Facebook Twitter

№ას-361-340-2014 5 ივნისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ვ. ფ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. წ-ი, ო. ხ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ლ. უ-ი

მესამე პირები - ა. რ-ე, ზ. მ-ი, რ. მ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. წ-მა და ო. ხ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვ. ფ-ისა და ლ. უ-ის მიმართ და მოითხოვეს თბილისში, ვ-ის მოედანი, გ-ის (ფ-ს) ქუჩა N4-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე მოპასუხეთა მფლობელობის შეწყვეტა მოსარგებლისათვის სადგომის - 68.89 კვ.მ-ს საბაზრო ღირებულების 75%-ის - 29 932 ლარის გადახდის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. წ-ის და ო ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. წ-ს და ო. ხ-ს ვ. ფ-ის და ლ. უ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ საცხოვრებელი სადგომის - 68.89 კვ.მ-ს საბაზრო ღირებულების, 39 909 ლარის, 75%-ის გადახდა, რაც შეადგენს 29 932 ლარს. დადგინდა, რომ მ. წ-ის და ო. ხ-ის მიერ ვ. ფ-ისა და ლ. უ-ის სასარგებლოდ 29 932 ლარის გადახდის შემდეგ ვ. ფ-ისა და ლ. უ-ის მფლობელობა თბილისი, ვ-ის მოედანი, გ-ის (ფ-ს)ქუჩა N4-ში მდებარე, მ. წ-ის და ო. ხ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სადგომზე შეწყდეს და სადგომი გადაეცეთ მესაკუთრეებს.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ფ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ვ. ფ-ს და ლ. უ-ს მ. წ-ის და ო. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის ანაზრაურება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. წ-მა და ო. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მ. წ-ის და ო. ხ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად.

იმავე სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ვ. ფ-ს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1197.28 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით აპელანტს უარი ეთქვა სახ. ბაჟის გადახდის გადავადებაზე და მისივე თხოვნით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით.

2013 წლის 20 დეკემბერს ვ. ფ-მა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ პუნქტის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბერის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა აპელანტს 5 დღით გაუგრძელდა.

2013 წლის 30 დეკემბერს ვ. ფ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და კვლავ მოითხოვა საჩივრის წარმოებაში მიღება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით ვ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ზემოაღნიშნული განჩინება ვ. ფ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, მან აღძრა დამოუკიდებელი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავისი არსით შეგებებული სარჩელი, რადგანაც მისი დაკმაყოფილება გამორიცხავდა ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებას. მოსამართლე მ. სვიანაძემ საქმის მომზადების ეტაპზე განუმარტა მხარეებს, რომ ამ ორ სარჩელს ერთ წარმოებად გააერთიანებდა, მაგრამ ვ. ფ-ის სარჩელი დატოვა განუხილველად და განიხილა მხოლოდ ძირითადი სარჩელი, რითაც საპროცესო კანონმდებლობა დაარღვია. აპელანტი, თავისი არსით, იგივე მოსარჩელეა, ვინაიდან აპელაცია ნიშნავს საქმის ხელახლა არსებით განხილვას. მოპასუხე აპელანტი სააპელაციო ინსტანციაში მოსარჩელის როლში გვევლინება, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს ვ. ფ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გაეთავისუფლებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ვ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა და სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ვ. ფ-ს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა აპელანტის მოთხოვნით ორჯერ გაგრძელდა და, საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბერის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 დღით გაგრძელდა. განჩინება ვ. ფ-ს 2013 წლის 25 დეკემბერს ჩაბარდა. აპელანტმა ხარვეზი კვლავ არ გამოასწორა და მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ევალებოდა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ვ. ფ-ის მტკიცებას, რომ იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით, შესაბამისად, ამ ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ყველა ინსტანციაში თავისუფლდება მხოლოდ მოსარჩელე.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. წ-მა და ო. ხ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვ. ფ-ისა და ლ. უ-ის წინააღმდეგ. საქმეში არ მოიპოვება ვ. ფ-ის შეგებებული სარჩელი. თავად კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მან დამოუკიდებელი სარჩელი აღძრა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მ. სვიანაძემ დატოვა განუხილველად, შესაბამისად, ნათელია, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელეები არიან მხოლოდ მ. წ-ი და ო. ხ-ი, ამდენად, ვ. ფ-ი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით ვერ ისარგებლებდა.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ მოპასუხე, როდესაც გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს, მოსარჩელის როლში გვევლინება, რადგანაც აპელაცია ნიშნავს საქმის ხელახლა არსებითად განხილვას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელაცია ნიშნავს არა საქმის ხელახლა არსებითად განხილვას, არამედ აპელანტის მითითების ფარგლებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების, ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმებას. სააპელაციო საჩივარი შეაქვს მხარეს, რომლის ინტერესების საწინააღმდეგოდაა მიღებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. როდესაც მოპასუხე ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, იგი მოსარჩელის როლში ვერაფრით იქნება, ვინაიდან მისი მოთხოვნა გულისხმობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხოლო თუ აპელანტი მოსარჩელეა - პირიქით, სარჩელის სრულად ან იმ ნაწილში დაკმაყოფილებას, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ უარი უთხრა, ამდენად, აპელანტი სტატუსს არ იცვლის და კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ვ. ფ-ის დამოუკიდებელი სარჩელის განუხილველად დატოვების უკანონობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში აღნიშნული საკითხი განხილული ვერ იქნება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ვ.ფ-მა ხარვეზი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა, ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე