№ას-427-404-2014 27 ივნისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - იბა „ო. ვ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ო. ვ-ისათვის“ მის სასარგებლოდ 48204 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა იბა ,,ო. ვ-ს” მ. ბ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 48204 აშშ დოლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით იბა ,,ო. ვ-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაევალა 3332 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მასვე დაევალა დაეზუსტებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობები.
2014 წლის 7 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა, რომელმაც სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და კვლავ დაევალა სახელმწიფო ბაჟის 3332 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2014 წლის 7 მარტს აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იქიდან გამომდინარე რომ ვერ მოახერხა თანხის მოძიება, სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით იბა „ო. ვ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ ბაჟის გადავადების საფუძვლად შუამდგომლობაში მოყვანილ განმარტება მისი მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის და მის ქონებაზე ყადაღის არსებობის თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, მოვალეთა რეესტრში ყოფნა არა არის იმის პირდაპირი დასტური, რომ მხარეს არ გააჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის სახსრები. შესაძლებელია, ამხანაგობა ,,ო. ვ-ი“ იყოს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული, მაგრამ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე ამხანაგობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. იგი არის პირთა ერთობლივი საქმიანობისათვის შექმნილი წარმონაქმნი. აქედან გამომდინარე ის ფაქტი, რომ ამხანაგობა შესაძლოა შეტანილი იყოს მოვალეთა რეესტრში არ ნიშნავს, რომ თითოეული მისი წევრი ასევე წარმოადგენს ვალაუვალს. ეს გარემოება არ მიუთითებს, რომ რეალურად ამხანაგობის წევრებს (რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის თანახმად ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ვალებისთვის სოლიდარულად აგებენ პასუხს) არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, ამდენად ზემოაღნიშნული განმარტება დაუსაბუთებელია და არ წარმოადგენს მისი დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება იბა „ო. ვ-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, ვინაიდან ამხანაგობა რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და ქონებაზე დაწყებულია იძულებით აღსრულების საქმის წარმოება, მას არ გააჩნდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალება. ამხანაგობის ყველა დამფუძნებელი წევრი ასევეა შეყვანილი მოვალეთა რეესტრში და მათ პირად საკუთრებასაც ყადაღა ადევს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იბა „ო. ვ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს კერძო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით იბა ,,ო. ვ-ის“ შუამდგომლობა სახელწმიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაევალა 3332 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
აპელანტმა რამდენჯერმე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, საპასუხოდ, სასამართლომ ხარვეზის შევსების ვადა გააგრძელა. საბოლოოდ, 2014 წლის 7 მარტს, აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იქიდან გამომდინარე რომ ვერ მოახერხა თანხის მოძიება, სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველია მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რაც უტყუარი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს.
ვინაიდან განსახილველი საქმე წარმოადგენს ამხანაგობის წევრებს შორის დავას, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, ამხანაგობა ,,ო. ვ-ი“ იყოს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული, მაგრამ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე ამხანაგობა არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. იგი არის პირთა ერთობლივი საქმიანობისათვის შექმნილი წარმონაქმნი. აქედან გამომდინარე ის ფაქტი, რომ ამხანაგობა შესაძლოა შეტანილი იყოს მოვალეთა რეესტრში არ ნიშნავს, რომ თითოეული მისი წევრი ასევე წარმოადგენს ვალაუვალს. ეს გარემოება არ მიუთითებს, რომ რეალურად ამხანაგობის წევრებს (რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის თანახმად ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე ვალებისთვის სოლიდარულად აგებენ პასუხს) არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, მართალია, კერძო საჩივარში მითითებულია, რომ ამხანაგობის ყველა დამფუძნებელი წევრი ასევეა რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და საჩივარს ერთვის გ. ა-ის, ი. ა-ისა და ზ. რ-ის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის ამონაწერი, მაგრამ საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ამხანაგობის თითოეული წევრის ვალაუვალობა და ის ფაქტი, რომ მათ არ გააჩნიათ ფულადი სახსრები სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, თავისთავად, არ მიუთითებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე არაერთგზის განმარტა, რომ ამხანაგობის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია არ იყო საკმარისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის, შესაბამისად, მხარეს შეეძლო დამატებით მტკიცებულებები ამხანაგობის და მისი წევრების ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე სააპელაციო ინსტანციაში წარედგინა და ისე ეშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც მას არ განუხორციელებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. იბა „ო. ვ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე