№ას-398-375-2014 5 ივნისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ა-ი +“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ხ-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „ს. ს. კ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ა-ი +-ის“ და შპს „ს. ს. კ-ის“ მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ა-ი +-ს“ მ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 102 604 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. შპს „ა-ი +-ს“ მ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 102 604 აშშ დოლარის წლიური 10 პროცენტის გადახდა ეროვნული ვალუტით 2013 წლის 18 აპრილიდან გადაწყვეტილების მეორე პუნქტის აღსრულებამდე. მ ხ-ის სარჩელი შპს „ს. ს. კ-ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ა-ი +“-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით აპელანტ შპს „ა-ი +“-ის წარმომადგენლის ი. ჯ-ის განცხადება სხდომის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და შპს „ა-ი +“-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგ მხარის მითითება, რომ შპს „ა-ი +-ის“ ინტერესებს, ი. ჯ-ის გარდა, სამი წარმომადგენელი იცავდა, შესაბამისად, მათ სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, სხდომაზე გამოცხადებულიყვნენ.
აღნიშნული განჩინება შპს „ა-ი +-ის“ წარმომადგენელმა ი. ჯ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, მან სასამართლოს წინასწარ აცნობა სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ. შპს-ს დანარჩენი წარმომადგენლებს არ გააჩნდათ სააპელაციო სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება. მინდობილობაში აღნიშნული დანარჩენი პირებიდან ე. ლ-ი 2014 წლის 13 მარტს 15:00-18:00 საათამდე მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ბრალდებულ დ. ა-ას, ო. მ-ის, გ. ა-სა და ი. თ-ის მიმართ, შესაბამისად, იგი სხდომას საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო. ს. ჯ-ი მოქმედი პროკურორია და საადვოკატო საქმიანობას აღარ ახორციელებს, ხოლო ნ. უ-ე არ არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და სააპელაციო სასამართლოში შპს „ა-ი +-ის“ წარმომადგენლად ვერ გამოვიდოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ა-ი +-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინებით შპს „ა-ი +-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.
მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. რაც შეეხება იმავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს - სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი ობიექტურად უნდა იყოს საპატიო და ნათლად მიუთითებდეს, რომ კონკრეტულ დროს დანიშნულ სხდომაზე მხარე ვერ გამოცხადდებოდა, გარდა ამისა, მხარეს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამგვარი მიზეზის შესახებ წინასწარ აცნობოს სასამართლოს.
მოცემულ შემთხვევაში შპს „ა-ი +-ის“ წარმომადგენელმა ი. ჯ-მ ერთი დღით ადრე აცნობა სასამართლოს, რომ მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში და საქმის განხილვის გადადება მოითხოვა, ამასთან ერთად, საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით დასტურდება, რომ შპს „ა-ი +-ის“ წარმომადგენლები, ი. ჯ-ის გარდა, ასევე იყვნენ ს. ჯ-ი, ე. ლ-ი და ნ. უ-ე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სხდომაზე გამოცხადება რომელიმე მათგანს შეეძლო.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ს. ჯ-ი მოქმედი პროკურორია და საადვოკატო საქმიანობას აღარ ახორციელებს, ამიტომ შპს „ა-ი +-ის“ ინტერესებს ვერ დაიცავდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს. განსახილველ შემთხვევაში, ს. ჯ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სასამართლოსათვის ცნობილი არ ყოფილა.
ი. ჯ-ის მითითებით, ე ლ-ი 2014 წლის 13 მარტს 15:00-18:00 საათამდე მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის განხილვაში ბრალდებულ დ. ა-ას, ო. მ-ის, გ. ა-ასა და ი. თ-ის მიმართ. შესაბამისი ცნობა კერძო საჩივარს ერთვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს მხოლოდ ი. ჯ-მ აცნობა, ე. ლ-ს კი, ამგვარი განცხადებით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. წარმომადგენლის მიერ სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება არ წარმოდგენს სხდომის გადადების პირდაპირ საფუძველს, არც იმგვარი გარემოებაა, რის შესახებაც იგი წინასწარ ვერ აცნობებს სასამართლოს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ე. ლ-ის გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული არ ყოფილა.
რაც შეეხება ნ. უ-ს, კერძო საჩივრის თანახმად, იგი ადვოკატთა ასოციაციის წევრი არაა და სააპელაციო სასამართლოში აპელანტის ინტერესებს ვერ დაიცავდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიძლება იყოს როგორც ადვოკატი, ისე მისი თანამშრომელი, რომელსაც არ მოეთხოვება არც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება და არც ადვოკატთა ასოციაციის წევრობა. მოცემულ შემთხვევაში, მინდობილობით არ ირკვევა, ნ. უ-ე შპს „ა-ი +-ის“ თანამშრომელია თუ არა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ თუნდაც გაიზიაროს მტკიცება, რომ ნ. უ-ე არ იყო უფლებამოსილი სააპელაციო ინსტანციაში წარმომადგენლად გამოსულიყო, როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „ა-ი +-ს“ სხვა წარმომადგენლებიც ჰყავდა, რომლებიც სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყვნენ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა-ი +-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე