ბს-716-303 (კ-05) 6 ოქტომბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003წ. 1 სექტემბრის ¹40 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო ქონების აუქციონის წესით პრივატიზების 2003წ. 26 აგვისტოს ¹5/9 ოქმი და მოქალაქე ნ. ბ-ს მიეყიდა გამოთავისუფლებული და გამოუყენებელი საქვაბე შენობა, მდებარე ხაშურში, ...., 275 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში.
2004წ. 26 თებერვალს ი. კ-ემ, ქ. ტ-ემ და გ. გ-მა სარჩელით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს 2003წ. 26 აგვისტოს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ ცხოვრობენ ხაშურში, ... და არიან პრივატიზებული ბინის მესაკუთრეები. სახლს აქვს დამხმარე საინჟინრო ნაგებობა _ საქვაბით. აღნიშნული საქვაბე ემსახურებოდა ბინების გათბობას, მათ შორის ... მდებარე საცხოვრებელ ბინას და ასევე სპორტკომპლექსს ამარაგებდა თბილი წყლით. 2003წ. 26 აგვისტოს ხაშურის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს მიერ აუქციონის წესით მოხდა ზემოაღნიშნული საქვაბის გასხვისება, რითაც უხეშად დაირღვა ..... მცხოვრებ პირთა კანონიერი ინტერესები. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 11 აგვისტოს ¹825 დადგენილების მე-7 პუნქტის თანახმად: “სახელმწიფო და საზოგადოებრივი ფონდის პრივატიზებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეები (მესაკუთრეები) ითვლებიან ამ სახლების საინჟინრო მოწყობილობებისა და საერთო სარგებლობის ადგილების მესაკუთრეებად, დაკავებული ფართობის პროპორციულად”. ის, რომ საქვაბე არის დამხმარე საინჟინრო ნაგებობა და გათბობას აწვდიდა ... ბინებს, ადასტურებს შპს “ს-ის” მიერ გაცემული ცნობა.
მოსარჩელეებმა ასევე მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ საქვაბის პრივატიზაცია განხორციელდა ხაშურის რაიონის გამგეობის 1999წ. 12 ნოემბრის უკანონო დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით საპრივატიზაციო ნუსხაში შევიდა საქვაბეები, მათ შორის ..... მდებარე საქვაბეც. ამასთან, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მოსახლეობის იმ ნაწილის ინტერესები, რომლებსაც ემსახურებოდა საპრივატიზაციო ნუსხაში დამტკიცებული საქვაბეები. მოსარჩელეების განმარტებით კი, მათი ინტერესები არავის გაუთვალისწინებია.
მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველომ და მესამე პირმა ნ. ბ-მა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ქონების პრივატიზება მოხდა კანონის სრული დაცვით, რის გამოც მოითხოვეს მოსარჩელეთა მოთხოვნის უკანონოდ ცნობა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის გადაწყვეტილებით ი. კ-ის, ე. ხ-ის და გ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ 2003წ. 26 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგი ქ. ხაშურის, ... მდებარე საქვაბის პრივატიზაციის შესახებ, სამმართველოს 2003წ. 1 სექტემბრის ¹40 ბრძანება 2003წ. 26 აგვისტოს აუქციონის წესით ქონების პრივატიზების 3/3 ოქმის დამტკიცებისა და ნ. ბ-ისთვის ქ. ხაშურის ... ქუჩაზე მდებარე საქვაბის მიყიდვის შესახებ ბათილად იქნა გამოცხადებული, ხოლო სარჩელი საქვაბის შენობის მოსარჩელეთათვის დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს და მესამე პირის _ ნ. ბ-ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს პრივატიზაციის ბათილად ცნობის ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტებმა მიუთითეს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია პროცესუალური და მატერიალური ნორმების დარღვევით, ვინაიდან სასამართლომ არასწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლზე, რადგან ინფორმაცია პრივატიზაციის შესახებ გამოქვეყნებული იყო კანონმდებლობის დაცვით და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003წ. 1 სექტემბრის ¹40 ბრძანება ყოფილი საქვაბე შენობის ნ. ბ-ისთვის მიყიდვის შესახებ ეყრდნობა აუქციონის შედეგებს და გამომდინარეობს კანონიდან. ამიტომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, რაც, აპელანტის განმარტებით, სასამართლომაც ვერ მიუთითა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ი. კ-ეს, გ. გ-ს და ე. ხ-ს უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები ასაჩივრებენ მხოლოდ 20.08.2003წ. აუქციონს და მის შედეგებს, ხოლო სადავოდ არ გაუხდიათ ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც წინ უძღოდა აღნიშნულ აუქციონს, როგორც შედეგობრივ ღონისძიებას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო აუქციონის ბათილად ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიწვევს აუქციონის ჩატარებამდე არსებული წინარე მდგომარეობის აღდგენას, ე.ი. განმეორებითი აუქციონის ჩატარების საჭიროებას და არა საქვაბის შენობის მოსარჩელეთათვის უპირობოდ საკუთრებაში გადაცემას, როგორც ისინი ამას ითხოვენ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერიტორიული ორგანოს მიერ მუნიციპალური ქონების პრივატიზების თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებისას კანონი უშვებს სამინისტროს ოფიციალურ ბეჭდით ორგანოში ან ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნების არჩევითობას და ასეთი ინფორმაციის გაზეთ “ .......-ში” გამოქვეყნება ვერ ჩაითვლება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლისა და შესაბამისად, აუქციონის საჯაროდ გამოცხადების წესის დარღვევად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება, რომ ნ. ბ-ის მიერ თანხა არ იქნა სრულად გადახდილი, რაც ასევე აუქციონის ბათილად ცნობის საფუძველი შეიძლება იყოს. მოცემულ შემთხვევაში მყიდველის მიერ გადახდილია ქონების გამოცხადებული ფასის შესაბამისი ეკვივალენტის თანხა ლარებში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის 17.07.1997 წ. ¹671 ბრძანებულების დარღვევით აუქციონის ჩატარებისა, არ შელახულა მოსარჩელეთა უფლებები და აუქციონის ბათილად ცნობის თაობაზე მათი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს არ მიუღიათ აუქციონში მონაწილეობა და ქონების გასაყიდი ფასის განსაზღვრას არანაირი გავლენა არ მოუხდენია მათ ინტერესებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლოს მიერ არასრულყოფილად არის საქმის გარემოებები შეფასებული და სარჩელი დაკმაყოფილებულია სარჩელის საფუძვლების არასწორი გამოკვლევის გზით. ამასთან, ადმინისტრაციული აქტის თაობაზე ნორმების გამოყენებისას რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული კანონი, ვინაიდან რაიონულმა სასამართლომ სადავო აუქციონი განიხილა ადმინისტრაციულ აქტად, როდესაც მოცემულ საქმეზე სადავო იყო ადმინისტრაციული გარიგება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. კ-ის, გ. გ-ისა და ე. ხ-ის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშული გადაწყვეტილების გაუქმება და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორებმა განმარტეს, რომ ისინი სარჩელით ითხოვდნენ 2003წ. 26 აგვისტოს აუქციონის შედეგების, ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003წ. 1 სექტემბრის და 2003წ. 6 ნოემბრის სანოტარო აქტის ბათილად ცნობას. სააპელაციო პალატამ კი მიუთითა, რომ მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ წინარე ღონისძიებები, რომლებიც წინ უძღოდა ობიექტის პრივატიზებას. კასატორებმა აღნიშნეს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი თანახმა იყვნენ მიეღოთ აუქციონში მონაწილეობა და მოეხდინათ აღნიშნული საქვაბის პრივატიზება, რათა ისევ აღედგინათ საქვაბე და უზრუნველყოფილიყვნენ გათბობითა და ცხელი წყლით. სწორედ ამ მიზნით, ბინის მცხოვრებთა სახელით მიიღო მონაწილეობა ი. კ-ემ 2002წ. 31 დეკემბრის აუქციონში. ამდენად, კასატორთა აზრით, ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ უხეშად დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნა, რაც საფუძვლიანია აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა და აქედან გამომდინარე, კი საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მიუთითებს, რომ მყიდველის მიერ გადახდილია ქონების გამოცხადებული ფასის შესაბამისი ექვივალენტის ლარი და არა დოლარი, ხოლო ეკვივალენტი ამ შემთხვევაში არის დოლარი და არა ლარი. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მყიდველმა საბოლოო თანხა უნდა დაფაროს არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადისა, მოცემულ შემთხვევაში კი ნ. ბ-ის მიერ სრულად არ იქნა დაფარული თანხა, რაც საფუძველია აუქციონის შედეგების ბათილად ცნობისა. ამდენად, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, რაც უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
მოწინააღმდეგე მხარეთა, ხაშურის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, შპს “ს-ის”, ასევე მესამე პირის, ნ. ბ-ის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-ის, ვ. გ-ისა და ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორები მოითხოვენ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც მათ უარი ეთქვათ ხაშურში, ... ქუჩაზე მდებარე 83 კვ.მ საქვაბის პრივატიზაციის მიზნით, 2003წ. 26 აგვისტოს გამართული აუქციონის შედეგების (პრივატიზაციის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის) ბათილად ცნობაზე. კასატორები საქვაბის პრივატიზების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე, პრივატიზების შესახებ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების მოთხოვნის დარღვევის მოტივით, კერძოდ, კასატორთა აზრით, საქვაბის პრივატიზების შესახებ ინფორმაციის რესპუბლიკურ გაზეთ “ ........-ში” გამოქვეყნება საკმარისი არ იყო და ინფორმაცია უნდა გამოქვეყნებულიყო გაზეთ “ხ-ში”.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორთა მოსაზრებას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ტერიტორიული ორგანოს მიერ მუნიციპალური ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისას “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ინფორმაციის გამოქვეყნებას სამინისტროს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან ადგილობრივ პრესაში. ამიტომ სადავო საქვაბის პრივატიზების თაობაზე ინფორმაციის გაზეთ “ .......-ის” 2003წ. 26 ივლისის ¹22-ში გამოქვეყნება არ წარმოადგენს პრივატიზების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადების წესის დარღვევას და პრივატიზების ბათილობის საფუძველი ვერ გახდება.
საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას ნ. ბ-ის მიერ საპრივატიზებო ფასის მთლიანად გადაუხდელობის შესახებ. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საპრივატიზებო ქონების ღირებულება მყიდველის მიერ სრულად უნდა დაიფაროს არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადისა. საპრივატიზებო მასალებით ირკვევა, რომ ... ქუჩაზე მდებარე სადავო საქვაბის საპრივატიზებო საწყისი ფასი სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს 2003წ. 3 მარტის ¹35 ბრძანებით დადგინდა 262 აშშ დოლარის ეკვივალენტი. ნ. ბ-მა საქვაბე შეიძინა 275 აშშ დოლარად (აუქციონის წესით პრივატიზების შედეგების ოქმი ¹3/3, ბრძანება ¹40 აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ, პრივატიზების ხელშეკრულება, საპრივატიზებო საქმე). საპრივატიზებო მასალებში წარმოდგენილი საბანკო ქვითრებით დასტურდება, რომ ნ. ბ-მა პრივატიზებაში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ “ბეს” სახით გადაიხადა 60 ლარი, ხოლო 2003წ. 25 სექტემბერს, ე.ი. 2003წ. 26 აგვისტოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, გადაიხადა საპრივატიზებო ქონების დარჩენილი გამოსასყიდი თანხა _ 521,17 ლარი.
სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას კასატორებმა საქვაბის პრივატიზების ბათილად ცნობის დამატებით მოტივზეც მიუთითეს, კერძოდ, პრივატიზაციის ბათილად ცნობა მოითხოვეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 11 აგვისტოს ¹825 დადგენილებით დამტკიცებული “დროებითი დებულების” მე-7 პუნქტის საფუძველზე, რადგან მიაჩნიათ, რომ საქვაბე, როგორც საინჟინრო მოწყობილობა, წარმოადგენს … მცხოვრები მესაკუთრეების (მობინადრეების) თანასაკუთრებას. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული საფუძვლით კასატორები რაიონულ სასამართლოშიც მოითხოვდნენ საქვაბის პრივატიზაციის ბათილად ცნობას და საქვაბის, როგორც მცხოვრებთა თანასაკუთრების ობიექტის, მათთვის დაბრუნებას. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი საქვაბის შენობის მოსარჩელეთათვის დაბრუნების ნაწილში უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეთა (კასატორების) მიერ სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა და სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაშია შესული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი გამოკვლევა-დადგენით და “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 47-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ის, გ. გ-ის და ე. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება;
3. კასატორები გათავისუფლდნენ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.