Facebook Twitter

№ას-8-8-2014 16 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. დ-ო

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. დ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის – 9524.60 ლარის, 56183 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის – 10000ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 1999 წლიდან ცხოვრობს აშშ-ში. 2008 ივლისს ჩამოვიდა თბილისში და ცხოვრობდა კუთვნილ ბინაში მდებარე თბილისი, დ/დ, მე-... მ/რ, დ. თ-ის ქ. 24, ბინა 9-ში. 2008 წლის 17 სექტემბერს დაეჯახა მერსედესის მარკის ავტომანქანა სახ. №..., რომელსაც მართავდა მ. ა-ე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით, მართვის მოწმობის გარეშე, რის შედეგადაც მიიღო სხვადასხვა დაზიანებები - ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, გულმკერდის დაჟეჟილობა, მარჯვენა ქვედა კიდურის ბლაგვის ტრავმა და სხვ. დასჭირდა ხანგძლივი მკურნალობა თბილისში, ასევე გარკვეული პერიოდი აშშ-ში მკურნალობდა სტაციონალურად. თავდაპირველად მოპასუხემ გაიღო ხარჯები 900-950 ლარის ფარგლებში და შემდეგ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე. 2008 წლის 5 დეკემბერს დაინიშნა ექსპერტიზა. 2009 წლის 28 იანვრის დასკვნის შესაბამისად, მას მიადგა ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, გულმკერდის დაჟეჟილობა, მარჯვენა წვივის ტრამვული დაზიანება, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, დიდი ზომის კუნთშიდა ჰემატომა, წვივის მედიალური ზედაპირის ჭრილობა, წყლული, რაც შეფასდა დაზიანების მსუბუქ ხარისხად. 2009 წლის 11 თებერვალს შეწყდა სისხლის სამართლის საქმე კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, რაც მის მიერ გასაჩივრებულ იქნა კანონით დადგენილი წესით, ასევე მის მიერ წარდგენილ იქნა 2009 წლის 2 მარტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ მას მიადგა ნაკლებად მძიმე დაზიანება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 მარტის დადგენილებით გაუქმდა შეწყვეტის დადგენილება. 2009 წლის 16 სექტემბრის დასკვნის შესაბამისად, ნ. დ-ს მიმართ მიყენებული დაზიანებები განეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე ხარისხს. 2009 წლის 1 ოქტომბრის დადგენილებით იგი ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილების შესაბამისად, მან მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, თუმცა ამნისტიის გამო შეწყდა წინასწარი გამოძიება. მანვე განმარტა, რომ ჯანმრთელობა თანდანთან უმძიმებოდა და დაუდგინდა დიაგნოზი: მე-2 ხარისხის ლიმფოსტაზი, რის გამოც რამდენჯერმე ჩაუტარდა ტრავმულ არეზე რბილი ქსოვილების დაფხეკვა და განუვითარდა წყლულები. მოუწია ხანგძლივი მკურნალობა და გაიღო დიდი ხარჯები, რის გამოც მოუწია ბინის გაყიდვა და ცხოვრობდა ნაქირავებში. ამასთან, გაუარესდა მხედველობა (სჭირდებოდა +2 და ეხლა - +4). აღნიშნულის გამო ვერ მოახერხა ამერიკაში წასვლა, რის გამოც გაუუქმდა თვითმფრინავის ბილეთი და აიღო ახალი. საქართველოში მოუწია 8 თვისა და 2 კვირის განმავლობაში ყოფნა და აშშ-ში გაემგზავრა მხოლოდ 2009 წლის 8 აპრილს, რის გამოც დააჯარიმეს 361 ლარით. ამერიკაში უთხრეს რომ სჭირდებოდა ოპერაცია, მაგრამ დაზღვევის არქონის გამო ვერ გაიკეთა. 2009 წლის 15 აგვისტოს ოპერაცია გაიკეთა საქართველოში, ხოლო 2009 წლის 23 სექტემბერს დაბრუნდა ამერიკაში. 2011 წელს 11 აგვისტოს კვლავ დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ ექიმებმა კვლავ ვერ გადაწყვიტეს ოპერაციის გაკეთება. დღემდე აქვს ტკივილები. გასწია უამრავი ხარჯი, მათ შორის საქმისწარმოებასთან დაკავშირებით. მიადგა მორალური ზიანიც. 2012 წლის 17 ოქტომბერს ტკივილების გამო კვლად ჩაიტარა გამოკვლევები და სჭირდება ქირურგიული ჩარევა. მ. ა-ს გარდა მცირეოდენი დახმარებისა სხვა მონაწილეობა მის გამოჯანმრთელებაში არ მიუღია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან სრულად აანაზღაურა ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანი და შემდგომში მოსარჩელე რა სახის მკურნალობებს იტარებდა მისთვის უცნობია. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება რომ ჯანმრთელობა გაუუარესდა ავტოავარიის შემდეგ. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და ხარჯები მიზეზობრივ კავშირში არაა მის მიერ მიყენებულ დაზიანებასთან. პირიქით მოსარჩელე სწორედ სამკურნალოდ იყო ჩამოსული საქართველოში აშშ-ში დაზღვევის არქონის გამო და შესაძლებელია მისი ჯანმრთელობის გაუარესება სწორედ იმ დაზიანებებს მოჰყვა. სახლში გაწერის შემდეგ მას მოპასუხისთვის არ მოუმართავს. დავა მათ შორის დასრულებული იყო. ამასთან, მოპასუხე უთითებს, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული და მოსარჩელეს მხოლოდ ახლა გაახსენდა მიყენებული ზიანის შესახებ. ამასთან, მიუთითა ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაზე, რომელიც სასამართლოსათვის მიმართვის დროს იყო გასული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. დ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ნ. დ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. დ-ო არის აშშ-ს მოქალაქე, რომელმაც იქორწინა აშშ-ს მოქალაქე ს. დ-სთან, რა დროსაც ნ. გ-მა შეიცვალა გვარი და გახდა ნ. დ-ო.

2008 წლის 17 სექტემბერს, თბილისში, კ. ჩ-ის ქუჩაზე მოძრაობდა მერსედესის მარკის ავტომანქანა სახ. №...., რომელსაც "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, მართვის მოწმობის გარეშე მართავდა მძღოლი მ. ა-ე. მსვლელობისას, მან დაარღვია ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, ავარდა ბორდიურზე და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ნ. დ-ს.

თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2009 წლის 11 თებერვლის დადგენილებით ზემოაღნიშნულ ფაქტზე შეწყდა წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №9246/31 დასკვნის შესაბამისად, ნ. დ-მ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

წინასწარი გამოძიების შეწყვეტის 2009 წლის 11 თებერვლის დადგენილება 2009 წლის 12 თებერვალს გაეგზავნა ნ. დ-ს, რომელიც მან გაასაჩივრა 2009 წლის 4 მარტს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 მარტის დადგენილებით, წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2009 წლის 11 თებერვლის დადგენილება გაუქმდა, რადგან ნელი დილეოს მიერ წარდგენილ იქნა ექსპერტიზის №05/ც დასკვნა, რომელიც უთითებდა მისი დაზიანებების ნაკლებად მძიმე ხარისხზე და წინმსწრები სასამართლო-სამედიცინო დაკვნის არსებობის პირობებში აუცილებელი იყო კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

ნ. დ-მ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის გადაიხადა 500 ლარი.

კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №312/41 დასკვნის თანახმად, ნ. დ-ს მიმართ მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს. 2009 წლის 1 ოქტომბერს ნ. დ-ო ცნობილ იქნა დაზარალებულად.

ქ. თბილისში პროკურატურის შს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით "ამნისტიის შესახებ" საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე №008084839, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით შეწყდა წინასწარი გამოძიება.

მ. ა–ის ქონებრივი მდგომარეობის დასადგენად, მოსარჩელის მიერ გადახდილია 31 ლარი; საადვოკატო მომსახურებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ჯამში - 1600 ლარი; სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმნისთვის ჯამში - 240 ლარი; 2009 წლის 19 სექტემბერს გაკეთებული ქსეროასლებისთვის ჯამში - 29 ლარი და 60 თეთრი და 2012 წლის 19 ოქტომბერს გაკეთებული ქსეროასლებისთვის (სარჩელის დაბეჭდვა და ქსეროასლები) - 73 ლარი.

ნ. დ-მ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2012 წლის 19 ოქტომბერს.

პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. დ-ს მიერ გაწეული ხარჯები, კერძოდ: 1. თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება - 2047 ლარი; 2. საქართველოში მკურნალობისა და გამოკვლევევის, ოპერაციებისა და მედიკამენტების საფასური - 4603 ლარი; 3. აშშ-ში ფიზიოთერაპიული მკურნალობის ღირებულება - 3380 აშშ დოლარი; 4. აშშ-ში ექიმებთან ვიზიტის და გამოკვლევების ხარჯი - 400 აშშ დოლარი; 5. 2012 წლის 17 ოქტომბერს ჩატარებული გამოკვლევისათვის გადახდილი - 40 ლარი; 6. საემიგრაციო სამსახურის ჯარიმა - 361 ლარი - არ წარმოადგენდა მოპასუხე მ. ა-ის ბრალეული ქმედების შედეგს და არ დგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი ამგვარად გაწეულ ხარჯებსა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევით მიღებულ დაზიანებას შორის.

მოსარჩელისთვის მოპასუხისათვის მიყენებულ ზიანს არ წარმოადგენს 2008 წლის სექტემბრიდან - 2009 წლის აპრილამდე დაკარგული ხელფასი (24 კვირა) - 36303 აშშ დოლარი და საშუალო ხელფასი რომელიც დაკარგა სამკურნალოდ საქართველოში ჩამოსვლისთვის (27 კვირა) - 18700 აშშ დოლარი.

პალატამ მიიჩნია, რომ ნ. დ-ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მართალია ადასტურებს მის მიერ გარკვეული ხარჯების გაღებას, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში მთავარ საკითხს - რომ აღნიშნული ხარჯი გამოიწვია მ. ა-ის ბრალეულმა მოქმედებამ, რომ არსებობს უშუალო მიზეზობრივი კავშირი მიყენებულ ზიანსა და მოპასუხის მოქმედებას შორის და ეს მკურნალობა ჩატარდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასტურდება.

რაც შეეხება მიუღებელ ხელფასს, მხოლოდ გარკვეული სახის ჩეკები, რომლებიც ნ. დ-ს სახელზეა გამოწერილი, ვერ გახდება იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ნ. დ-ო უთითებს, სწორედ აღნიშნული თანხები უნდა მიეღო მას და ისიც ხელფასის სახით. მას არ წარუდგენია რაიმე შრომითი ხელშეკრულება ან ცნობა სამუშაო ადგილიდან მისი ხანგრძლივობის და შრომის ანაზღაურების მითითებით, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მოთხოვნას ამ ნაწილში.

მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, ამასთან, არ დაეთანხმა აპელანტის არგუმენტაციას ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხე მხარემ როგორც შესაგებელში, ასევე ზეპირსიტყვიერად მიუთითა მისი მხრიდან ნ. დ-ს მკურნალობის ხარჯების გადახდა 2008 წელში, ავტოავარიიდან რამოდენიმე დღეში, რაც უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის აღიარებად, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან თანხის სასამართლოში სარჩელის შეტანამდე სამწლიანი ვადის პერიოდში მოსარჩელისათვის გადახდას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სპეციალური ნორმის, 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

პალატამ გაიზიარა დადგენილი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. დ-ს მიყენებული ზიანის გამო თავისი ინტერესების დასაცავად სათანადო ზომების მიღების შესაძლებლობა წარმოეშვა 2009 წლის 4 მარტიდან, საიდანაც მისთვის ცნობილი გახდა ანაზღუარებაზე ვალდებული პირის შესახებ და აქედან უნდა აითვალოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ხანდაზმულობის გამო სარჩელი უკანონოდ და დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილდა, არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუქნტი, 137-ე მუხლი, 413-ე, მე-18.6-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 377-ე და 309.2-ე მუხლები.

კასატორის აზრით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 309-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გაცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ნ. დ-ს 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით წარმოეშვა თავისი ინტერესების დასაცავად, სატანადო ზომების მიღების შესაძლებლობა, რაც მან სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით გამოიყენა, ამასტან, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზრაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით, კერძოდ, აღნიშნული ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე, რაც სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა.

კასატორის აზრით, უსაფუძვლოა სასამართლოს არგუმენტი, რომ თითქოსდა არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ნ. დ-ს მიერ გაწულ ხარჯებსა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევით მიყენებულ დაზიანებას შორის. ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანი არ წარმოადგენს 2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის აპრილამდე დაკარგული ხელფასი.

კასატორის განმარტებით, ასევე უსაფუძვლო სასამართლოს დასკვნა, რომ თითქოს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2009 წლის 4 მარტიდან და, რომ ამ პერიოდიდან წარმოეშვა მას ზიანის ანაზრაურებაზე მოთხოვნის უფლება, რის გამოც სასამართლომ ნ. დ-ს მოთხვნა არასწორად ჩათვალა ხანდაზმულად.

კასატორის მითითებით, როგორც პირველი ინსტანციის ისე სააპელაციო სასამართლომ მას ისე უთხრა უარი მორალური ზიანის დაკმაყოფილებაზე საერთოდ არ უნსჯელია აღნიშნულ საკითხზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარი) 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. დ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის) 70% – 350 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე