საქმე №ას-836-794-2013 2 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. კ-ე, დ. მ-ე, გ. ქ-ე, მ. დ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. კ-მ, დ. მ-მ, გ. ქ-მ და მ. დ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიმართ და მოითხოვეს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება ვ. კ-ისათვის 15600 ლარის, ხოლო დანარჩენთა მიმართ თითოეულისათვის 12000 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით:
ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული „ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის“ თანამშრომელთა ჯგუფმა (ვ. კ-ე, დ. მ-ე, გ. ქ-ე, მ. დ-ე) მონაწილეობა მიიღო სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვალის №85 დადგენილების საფუძველზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.
მოსარჩელეებმა წარადგინეს პროექტი „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლთა მიხედვით“. 2012 წლის 21 თებერვალს აღნიშნული პროექტი გამოცხადდა გამარჯვებულად, რის საფუძველზეც 2012 წლის 25 აპრილს გაფორმდა №10/24 საგრანტო ხელშეკრულება. „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების 5.4. პუნქტის თანახმად, პროექტს უნდა ყოლოდა თანადამფინანსებელი, რომლის მონაწილეობა გამოიხატებოდა ფულადი შენატანის სახით ფონდიდან მოთხოვნილი თანხის არანაკლებ 15%-ის ოდენობით.
2012 წლის 25 აპრილს გაფორმებული №10/24 ხელშეკრულებით მოპასუხემ, როგორც თანადამფინანსებელმა ვალდებულება იკისრა, პროექტის მიზნობრივ ანგარიშზე 24 თვის მანძილზე გადაერიცხა თანხა 10 484 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულებულა, რის საფუძველზეც სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით შეწყდა 2012 წლის 25 აპრილს გაფორმებული №10/24 საგრანტო ხელშეკრულება.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კი, მოსარჩელეები მიიღებდნენ შემოსავალს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შეიცვალა მისი პირობები და მკვეთრად გაუარესდა სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხის“ მდგომარეობა, ვინაიდან მას მოთხოვეს დამატებითი შესრულების განხორციელება, კერძოდ, სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმებისათვის სცენარის დაწერა, გადაღება და გადაღებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა, რაც არ შედიოდა მის ვალდებულებაში და მოითხოვდა დამატებით საკმაოდ სოლიდური ხარჯების გაწევას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2012 წლის 25 აპრილს „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილების, „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2011 წლის კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის პროგრამის, პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადების ფორმის და საპროექტო წინადადებების ფორმის დამტკიცების შესახებ“ სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორის 2011 წლის 11 მარტის №14 ბრძანებისა და სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ სამეცნიერო საბჭოს 2012 წლის 21 თებერვლის №07 სხდომის ოქმის საფუძველზე, ერთი მხრივ, სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს“, როგორც გრანტის გამცემს, მეორე მხრივ, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც წამყვან ორგანიზაციას და „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლთა მიხედვით“ პროექტის ხელმძღვანელ ვ. კ-ს, პროექტის ძირითად პერსონალს დ. მ-ს, გ. ქ-ს, მ. დ-ს, როგორც გრანტის მიმღები და, მესამე მხრივ, სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხს, როგორც თანადამფინანსებელს შორის გაფორმდა №10/24 საგრანტო ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2011 წლის კონკურსის გამარჯვებული პროექტის – „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლთა მიხედვით“ წარდგენის საგრანტო დაფინანსება და გრანტის მიმღების მიერ პროექტითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. პროექტის სრული დაფინანსება შეადგენდა 80 384 ლარს, მათ შორის, გრანტის გამცემისაგან მოთხოვნილი თანხა – 69 484 ლარს, ხოლო თანადამფინანსებლისაგან მოთხოვნილი თანხა – 10 484 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ 2012 წლის 25 აპრილის №10-24 ხელშეკრულებაზე და ხელშეკრულების დანართებზე, რომლებშიც მკაფიოდაა გაწერილი თანადამფინანსებლის (სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“) სახელშეკრულებო ვალდებულების შინაარსი, რაც თანადაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვასთან ერთად მოიცავს პროექტის ავტორთა (ვ.კ-ე, თ. დ-ი, გ. ქ-ე, დ. მ-ე) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ძეგლების შესახებ, დაახლოებით, ოცამდე სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების შექმნას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“, როგორც თანადამფინანსებლის სახით, ხელშეკრულებაში მონაწილე მხარის სახელშეკრულებო ვალდებულება ამოიწურებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანადაფინანსებით – 10 484 ლარის გადარიცხვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 25 აპრილის №10-24 ხელშეკრულება დანართებთან ერთად (რომელიც მოიცავდა თავად ხელშეკრულების ძირითად ნაწილს, სამოქმედო გეგმას ამოცანების ჩამონათვალის, პერიოდებისა და შემსრულებლის მითითებით, პროექტების სანგარიშო პერიოდებში ჩასატარებელ სამუშაოს მოსალოდნელი შედეგების თვლადი ინდიკატორების ეტაპების მიხედვით და პროექტის ბიუჯეტის ცხრილებს) აკინძული, დედნის სახით, დათვალიერდა სასამართლოს მიერ და შედარებულ იქნა საქმეში არსებულ ასლთან. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დანართები წარმოადგენდა თვით ამ ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს და მათზე, როგორც ცალკე არსებულ და განყენებული ვალდებულების შემცველ დოკუმენტებზე მითითება დაუსაბუთებელი და ალოგიკურია.
ამასთან, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ე. ბ-ის ჩვენებით პალატამ დაადგინა, რომ ხელშეკრულების პროექტი და მისი დანართები, მათ შორის, სამოქმედო გეგმა გადაგზავნილ იქნა სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელთან“ (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი). იმავეს ადასტურებს აპელანტის ინიციატივით, მოწმის სახით დაკითხული ა. კ-ი, რომლის ჩვენებით ხელშეკრულება დანართებთან ერთად მიიღო შიდა საკანცელარიო ბრუნვის შედეგად (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, 11:01 სთ.).
ამდენად, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დანართები წარმოადგენდა თავად ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შესაბამისად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ძეგლების შესახებ სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების შექმნა 2012 წლის 25 აპრილის №10-24 ხელშეკრულებით წარმოადგენდა სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვალდებულებას ისევე, როგორც თანადაფინანსების განხორციელების ვალდებულება.
„საქართველოს ილუსტრირებული ისტორია ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლთა მიხედვით“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მოსარჩელე ვ. კ-ე მიიღებდა შემოსავალს 15 600 ლარის, დ. მ-ე – 12 000 ლარის, გ. ქ-ე – 12 000 ლარის, ხოლო მ. დ-ე – 12 000 ლარის ოდენობით.
სსიპ „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალური დირექტორის 2012 წლის 18 სექტემბრის №52 ბრძანებით, თანადამფინანსებლის – სსიპ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით შეწყდა 2012 წლის 25 აპრილს გაფორმებული №10/24 საგრანტო ხელშეკრულება.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2012 წლის 7 დეკემბრის №79927 მიწერილობით პალატამ დაადგინა, რომ პროექტის თანადამფინანსებლის მიერ ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის გამო ვერ ხერხდებოდა პროექტის სრულყოფილად დასრულება - საბოლოო, პროდუქტის დადება და იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ აღნიშნული კომპონენტი წარმოადგენდა პროექტის პროგრამულ ნაწილს, რაც გახდა ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში – პროექტი გამოვლენილიყო გამარჯვებულად, ამიტომ ფონდის სამეცნიერო საბჭომ უარი თქვა წარმოდგენილიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების ლიტერატურული სცენარები, ფილმების გადაღების გარეშე.
პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმება, რასაც, თავის მხრივ, საფუძვლად უდევს მასში მონაწილე მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენა, ყოველ მხარეს აკისრებს ვალდებულებას და ანიჭებს ვალდებულების სანაცვლო შესრულების მიღების უფლებასაც. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე ვ. კ-მ ვერ მიიღო შემოსავალი 15 600 ლარის ოდენობით, დ. მ-მ – 12 000 ლარის, გ. ქ-მ – 12 000 ლარის, ხოლო მ. დ-მ – 12 000 ლარის ოდენობით.
სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმების შექმნაზე სათანადო უფლებამოსილების არქონასთან მიმართებით აპელანტის პოზიცია სასამართლომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა, რადგან, როგორც ეს წინამდებარე საქმის მასალებითაა დადგენილი სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ იკისრა ამგვარი ვალდებულებლის შესრულება, ხოლო ის გარემოება, თუ კანონმდებლობით რამდენად გააჩნდა მას აღნიშნული ვალდებულების აღების უფლებამოსილება, წარმოადგენდა მისივე შეფასების საგანს და იმ ვითარებაში, როდესაც აპელანტმა ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება და აღნიშნული ხელშეკრულება ნამდვილია, მითითებული გარემოება ვერ გახდება ზიანის მოთხოვნის დამაბრკოლებელი გარემოება.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 427-ე, 394-ე და 411-ე მუხლები, რის შედეგადაც მიიჩნია, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით ვ. კ-მ ვერ მიიღო შემოსავალი 15 600 ლარის ოდენობით, დ. მ-მ – 12 000 ლარის ოდენობით, გ. ქ-მ – 12 000 ლარის ოდენობით, მ. დ-მ კი – 12 000 ლარის ოდენობით. ამდენად, არსებობს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელიც მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია სსიპ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობასთან.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ზიანის ოდენობა საქმის პირველი ინსტანციის განხილვის პროცესში, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელეთა მიერ მითითებული ზიანის ოდენობა სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულება კასატორის ვალდებულებას არ წარმოადგენდა და იგი პროექტში მონაწილეობდა მხოლოდ თანადამფინანსებელი და არა თანამონაწილე ან სხვა სტატუსის მქონე პირის სახით.
წინააღმდეგობრივია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ დოკუმენტური ფილმის გადაღება კასატორს ევალებოდა.
სასამართლომ 2012 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება სათანადოდ არ შეისწავლა და არ დაადგინა, რა იყო საგრანტო ხელშეკრულების საგანი, არსებითი პირობები და ის ფაქტი, რა სახის ვალდებულებები გააჩნდა კასატორს.
ფილმის გადაღების თაობაზე მხარეთა შორის რაიმე შეთანხმება არ დადებულა, ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულების დანართს, იგი შედგა ცალმხრივად და მხარეთა ხელმოწერებით არ დადასტურებულა.
სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის დაცვით მართლზომიერად განაცხადა უარი ხელშეკრულებაზე, რადგან მას დააკისრეს ისეთი ვალდებულება, რაც სოლიდურ და არამიზნობრივ ხარჯებს მოითხოვდა.
თუ სასამართლო კასატორის მიერ საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერით დაადგენდა კასატორის ვალდებულებას ფილმის გადაღების შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის ძალით, მას აღნიშნული გარიგება ბათილად უნდა ეცნო, რაც გამორიცხავდა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას.
ამასთან, მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს და არც საგრანტო ხელშეკრულებით არ ირკვევა, თუ რა ოდენობის ანაზღაურება უნდა მიეღოთ მათ გრანტის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 120-ე, 105-ე და 380-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილი, 54-ე მუხლი, 61-ე მუხლის პირველი ნაწილი, 327-ე და 398-ე მუხლები, „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტები, 2011 წლის 16 თებერვლის №85 მთავრობის დადგენილების მე-2 მუხლის „დ“ , „ვ“, „თ“, „ი“, „კ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის მეოთხე პუნქტი, მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლებიც უნდა გამოყენებინა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 411-ე და 427-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებლს“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 26 ივლისს №336052 საგადახდო დავალებით გადახდილი 2754,40 ლარის 70% – 1928,08 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 26 ივლისს №336052 საგადახდო დავალებით გადახდილი 2754,40 ლარის 70% – 1928,08 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე