Facebook Twitter

№ას-357-336-2014 6 ივნისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ. ს-ე, ა. ნ-ე, ა. დ-ე, მ. ნ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. კ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – ლ. ს-ს, ა. ნ-სა და ა. დ-ს დაეკისრათ თვითნებურად გადატანილი კარის საწყის მდგომარეობაში აღდგენა და აღეკვეთათ მოსარჩელისათვის თანასაკუთრებაში არსებული საშხაპით, ტუალეტითა და მათთან მისასვლელი ფართით სარგებლობის ხელშეშლა.

2013 წლის 15 და 16 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ლ. ს-მ, ა. ნ-მ, ა. დ-მ და მ. ნ-მ, რომლითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №2ბ/2728-10) ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ზ. და ვ. კ-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ლ. ს-ის, ა. ნ-ის, და მ. ნ-ს წინააღმდეგ და მოითხოვეს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობისა და უფლებრივი გამიჯვნის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, კერძოდ მოსარჩელეთა განმარტებით 2011 წლის 26 სექტემბერს დადებული თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობისა და უფლებრივი გამიჯვნის შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენდა უკანონოს, ვინაიდან დამხმარე ფართები და სამზარეულო იყო ამავე მისამართზე მცხოვრები მესაკუთრეების საერთო თანასაკუთრება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომელიც განმცხადებლების (ლ. ს-ის, ა. ნ-ის, მ. ნ-ის) მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია სამზარეულოს ფართი ინდივიდუალურ საკუთრებად და არა საერთო საკუთრებად, განსხვავებით გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისგან, ამასთან პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დამხმარე სათავსოების: სამზარეულოს, დერეფნის, სველი წერტილების თანამესაკუთრედ ცნო მ. ნ-ე, როგორც სამკვიდრო მოწმობით მიღებული ქონებისა, შესაბამისად არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის, საქმე N2ბ/2728-10 გადაწყვეტილებისგან განსხვავებულად არეგულირებს დავას. გარდა ამისა, განმცხადებლების მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, ვინაიდან მ. ნ-ე ჩაბმული არ ყოფილა საქმის განხილვაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით ლ. ს-ის, ა. ნ-ისა, ა. დ-ის და მ. ნ-ის განცხადებები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დარჩა განუხილველად, რაც განცხადების ავტორებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, საჯარო რეესტრის ამონაწერი ადასტურებს, რომ მ. ნ-ე ქონების თანამესაკუთრეა, მაგრამ იგი არ ყოფილა მიწვეული საქმის განხილვაზე, რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ ამ გარემოებას გვერდი აუარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის, ა. ნ-ისა, ა. დ-ის და მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. ს-მ, ა. დ-მ მ. და ა. ნ-ებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, ასევე, მ. ნ-მ ცალკე - გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადებები დაუშვებლად იქნა ცნობილი. კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო სასამართლოს განჩინებას სრულად ასაჩივრებენ, თუმცა კერძო საჩივარი მხოლოდ იმ გარემოებას ემყარება, რომ მ. ნ-ე, როგორც ქონების თანამესაკუთრე, ჩაბმული არ ყოფილა საქმის განხილვაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოეის განახლების თაობაზე განცხადების დაუშვებლად მიჩნევის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ნორმის საფუძველზე, არსობრივად ერთი და იმავე შინაარსისა და მოთხოვნის მქონე განცხადებით სასამართლოსათვის რამდენჯერმე მიმართვა დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ნ-მ არაერთხელ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით იმ საფუძვლით, რომ იგი, როგორც ქონების თანამესაკუთრე, საქმის განხილვაში ჩაბმული არ ყოფილა. ამ საკითხზე არაერთგზის იმსჯელა როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ისე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (იხ. ტომი მე-3), რის გამოც, იმავე საფუძვლით სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართვა დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ს-ის, .ა ნ-ისა, ა. დ-ის და მ. ნ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ს-ის, ა. ნ-ის, ა. დ-ის და მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე