№ას-422-399-2014 20 ივნისი, 2014 წელი, ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. გ-ე, მ. კ-ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ვ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ვ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. გ-ისა და მ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
2013 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო და დააკმაყოფილა სარჩელი.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა კნონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის გაჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. მოცემულ შემთხვევაში განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე გ. გ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელ თ. ხ-ს 2014 წლის 28 იანვარს ჩაბარდა. სააპელაციო საჩივარი კი 2014 წლის 12 თებერვალსაა შეტანილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. კ-მა და გ. გ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად იმ საფუძვლით დატოვა, რომ მათ ბაჟი არ გადაიხადეს, მაშინ, როდესაც სასამართლოს დავალება ბაჟის გადახდის თაობაზე არ ჩაბარებიათ. საკასაციო სასამართლომ უნდა შეისწავლოს, რა მისამართზე გაიგზავნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგანაც მათ არ მიუღიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. გ-ისა და მ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია კერძო საჩივრის ავტორების მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ მათი საჩივარი ბაჟის გადაუხდელობის გამო დატოვა განუხილველად, მაშინ, როდესაც სასამართლოს დავალება ბაჟის გადახდის თაობაზე მათ არ მიუღიათ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. გ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო და არა სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლისშესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის გაჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ გაეგზავნა გ. გ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელ თ. ხ-ს და ამ უკანასკნელს 2014 წლის 28 იანვარს პირადად ჩაბარდა (ს.ფ. 132).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 29 იანვრიდან და 11 თებერვალს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი ამ ვადის დარღვევით, 2014 წლის 12 თებერვალსაა შეტანილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ისა და მ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე