საქმე№ას-419-396-2014 6 ივნისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. რ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. რ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 100000 აშშ დოლარის, სარგებლის - 24500 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის - 3,5%-ის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. რ-ს ო. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 124500 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 100000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ძირითად თანხას, 24500 აშშ დოლარი მასზე დარიცხულ სარგებელს, ხოლო მ. რ-ს ო. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 13 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 100000 აშშ დოლარის 8,5%-ის (8500) აშშ დოლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განჩინებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 369-ე, 2591 მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მ.რ-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი მ.ჯ-ი. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 13 იანვარი, ხოლო 30-ე დღე - 23 იანვარი. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მ.ჯ-მა გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით სასამართლოს მიმართა 2014 წლის 24 იანვარს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ და გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 3 თებერვალს. სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2014 წლის 24 იანვარს და ამოიწურა 6 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი კი მხარეს წარდგენილი ჰქონდა 2014 წლის 13 თებერვალს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქნა მიჩნეული.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. რ-ის წარმომადგენელმა მ. ჯ-ი, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება ითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 13 იანვარი, ხოლო 30-ე დღე - 23 იანვარი და მხარეს ამ ვადაში შეეძლო, ჩაებარებინა გადაწყვეტილება. აპელანტის წარმომადგენელმა სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით არაერთხელ ითხოვა გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა უშედეგოდ. 2014 წლის 24 იანვარს კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ წარმომადგენელმა სასამართლოს წერილობით თხოვა გადაწყვეტილების გადაცემა, რომლის მოპოვებაც მხოლოდ 3 თებერვალს გახდა შესაძლებელი.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმა არაა მიმართული მხარისათვის გასაჩივრების უფლების ჩამორთმევისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემას თავად სასამართლომ აარიდა თავი, რის გამოც საპროცესო ვადის გამოთვლა არა ზემოაღნიშნული ნორმის, არამედ საყოველთაოდ გარანტირებული გასაჩივრების უფლების დაცვით უნდა განხორციელდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მაისის განჩინებით მ. რ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე უარი იმ საფუძვლით განაცხადა, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მ.რ-ის უფლებამოსილი წარმომადგენელი მ.ჯ-ი. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2014 წლის 13 იანვარი, ხოლო 30-ე დღე - 23 იანვარი. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მ.ჯ-მა გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით სასამართლოს მიმართა 2014 წლის 24 იანვარს, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ და გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 3 თებერვალს. სასამართლოს შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2014 წლის 24 იანვარს და ამოიწურა 6 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი კი მხარეს წარდგენილი ჰქონდა 2014 წლის 13 თებერვალს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან კანონით დადგენილ ვადაში არაერთხელ მიმართა სასამართლოს, თუმცა გადაწყვეტილება მას არ გადაეცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, რის გამოც, საპროცესო ვადის გამოთვლა უნდა დაიწყოს სწორედ გადაწვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან.
საკასაციო პალატა მიუთიტებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.
საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.
საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, მ.რ-ის წარმომადგენელ სასამართლოში მართლაც საპროცესო ვადის დარღვევით, 2014 წლის 24 იანვარს გამოცხადდა და წერილობით ითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა საქმეშივე არსებული ხელწერილით ირკვევა, რომ მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2014 წლის 3 თებერვალს.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დადგენილ ვადაში სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებას და მისი მხარის მიერ ბრალეულად ჩაუბარებლობას, თავის მხრივ, ის გარემოება, რომ მხარეს თუნდაც საპრროცესო ვადის დარღვევით მიმართვისას არ ბარდება გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ საპროცესო ვადის დარღვევა აპელანტის მიერ არ არის განპირობებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან - 2014 წლის 4 თებერვლიდან უნდა დაიწყოს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა 2014 წლის 17 თებერვალი იყო. მ. რ-მა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2014 წლის 12 თებერვალს წარადგინა, ამდენად, არ არსებობდა საპროცესო ვადის დარრვევის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ხოლო მხარემ ამ კუთხით საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დასაბუთებული შედავება წარმოადგინა (იხ, ასევე სუსგ №ას-184-173-2014, 14 აპრილი, 2014 წელი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმეორებით უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო საჩივრის შესაბამისობა საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებთან და გარემოებათა სწორი შეფასების გზით იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. რ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე