ლარი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სესხის ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნებით არის ცალმხრივი და რეალური, რის გამოც მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების საგნის გადაცემა და ამ მომენტიდან ითვლება იგი დადებულად, თუმცა საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ხელშეკრულების პირობებზე მითითების უსაფუძვლობის შესახებ იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტრომ სრულად არ გადასცა მსესხებელს თანხა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამსესხებლის, ფინანსთა სამინისტროს მიერ მსესხებლისათვის _ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის, 10000 ლარის, გადაცემით ხელშეკრულება, მისი სამართლებრივი ხასიათიდან გამომდინარე, მითითებული თანხის ნაწილში ითვლება დადებულად და წარმოშობს მხარეთა ვალდებულებებს, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ მოუთხოვიათ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მოსაზრებას მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სესხის შეპირებად მიჩნევის შესახებ და განმარტავს, რომ სესხის შეპირებად მიჩნეულ უნდა იქნეს 1999წ. ხელშეკრულება არა მთლიანად _ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 100000 ლარის, არამედ მხოლოდ 90000 ლარის ნაწილში, რომელიც არ იქნა გადარიცხული მსესხებლისათვის. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება, რომლის საგანს შეადგენს 10000 ლარი და მხარეები ვალდებული არიან შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, სკ-ის 623-ე მუხლის შესაბამისად, “გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”. დადგენილია, რომ ფინანსთა სამინისტრომ მსესხებელს გადასცა სესხის სახით 10000 ლარი, 1999წ. ხელშეკრულების 2.1 პუნქტით ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი, ხოლო ხელშეკრულების 2.5 პუნქტით, მსესხებელს ვალი უნდა დაეფარა სესხის გაცემის დღიდან 1 წლის შემდეგ, მაგრამ “ს.-მ” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა თანხის დაბრუნების შესახებ საფუძვლიანია და “ს.-ს” მართებულად დააკისრა სააპელაციო სასამართლომ სესხის 10000 ლარის გადახდა ფინანსთა სამინისტროსათვის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ “ს.-ი” სადავოდ არ ხდის თანხის დაბრუნების მოთხოვნის კანონიერებას. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს გარკვეულ წინააღმდეგობას, რადგან სააპელაციო პალატამ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება დადებულად არ მიიჩნია, არ უარყო, რომ ფინანსთა სამინისტროს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისაგან, მის მიერ 1999წ. 21 ივნისს სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხის (10000 ლარის) უკან დაბრუნება და ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა სკ-ის 623-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა ვალდებულებებს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნას ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვნად შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტისა და საურავის გადახდის შესახებ, საკასაციო პალატა იზიარებს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატის განჩინება პროცენტისა და საურავის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლოს არ იმსჯელა მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობაზე, სასამართლომ არ მიუთითა თუ რა მოტივით უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი და სააპელაციო პალატამ გვერდი აუარა ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობას, სახელდობრ, რამდენად კანონიერი იყო საპროცენტო განაკვეთისა და საურავის ანაზღაურებაზე ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა, რის გამოც, საკასაციო პალატის აზრით, სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს და ეს გარემოებები უნდა გახდეს მსჯელობის საგანი საქმის ხელახალი განხილვის დროს.
რაც შეეხება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მითითებას, სკ-ის 373-ე მუხლის შესაბამისად, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროსათვის 10551 ლარის გადაცემით, მის მიერ ვალდებულების შესრულების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნულს ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ ამ მიმართებით სწორია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მას მთლიანად ეთანხმება.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კავშირ (ასოციაცია) “ს.-ს” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას, ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთისა და საურავის გადახდაზე ფინანსთა სამინისტროსათვის უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრისათვის 10000 ლარის გადახდის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 38-ე მუხლის “ზ” პუნქტით, 39-ე, 257-ე, 412-ე მუხლებით პალატამ და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. კავშირ (ასოციაცია) “ს.-ს” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთისა და საურავის გადახდაზე ფინანსთა სამინისტროსათვის უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
4. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სესხის, 10000 ლარის ოდენობით, ფინანსთა სამინისტროსათვის დაბრუნების შესახებ, დარჩეს უცვლელად;
5. კავშირ (ასოციაცია) “ს.-ს” საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 400 ლარის, გადახდა;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.