№ას-370-348-2014 10 ივნისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ჯ. ტ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ა. დ. თ-ი“, ჰ გ-ი (მოსარჩელეები)
თავდაპირველი მოპასუხე - თ. და თ-ზ ტ-ები, ა. წ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ა. დ. თ-მა“ და ჰ. გ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი/მ ჯ. ტ-ის, თ., თ-ზ ტ-ებისა და ა. წ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხე ჯ. ტ-ისათვის, სს „ა. დ. თ-ის“ სასარგებლოდ, 162663 აშშ დოლარის, ხოლო ჰ. გ-ის სასარგებლოდ - 162835 აშშ დოლaრის დაკისრება; 2011 წლის 18 აპრილს ჯ. ტ-სა და თ. ტ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 2011 წლის 23 მაისს ჯ. ტ-სა და თ-ზ ტ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; 2011 წლის 3 თებერვალს ჯ. ტ-სა და ა. წ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სს „ა. დ. თ-ისა“ და ჰ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. ტ-ს სს „ა. დ. თ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 147963 აშშ დოლარი; ჯ. ტ-ს ჰ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 69146 აშშ დოლარი, ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ჯ. ტ-ს დაეკისრა მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის გადახდა სს „ა. დ. თ-ისა“ და ჰ. გ-ის სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს „ა. დ. თ-მა“ და ჰ. გ-მა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ჯ. ტ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ა. დ. თ-ისა“ და ჰ. გ-ის წარმომადგენლის თ. ც-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება 2011 წლის 18 აპრილს ჯ. ტ-სა და თ. ტ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება 2011 წლის 3 თებერვალს ჯ. ტ-სა და ა. წ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს ,,ა. დ. თ-ისა“ და ჰ. გ-ის წარმომადგენლის თ. ც-ის სარჩელი 2011 წლის 18 აპრილს ჯ. ტ-სა და თ. ტ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ჯ. ტ-სა და თ. ტ-ს შორის 2011 წლის 18 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სს ,,ა. დ. თ-ისა“ და ჰ. გ-ის წარმომადგენლის თ. ც-ის სარჩელი 2011 წლის 3 თებერვალს ჯ. ტ-სა და ა. წ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ჯ. ტ-სა და თ. ტ-ს შორის 2011 წლის 3 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის ნაწილში და ამ ნაწილში სს ,,ა. დ. თ-ისა“ და ჰ. გ-ს წარმომადგენელ თ. ც-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. ტ-ს სს ,,ა. დ. თ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 147 963 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, თვეში 0,4%-ის ოდენობით 2010 წლის 1 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. ჯ. ტ-ს, ჰ. გ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 69 146 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში თვეში 0,4%-ის ოდენობით 2010 წლის 1 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ტ-მ დ ა. წ-მ და სს „ა. დ. თ-მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით თ. ტ-ისა და ა. წ-ის საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად.
იმავე სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ა. დ. თ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯ. ტ-სა და თ-ზ ტ-ს შორის 23.05.11 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „ა. დ. თ-ის“ სარჩელი ჯ. ტ-სა და თ-ზ ტ-ს შორის 23.05.11 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 23 მაისს ჯ. ტ-სა და თ-ზ ტ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
2014 წლის 18 თებერვალს კერძო აღმასრულებელმა ჯ. ძ-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა იმავე სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის განმარტება.
მისი მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი წარდგენი იქნა საჯარო რეესტრში ქონების ჯ. ტ-ის სახელზე აღრიცხვის მიზნით, მაგრამ წარმოება შეჩერდა, ვინაიდან, საჯარო რეესტრის მითითებით, გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული ქონების თავდაპირველ მესაკუთრე ჯ. ტ-ზე აღიცხვის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინებით კერძო აღმასრულებლის განცხადება დაკმაყოფილდა და იმავე სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი განიმარტა შემდეგნაირად: „სს „ა. დ. თ-ისა“ და ჰ. გ-ის წარმომადგენლის თ. ც-ის სარჩელი 2011 წლის 3 თებერვალს ჯ. ტ-სა და ა. წ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნას ცნობილი ჯ. ტ-სა და ა. წ-ს შორის 2011 წლის 3 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქონება მდებარე ქუთაისში, გ-ის ქ. 2-ში (გ-ის ქ. 2ა) არასაცხოვრებელი ფართი N2 90,10 კვ.მ აღირიცხოს ჯ. ტ-ის სახელზე.“
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ. ტ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს გასცდა. მოსარჩელე არ მოითხოვდა ქონების ჯ ტ-ის სახელზე აღრიცხვას, არამედ - მხოლოდ ხელშეკრულების ბათილად ცნობას. გადაწყვეტილების განმარტებისას დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ჯ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
შესაბამისად, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას; ამასთან ერთად, გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, ვინაიდან ასეთ დროს აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა და განმარტების შედეგად არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან. გადაწყვეტილების განმარტების ფარგლები ირღვევა იმ შემთხვევაში, თუ იცვლება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით განსაზღვრული უფლების მოცულობა, მხარეს მიეკუთვნება იმაზე მეტი ან ნაკლები, ვიდრე გადაწყვეტილებაში თავიდანვე ეწერა.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. ხელშეკრულების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგია ორმხრივი რესტიტუცია, ანუ მხარეებს უბრუნდებათ ყველაფერი, რაც ამ ხელშეკრულების საფუძველზე ერთმანეთს გადასცეს, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად, უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს გამყიდველს - ჯ. ტ-ს. უძრავი ქონების დაბრუნება გულისხმობს როგორც მასზე მფლობელობის გადაცემას, ისე საჯარო რეესტრში თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე აღრიცხვას, ვინაიდან უძრავ ქონებაზე სხვაგვარად საკუთრების უფლება არ წარმოიშობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი შედეგი ისედაც გამომდინარეობდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, შესაბამისად, დამატებით მითითებას არც საჭიროებდა, მაგრამ, როგორც საქმის მასალები ადასტურებს, საჯარო რეესტრი არ აღასრულებს გადაწყვეტილებას ამ სახით, რის გამოც, საჭირო გახდა საგანგებოდ მითითება იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონება უნდა აღირიცხოს ჯ. ტ-ის სახელზე, რაც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს არ სცილდება, ვინაიდან არ ცვლის განსამარტი გადაწყვეტილებით დამდგარ სამართლებრივ შედეგს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ტ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე