Facebook Twitter
#as-660-619-2010

№ას-605-573-2014 18 ივნისი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

1. ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. თ. ლ-ს და ნ. კ-ს შორის, 2012 წლის 16 თებერვალს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმების №6 პუნქტში პირგასამტეხლოს ოდენობა 0,3%-დან შემცირდა 0,06%-მდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

2014 წლის 10 ივნისს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორ ნ. კ-ის წარმომადგენელმა ლ. თ-მა და მიუთითა, რომ იხმობს კასაციას. ამავე წლის 18 ივნისს კასატორმა ნ. კ-მა დააზუსტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.

საკასაციო სასამართლო გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია ნ. კ-ის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების სტადიაზე წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი. ამდენად, ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.

წარმოდგენილი განცხადებით კასატორი შუამდგომლობს ასევე მის მიერ პირველი ინსტანციისა და უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა უარი თქვა საკასაციო საჩივარზე და არა სარჩელზე. ასეთ შემთხვევაში, კასატორს შეიძლება სრულად დაუბრუნდეს ის სახელმწიფო ბაჟი, რაც მან საკასაციო საჩივარზე გადაიხადა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, ამიტომ კასატორის მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე უსაფუძვლოა. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას, ეს მოთხოვნაც უსაფუძვლოა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ქვემდგომ ინსტანციებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება გამორიცხულია ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ პირი უარს იტყვის სარჩელზე სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე-285-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პ. ქათამაძე