Facebook Twitter

№ას-408-385-2014 5 ივნისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ. ო. ბ. კ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით დადებულად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „მ. ო. ბ. კ-ის“ მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით დადებულად აღიარების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

2014 წლის 15 იანვარს აპელანტის წარმომადგენელმა ზ. ჯ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბაჟის გადახდის საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. გ-ის შუამდგომლობა ხარვეზის ვედის შევსების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აპელანტს - მ. გ-ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

2014 წლის 3 თებერვალს აპელანტის წარმომადგენელმა ზ. ჯ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და დარჩენილი ბაჟის გადასახდელად მოითხოვა საპროცესო ვადის 14 დღით გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ. გ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 7 დღით.

ამავე სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს 2014 წლის 19 თებერვალს ჩაბარდა. ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 20 თებერვალს და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2014 წლის 26 თებერვალს, შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2014 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. მ. გ-მა სახელმწიფო ბაჟის - 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 27 თებერვალს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

აღნიშნული განჩინება მ. გ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ხარვეზის შევსების ვადა არ დაურღვევია, რადგანაც სახელმწიფო ბაჟი 26 თებერვალს გადაიხადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა და სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა აპელანტის მოთხოვნით რამდენჯერმა გაგრძელდა და, საბოლოოდ, 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 7 დღით. განჩინება 2014 წლის 19 თებერვალს ჩაბარდა მ. გ-ის წარმომადგენელ ზ. ჯ-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 2014 წლის 20 თებერვლიდან დაიწყო და 26 თებერვალს ამოიწურა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად უნდა გამოსწორდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უნდა შეასრულოს ყველა ის ქმედება, რისი ვალდებულებაც მას ხარვეზის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით აქვს დაკისრებული, ანუ, განსახილველ შემთხვევაში, არა მარტო სახელმწიფო ბაჟი უნდა ყოფილიყო გადახდილი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არამედ შესაბამისი ქვითარიც და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებაც ამავე ვადაში უნდა ყოფილიყო სასამართლოში წარდგენილი.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. გ-მა სახელმწიფო ბაჟის სახით 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე 2014 წლის 27 თებერვალს, ანუ ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ შეიტანა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან მ. გ-მა სასამართლოს განცხადებით საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ მიმართა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა, ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე