№ას-388-365-2014 5 ივნისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი. ტ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ტ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თ. ბ-ის მიმართ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით. მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება 0,15%-დან 0,05%-მდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ი. ტ-ის სარჩელი თ. ბ-ის მიმართ დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ი. ტ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება 0.01%-მდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით ი. ტ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგნის შეცვლა აღნიშნულ ინსტანციაში დაუშვებელი იყო.
აღნიშნული განჩინება ი. ტ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოში პირგასამტეხლოს 0.05%-მდე შემცირება მოითხოვა, მაგრამ მისი ქონებრივი მდგომაროება გაუარესდა და აღნიშნულ თანხას ვერ გადაიხდის, რის გამოც, პირგასამტეხლო 0,01%-მდე უნდა შემცირდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ი. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაცაა გადაწყვეტილება გამოტანილი. პირს, რომლის მოთხოვნაც სასამართლომ დააკმაყოფილა, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების და მისი გაუქმების იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო ი. ტ-ის სარჩელი და თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი სრულად დააკმაყოფილა, შესაბამისად, ი. ტ-ე არ იყო უფლებამოსილი, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაესაჩივრებინა.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად აყალიბებს სასარჩელო მოთხოვნას და თავადვეა ამ მოთხოვნის შესაძლო სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი. მოცემულ შემთხვევაში, ი. ტ-მ თავად მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება ძირითადი თანხის 0,05%-მდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, შესაბამისად ის გარემოება, რომ სინამდვილეში ი.ტ-ს არც ამ თანხის გადახდა შეუძლია და პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, მისი მოსაზრებით, 0,01%-ს შეადგენს, არ ანიჭებს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებას. მხარემ თავად განსაზღვრა დავის საგანი და სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც მოპასუხემ ცნო და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ტ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი .ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე