საქმე №ას-568-539-2014 9 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს........... ჯ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა........... ც-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა............ ც-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.............. ჯ-ის“ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა............. ც-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 62098,25 ლარის ანაზღაურება, ასევე 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად გადაუხდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს............. ჯ-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობა და მიაჩნია, რომ შპს „ს............. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით შპს „ს........... ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი წარდგენილია კანონდარღვევით, კერძოდ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 27 მარტის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი ი. ჩ-ა, რომლის უფლებამოსილება, მარწმუნებლის სახელით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, წარმოდგენილია საქმის მასალებში (ტომი მე-2, ს.ფ. 70).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 16 აპრილი, 30-ე დღე – 26 აპრილი. შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სააპელაციო პალატისათვის უნდა მიემართა 2014 წლის 16-დან 26 აპრილის ჩათვლით, რაც მათ არ განუხორციელებიათ.
შპს „ს............... ჯ-მა“ განჩინების ასლი ჩაიბარა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის შემდგომ, 2014 წლის 28 აპრილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა კასატორისათვის დაიწყო გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2014 წლის 26 აპრილს და ამოიწურა 2014 წლის 16 მაისს. შპს „ს................. ჯ-მა“ კი, საკასაციო საჩივარი წარადგინეს 2014 წლის 19 მაისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულისათვის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.
რაც შეეხება კასატორის მიერ 2014 წლის 19 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილ სახელმწიფო ბაჟს – 4552,70 ლარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პირობებში, აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს შპს „ს............. ჯ-ს“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს........... ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ს......... ჯ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2014 წლის 19 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 4552,70 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ბ. ალავიძე