№ას-294-276-2014 5 ივნისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ა-ი“, შ. თ-ი, ბ. თ-ი, ე. დ-ე, შ. დ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ვ. ბ. ჯ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სესხის თანხის გადახდა და ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ვ. ბ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში შპს „ა-ის“, შ. თ-ის, ბ. თ-ის, ე. დ-ისა და შ. დ-ის მიმართ სესხის თანხის გადახდისა და ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ვ. ბ. ჯ-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - შპს „ა-ს“, შ. თ-ს, ბ. თ-ს, ე. დ-ს და შ. დ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 8801.71 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაწყდა დაკისრებული თანხის ამოღება იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების (საკადასტრო კოდები №.... და №....), აგრეთვე - შპს „ა-ის“, შ. თ-ისა და ე. დ-ის საკუთრებაში არსებული, დაგირავებული ქონების რეალიზაციის გზით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით შპს „ა-ის“, შ. თ-ის, ბ. თ-ის, ე. დ-ისა და შ. დ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ განჩინების მათთვის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში წარედგინათ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 612,9 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით შპს „ა-ის“, შ. თ-ის, ბ. თ-ის, ე. დ-ის და შ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრისა და 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებები მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშებს ინკასო ადევს, ხოლო თავდები პირების ქონება დაყადაღებულია, შესაბამისად, მათ მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განჩინებით შპს „ა-ის“, შ. თ-ის, ბ. თ-ის, ე. დ-ისა და შ. დ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“, შ. თ-ის, ბ. თ-ის, ე. დ-ისა და შ. დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით შპს „ა-ის“, შ. თ-ის, ბ. თ-ის, ე. დ-ისა და შ. დ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ განჩინების მათთვის ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში წარედგინათ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 612,9 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განჩინების ჩაბარების შემდეგ აპელანტებს სასამართლოსათვის აღარ მიუმართავთ და არც ხარვეზი გამოასწორეს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩვრის ავტორების მტკიცებას, რომ შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშებს ადევს ინკასო, თავდებების ქონება კი დაყადაღებულია, რის გამოც ბაჟს ვერ გადაიხდიდნენ და სასამართლოს ეს გარემოება უნდა გაეთვალისწინებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
აღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთების ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია ცნობები, რომ შპს „ა-ის“ საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს, ჯამში 935, 59 ლარს, ადევს ინკასო, მაგრამ არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს-ს განკარგულებაში არ არის სხვა ფულადი სახსრები, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. რაც შეეხება თავდებ პირებს, საქმეში წარმოდგენილია ე. დ-ის, ი. თ-ისა და შ. თ-ის ქონების დაყადაღების ცნობა, ბ. თ-ისა და შ. დ-ის ქონებას კი ყადაღა არ შეხებია. საქმეში არ არის წარმოდგენილი მათი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, შესაბამისად, მხარე უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ ადასტურებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“, შ. თ-ის, ბ. თ-ის, ე. დ-ისა და შ. დ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა-ის“, შ. თ-ის, ბ. თ-ის, ე. დ-ისა და შ. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე