საქმე №ას-880-838-2013 9 ივნისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ა. კ. ჯ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ-ი“, ინდივიდუალური მეწარმე რ. ბ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შეთანხმების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ინდივიდუალურმა მეწარმე რ. ბ-მა და შპს „ვ-მა“ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ა. კ. ჯ-ას“ მიმართ და მოითხოვეს ინდივიდუალურ მეწარმე „რ. ბ-სა“ და შპს „ა. კ. ჯ-ას“ შორის 2011 წლის 20 იანვარს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის ინდივიდუალურ მეწარმე „რ. ბ-ის“ სასარგებლოდ 36 540,34 ლარის, ხოლო შპს „ვ-ის“ სასარგებლოდ 20 145,87 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე შპს „ვ-სა“ და შპს „ა. კ. ჯ-ას“ შორის 2011 წლის 20 იანვარს დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
2010 წლის 10 დეკემბრისათვის რ. ბ-ს დაეკისრა საგადასახადო ვალდებულების შესრულება 71 923 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „ვ-ს“ – 36 030 ლარის ოდენობით.
2011 წლის 20 იანვრის შეთანხმებით, შპს „ა. კ. ჯ-ამ“ გამოხატა მზადყოფნა, ინდივიდუალური მეწარმე რ. ბ-სთვის 73 080,68 ლარის ოდენობით დავალიანებიდან გადაეხადა 36540,34 ლარი, ხოლო დავალიანების დარჩენილ ნაწილზე რ. ბ-მა უარი განაცხადა. ამავე დღეს შპს „ვ-თან“ გაფორმებული შეთანხმებით შპს „ა. კ. ჯ-ამ“ გამოხატა მზადყოფნა, შპს „ვ-სათვის“ 40 291,74 ლარის ოდენობით დავალიანებიდან გადაეხადა 20 145,87 ლარი, ხოლო დავალიანების დარჩენილი ნაწილის მოთხოვნაზე შპს „ვ-მ“ უარი განაცხადა.
შპს „ა. კ. ჯ-ამ“ შეიტყო რა მოსარჩელეთა მძიმე მდგომარეობის შესახებ, საგადასახადო ვალდებულების შესასრულებლად საჭირო თანხის მიღებასთან დაკავშირებით შპს „ვ-სა“ და რ. ბ-ს შესთავაზა, უარი ეთქვათ მის მიმართ არსებული დავალიანების ნახევარზე, რის სანაცვლოდაც დროულად გადაუხდიდა აღნიშნული დავალიანების დარჩენილ ნაწილს. ამდენად, 2011 წლის 20 იანვრის შეთანხმებები გაფორმდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთა მძიმე მდგომარეობით სარგებლობის შედეგად, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
შპს „ა. კ. ჯ-ამ“ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მხარეებმა თანასწორობისა და ნების თავისუფლების პირობებში არსებული კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, გააფორმეს სადავო გარიგებები და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მეწარმე რ. ბ-ისა და შპს „ვ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ვ-ისა“ და შპს „ა. კ. ჯ-ას“ შორის 2011 წლის 20 იანვარს დადებული ხელშეკრულება და შპს „ა. კ. ჯ-ას“ შპს „ვ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 20 145,87 ლარის გადახდა, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ მეწარმე „რ. ბ-სა“ და შპს „ა. კ. ჯ-ას“ შორის 2011 წლის 20 იანვარს დადებული ხელშეკრულება და შპს „ა. კ. ჯ-ას” ინდივიდუალურ მეწარმე „რ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 36540,34 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ა. კ. ჯ-ამ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს „ა. კ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებას და დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
2010 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შპს „ვ-ს“ წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა 31 642 ლარის ოდენობით, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმე რ. ბ-ს – 71 923 ლარის ოდენობით. მოსარჩელეებმა მიმართეს შპს „ა. კ. ჯ-ას“ და მოსთხოვეს მათ მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება.
2011 წლის 20 იანვარს შპს „ვ-ისა“ და შპს „ა. კ. ჯ-ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე შპს „ა. კ. ჯ-ამ“ აღიარა შპს „ვ-ის“ მიმართ 2011 წლის 17 იანვრისათვის არსებული დავალიანება – 40 291,74 ლარი, საიდანაც იკისრა 20145,74 ლარის გადახდა. ამავე შეთანხმებით, შპს „ვ-მა“ უარი განაცხადა დავალიანების დარჩენილი ნაწილის – 20 145,87 ლარის მოთხოვნის უფლებაზე.
2011 წლის 20 იანვარს ინდივიდუალურ მეწარმე რ. ბ-სა და შპს „ა. კ. ჯ-ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე შპს „ა. კ. ჯ-ამ“ აღიარა მოსარჩელის მიმართ 2011 წლის 17 იანვრისათვის არსებული დავალიანება 73 080,68 ლარის ოდენობით და იკისრა 36 540,34 ლარის გადახდა. ამავე შეთანხმებით, ინდივიდუალურ მეწარმე რ. ბ-მა უარი განაცხადა დავალიანების დარჩენილი ნაწილის – 36 540,34 ლარის მოთხოვნის უფლებაზე.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შპს „ა. კ. ჯ-ას“ პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, ამასთან, ხანდაზმულობის ვადის გასვლა კი არ აქარწყლებს მოთხოვნას, არამედ მოთხოვნას განუხორციელებლად აქცევს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს ხანდაზმულობის საკითხის გამოკვლევა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას სადავოდ ხდის მხარე. გარდა ამისა, სასარჩელო ხანდაზმულობის შედეგი პროცესუალური ხასიათის უფროა, ვიდრე მატერიალური, რადგან ხანდაზმულობა არის სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმა და თავისთავად მოთხოვნის გაქარწყლებას არ იწვევს. სასარჩელო ხანდაზმულობის შესახებ კანონმდებლობა ადგენს საშუალებას და არა უფლებას, ამასთან, ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი მხარის მითითების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. მხარე კი საპროცესო კანონმდებლობით შეზღუდულია მიუთითოს, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ ზემდგომ ინსტანციებში.
ამდენად მიჩნეულია, რომ ხანდაზმულობის საკითხის დაყენება შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მითითება პირველად სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციაში ისევე დაუშვებელია, როგორც ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე მითითება. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, შპს „ვ-ისა“ და ინდივიდუალურ მეწარმე რ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი მოპასუხე შპს „ა. კ. ჯ-ამ“ სადავოდ პირველად სააპელაციო საჩივრით გახადა. ასეც რომ არ ყოფილიყო, არ არსებობს სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საფუძველი. სასამართლოს განმარტებით, სადავო გარიგებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის სადავო შეთანხმებების დადების დროისთვის არსებული რედაქცია, რომელიც ხანდაზმულობის ერთწლიან ვადას არ ითვალისწინებდა და მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნათა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.
სადავო გარიგებების ნამდვილობის შეფასების მიზნით სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა მათი დადებისას მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მხრიდან 2011 წლის 20 იანვარს მოპასუხესთან დადებულ კაბალურ გარიგებაზე დათანხმება განპირობებული იყო იმ მძიმე მდგომარეობის ზეგავლენით, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს „ა. კ. ჯ-ას“ მხრიდან დრომოსული ვალდებულების შეუსრულებლობით და, მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დაუყონებლივ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულების გამო. შპს „ა. კ. ჯ-ია“ ინფორმირებული იყო მისი კრედიტორების ვალდებულებების თაობაზე, შეგნებულად ისარგებლა ამ გარემოებით და 2011 წლის 20 იანვრის შეთანხმებებით შეამცირა მათ მიმართ არსებული ვალდებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ამგვარი ვითარება მიჩნეულ უნდა იქნეს 2011 წლის 20 იანვრისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მძიმე მდგომარეობად, რაც 2011 წლის 20 იანვრის შეთანხმებების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ რამდენადაც გარიგებების დადების შეთავაზება მოსარჩელეების ინიციატივით განხორციელდა, სადავო ხელშეკრულებები არ შეიძლება ჩაითვალოს იძულებით დადებულად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული გარემოება შპს „ვ-სა“ და ინდივიდუალურ მეწარმე რ. ბ-ს არ დაუდასტურებიათ და მათ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში ზეპირი განხილვისას საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატეს. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) შეთავაზებულ იქნა მოსარჩელეების მიერ. ამდენად, აპელანტის შესაბამისი პრეტენზია მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ა. კ. ჯ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით.
ხანდაზმულობაზე პრეტენზია შეიძლება წარდგენილ იქნეს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, ვინაიდან მისი განსაზღვრა ფაქტების სამართლებრივი შეფასების შედეგია. ამასთან, არასწორია არსებულ მოთხოვნაზე 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელება, ვინაიდან დავის საგანია საცილოდ ბათილი გარიგება, რაზედაც პრეტენზია წარდგენილ უნდა ყოფილიყო კანონით განსაზღვრულ შეცილების ვადებში (79-ე, 84-ე და 89-ე მუხლები);
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის იმ რედაქციით, რომელიც კანონმდებელმა დრომოჭმულად ჩათვალა. სასამართლომ ბათილად ცნო თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში კომერციული ინტერესით დადებული გარიგება, რომლის დადებაც არ იყო განპირობებული აუცილებლობით და მხარეებს ჰქონდათ სხვა გზები თანხების მოსაძიებლად.
შპს „ა. კ. ჯ-ასათვის“ არ იყო ცნობილი მოსარჩელეების მძიმე მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, იგი ვერ ისარგებლებდა ამ გარემოებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სადავო შეთანხმებები სრულად არის ცნობილი ბათილად, მათ შორის ვალდებულების აღიარების ნაწილშიც. მიუხედავად ამისა, მოპასუხეს დაეკისრა თანხის სრულად გადახდა ისე, რომ არ ყოფილა გამოკვლეული დავალიანების რეალური ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. კ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
2010 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „ვ-ის“ წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა 31 642 ლარის ოდენობით.
2010 წლის 10 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ი/მ რ. ბ-ს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა 71 923 ლარის ოდენობით.
მოსარჩელეებმა მიმართეს შპს „ა. კ. ჯ-ას“ და მოითხოვეს მათ მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება.
2011 წლის 20 იანვარს შპს „ვ-ის“ და შპს „ა. კ. ჯ-ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე შპს „ა. კ. ჯ-ამ“ აღიარა მოსარჩელის მიმართ 2011 წლის 17 იანვრისათვის არსებული დავალიანება 40 291,74 ლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება გადაეხადა მისთვის 20 145,87 ლარი. ამავე შეთანხმებით, შპს „ვ-იმ“ უარი განაცხადა დავალიანების დარჩენილი ნაწილის – 20 145,87 ლარის მოთხოვნის უფლებაზე.
2011 წლის 20 იანვარს ი/მ რ. ბ-სა და შპს „ა. კ. ჯ-ას“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზე შპს „ა. კ. ჯ-ამ“ აღიარა მოსარჩელის მიმართ 2011 წლის 17 იანვრისათვის არსებული დავალიანება 73 080,68 ლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება გადაეხადა მისთვის 36 540,34 ლარი. ამავე შეთანხმებით, ი/მ რ. ბ-მა უარი განაცხადა დავალიანების დარჩენილი ნაწილის – 36 540,34 ლარის მოთხოვნის უფლებაზე.
მოსარჩელეთა მხრიდან 2011 წლის 20 იანვარს მოპასუხესთან დადებულ კაბალურ გარიგებაზე დათანხმება განპირობებული იყო იმ მძიმე მდგომარეობის ზეგავლენით, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს „ა. კ. ჯ-ას“ მხრიდან დრომოსული ვალდებულების შეუსრულებლობით და მეორეს მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დაუყოვნებლივ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულების გამო. თავის მხრივ, შპს „ა. კ. ჯ-ია“ ინფორმირებული იყო რა მისი კრედიტორების ვალდებულებების თაობაზე, შეგნებულად ისარგებლა ამ გარემოებით და 2011 წლის 20 იანვრის შეთანხმებებით, შეამცირა მათ მიმართ არსებული ვალდებულებები.
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:
უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო გარიგებების კანონიერების შემოწმებისას მართებულად გამოიყენა გარიგების დადების დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი, ვინაიდან მოცემული დავა ეხება მხარეებს შორის 2011 წლის 20 იანვარს, გარიგების დადების მიზნით, მხარეთა შორის გამოვლენილი ნების ნამდვილობას და არა გარიგების შემდგომ განვითარებულ ურთიერთობებს, როგორიცაა მაგალითად ვალდებულების შესრულება და ა.შ.
საკასაციო პალატა კასატორის ვერც იმ პოზიციას გაიზიარებს, რომლის თანახმადაც, ნორმის გამოყენებას გამორიცხავს 2012 წლის 8 მაისს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ახლებურად ჩამოყალიბდა 55-ე მუხლი. პალატის დასკვნა ამ შემთხვევაში ემყარება სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის რეგულაციას, რომლითაც დადგენილია, რომ ნორმატიულ აქტებს არა აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ახალი ნორმა აღარ ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით, ვერ იქნება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული შეჯიბრებითობის პრინციპი, პირველ რიგში გულისხმობს მხარეთა მიერ ფაქტების მითითების სრულ ავტონომიას, რაც შეეხება მათ დამტკიცებას, ეს ის ეტაპია, როდესაც მხარემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ყველა ელემენტის შესახებ და საქმე მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების არსებობა-არარსებობის დადგენას ეხება, რასთანაც ორგანულადაა დაკავშირებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ102.1 მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრებოდა როგორც ფაქტების მითითების, ისე მათი დამტკიცების ტვირთი. კერძოდ, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ: გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა; მოსარჩელე იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში; გარიგების მეორე მხარემ ისარგებლა მოსარჩელის მძიმე მდგომარეობით (გარიგების მხარეს შესთავაზა აშკარად არასამართლიანი პირობები); მოსარჩელის მძიმე მდგომარეობა გახდა გარიგების დადების მიზეზი, რაც ჩვეულებრივ შემთხვევაში არ დაიდებოდა.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ ემყარება სათანადო მტკიცებულებებს. კერძოდ, საქმეში, გარდა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ არის სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის მძიმე მდგომარეობით, ან მოსარჩელის მძიმე მდგომარეობა გახდა გარიგების დადების მიზეზი. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მხარის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად (იხ.სხდომის ოქმი 12.03.2013წ., 12:19:06 სთ.), მათ მიმართეს მოპასუხე კომპანიის დირექტორს ვადამოსული დავალიანების გადახდის მოთხოვნით, რაზეც დირექტორმა განუცხადა, რომ გადაიხდიდა დავალიანების 50%-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ თანხას ვერ დაფარავდა. იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო გარიგებების დადების პერიოდში თვით მოპასუხესაც ჰქონდა ფინანსური პრობლემები, წარდგენილ იქნა შესაგებელთან ერთად და მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, მოსარჩელეს, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები უნდა დაემტკიცებინა სათანადო მტკიცებულებებით, რაც სრულ შესაბამისობაშია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებთან (საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით), რაც არ იქნა შესრულებული მის მიერ.
სრულიად მართებულია კასატორის პრეტენზია, რომლის თანახმადაც, სადავო გარიგებების მთლიანად, და არა ნაწილობრივ ბათილად ცნობის პირობებში, სასამართლოს უნდა დაედგინა მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა და ისე მიეღო გადაწყვეტილება, რაც არ იქნა განხორციელებული. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილი სადავო გარიგებების შინაარსს, საიდანაც ირკვევა, რომ ერთის მხრივ შპს „ა. კ. ჯ-ამ“ მოსარჩელეთა წინაშე აღიარა დავალიანების არსებობა, კერძოდ, ი/მ რ. ბ-ის წინაშე 73 080,68 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „ვ-ის“ წინაშე 40 291,74 ლარის ოდენობით, საიდანაც შპს „ა. კ. ჯ-ამ“ იკისრა მითითებული თანხების ნაწილის (ნახევრის) გადახდის ვალდებულება. მეორეს მხრივ ი/მ რ. ბ-მა და შპს „ვ-იმ“ უარი განაცხადეს დავალიანების დარჩენილი ნაწილის მოთხოვნის უფლებაზე. მხარეთა შორის დავას არ იწვევს იმ ფაქტის არსებობა, რომ შპს „ა. კ. ჯ-ამ“ შეასრულა 2011 წლის 20 იანვრის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულება, ამდენად მოსარჩელის იურიდიული ინტერესი შეიძლება იყოს გარიგების იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელემ უარი თქვა მოთხოვნაზე, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მხრიდან მოთხოვნაზე უარის თქმა განაპირობა მძიმე მდგომარეობამ, რომლითაც ისარგებლა მოპასუხემ და მხარეს თავს მოახვია მისთვის არახელსაყრელი გარიგების პირობები, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ა. კ. ჯ-ამ“ სასამართლოს წარმოუდგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ გადაწყვიტოს დავა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 2267,44 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე 2834,30 ლარი. შესაბამისად, ი/მ რ. ბ-ს და შპს „ვ-ს“ შპს „ა. კ. ჯ-ას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა თითოეულის სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა. კ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ვ-ის“ და ი/მ რ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს „ვ-ი“-ს შპს „ა. კ. ჯ-ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1836,62 ლარის გადახდა.
5. ი/მ რ. ბ-ს შპს „ა. კ. ჯ-ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3265,11 ლარის გადახდა.
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე