Facebook Twitter

№ას-254-238-2014 2 ივნისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - შ. კ-ა, ბ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება, მოძრავი ნივთების გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. და ბ. კ-ებმა სენაკის რაიონულ სასამართლოს ი. კ-ას წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

ი. კ-ამ სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა ქონების მესაკუთრედ ცნობის და უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნით.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. და ბ. კ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ი. კ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აღიარებულ იქნა ი. კ-ას საკუთრების უფლება „ნივის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი ......) ½ წილზე, გაუქმდა საზიარო უფლება ამ ქონებაზე, საზიარო საგნის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით; უარი ეთქვა ა) აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით №....., აგრეთვე - 0.9 ჰა და 0.6 ჰა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე; ბ) ბ. კ-ასაგან სამი სული მეწველი ძროხის (თავისი ნამატით) და ერთი სული ცხენის (თავისი ნამატით) გამოთხოვასა და მოსარჩელისათვის გადაცემაზე; გ) შ. კ-ასაგან 12 სული 2 მეწველი ძროხის (თავისი ნამატით), მატარებლის სატვირთო რკინის ვაგონის გამოთხოვასა და მოსარჩელისათვის გადაცემაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ი. კ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ი. კ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა განჩინების მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1200 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.

განჩინების პასუხად ი. კ-ამ მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება 4000 ლარი იყო და ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით მოსამართლის აცილების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა გაგრძელდა 15 დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით ი. კ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საპროცესო ვადების გამოთვლის წესი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებით: დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 16 იანვარს და დასრულდა 2014 წლის 30 იანვრის 24:00 საათზე. აპელანტმა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 31 იანვარს მიმართა. რაც შეეხება ინტერნეტ-სივრციდან ამოღებულ ინფორმაციას, რომლითაც აპელანტი ამტკიცებს, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მან ხარვეზის შევსება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოახერხა. კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე; ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური. დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის სამართალწარმოების ენაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლო ვერ დაეყრდნობა მას, როგორც მტკიცებულებას.

აღნიშნული განჩინება ი. კ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ხარვეზი ვადაშია შევსებული, რადგანაც 2014 წლის 30 იანვარს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი მისმა წარმომადგენელმა რ. შ-ამ გააგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე kutaisi-appeal@court.ge, რის თაობაზეც აცნობა მოსამართლის თანაშემწე ვენერა ბუხაიძეს. ვენერა ბუხაიძემ უთხრა, რომ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის დედნებიც წარედგინა სააპელაციო სასამართლოში, რაც შეასრულა მეორე დღეს. ელექტრონული შეტყობინებით ირკვევა, რომ გაიგზავნა 31 ფაილი, სწორედ იმდენი ფურცელი, რამდენიც წარდგენილ იქნა სააპელაციო სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ი. კ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ინგა კობრავას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა განჩინების მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 1200 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.

განჩინების პასუხად ი. კ-ამ მიუთითა, რომ დავის საგნის ღირებულება 4000 ლარი იყო და ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით მოსამართლის აცილების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა გაგრძელდა 15 დღით. განჩინება მხარეს 2014 წლის 15 იანვარს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2014 წლის 16 იანვრიდან დაიწყო და 30 იანვარს ამოიწურა. ი. კ-ამ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი 31 იანვარს წარადგინა. მან ასევე წარადგინა ამონაბეჭდი ელექტრონული ფოსტიდან იმის დასადასტურებლად, რომ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსო.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ აღნიშნული მტკიცებულება არ უნდა შეფასდეს, ვინაიდან სამართალწარმოების ენაზე არ არის წარდგენილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოების ენა არის ქართული, ამასთან აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, როდესაც დოკუმენტის დედანი უცხო ენაზეა შედგენილი, მტკიცებულების ძალა სწორედ მას გააჩნია. ის გარემოება, რომ სასმართლოში საქმის განხილვა სახელმწიფო ენაზე ხორციელდება, არ გამორიცხავს უცხო ენაზე შედგენილი მტკიცებულების გამოკვლევას და შეფასებას, თუ სასამართლოს ამის შესაძლებლობა გააჩნია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია, გამოიკვლიოს და ერთობლიობაში შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, იმავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, არ მიიღოს გარკვეული მტკიცებულებები. ისეთ პირობებში, როდესაც სასამართლო იღებს მტკიცებულებად უცხო ენაზე შედგენილ დოკუმენტს, ვალდებულია შეაფასოს იგი, ხოლო თუ მისი შინაარსი გაუგებარია, სასამართლოს შეუძლია, მხარეს დაავალოს თარგმანის წარმოდგენა, შესაბამისად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან ამონაბეჭდის თარგმანი არ ყოფილა წარდგენილი, სასამართლო ამ დოკუმენტს ვერ მიიღებს მხედველობაში.

მოცემულ შემთხვევაში, მხარე რუსულენოვან ამონაბეჭდზე ამყარებდა მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას - ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შევსების ფაქტს, სააპელაციო სასამართლომ კი, უარი თქვა რა ამ მტკიცებულების გამოკვლევაზე, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რის შედეგადაც, შესაძლოა, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა, არ გაიზიაროს აპელანტის მტკიცება მის მიერ ხარვეზის ვადაში აღმოფხვრის შესახებ, მაგრამ ამგვარი დასკვნა მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების შეფასების შედეგად უნდა გამომდინარეობდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

იმავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ი. კ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინება და საქმე ი. კ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე