№ას-432-409-2014 26 ივნისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი. ყ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ. ი-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ჟ. კ-ე, გ. ყ-ი, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, ხელშეშლის აღკვეთა, საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანა, სააღსრულებო ბიუროს განკარგულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ყ-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟ. კ-ის, გ. ყ-ის, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. ბათუმში, გ-ის N69-ში მდებარე N10 გ. ყ-ის საკუთრებაში პრივატიზაციის გზით გადაცემული ბინიდან ი. ყ-ის კუთვნილი ¼ წილის ამორიცხვა და, შესაბამისად, ამ ნაწილში აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 27 ივნისის ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების გაუქმება, საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და ხელშეშლის აღკვეთა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ი. ყ-ის სასარჩელო მოთხოვნები. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის განჩინება, რომლის თანახმად მოპასუხე ჟ. კ-ს აეკრძალა მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების, ქ. ბათუმი გ-ის ქ. №69-ში მდებარე №10 ბინის გასხვისება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინებით ი. ყ-ის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. ყ-მა, ი. ყ-მა და თ. ყ-მა სარჩელი აღძრეს გ. ყ-ისა და ჟ. კ-ის მიმართ, მესამე პირად მიუთითეს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო და მოითხოვეს ბათუმში, გ-ის ქ. №69-ში მდებარე №10 ბინის 1/4 წილის თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამის შემდეგ, 2013 წლის 11 ივნისს გ. ყ-მა აღძრა იდენტური შინაარსის სარჩელი იმავე მოპასუხეების მიმართ, იდენტური საფუძვლითა და მოთხოვნებით, ოღონდ, ამ მოთხოვნებს დაუმატა უძრავი ქონებიდან ამორიცხულ წილზე ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნაც, შესაბამისად, სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლებითა და იმავე მოთხოვნებით. მართალია, ამჯერად, აპელანტი, დამატებით, ითხოვს ქონებიდან ამორიცხულ წილზე ხელშეშლის აღკვეთასაც, მაგრამ, როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, ასეთი მოთხოვნები განხილულ უნდა იქნას, როგორც ერთიანი მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ყ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, 2012 წლის 4 მაისის სარჩელის მოთხოვნები იყო ბინის ¾ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, იდეალური წილის განსაზღვრა, აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 27 ივნისის განკარგულების ¾ ნაწილში გაუქმება და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა. 2013 წლის 11 ივნისის სარჩელით კი ი. ყ-ი ითხოვს ნატურით გადაცემული ქონებიდან წილის ამორიცხვას, ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანას. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნები არ არის იდენტური. მართალია, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი, შესაძლოა, იგივე იყოს, მაგრამ ეს გარემოება არ წარმოდგენს სარჩელის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, ი. ყ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოება არ უნდა შეეწყვიტა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც დავის ფარგლებში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმის განმხილველმა სასამართლო შემადგენლობამ უნდა გამოიკვლიოს, იყო თუ არა გადაწყვეტილება გამოტანილი იმავე მოდავე მხარეების მიმართ, რა იყო სასარჩელო მოთხოვნა, იყო თუ არა დავის საგანი იდენტური (იგივე ნივთის მიკუთვნება, იგივე ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ა.შ) და რას წარმოადგენდა სარჩელის საფუძვლები. „სარჩელის საფუძვლები“ მოცემული ნორმის მიზნებისათვის გულისხმობს სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივ, ისე - სამართლებრივ დასაბუთებას, თუმცა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებს უნდა მიენიჭოს, ვინაიდან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ გამოსაყენებელ სამართლის ნორმას თავად სასამართლო განსაზღვრავს, თუნდაც მხარეს იგი მითითებული არ ჰქონდეს (სუსგ №ას-257-247-2013). საქმის წარმოების შეწყვეტის სავალდებულო პირობაა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყველა პირობა არსებობდეს. ამო ნორმის მიზნებისათვის სასარჩელო მოთხოვნები და სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება იდენტური უნდა იყოს, ამასთან მხედველობაში არ მიიღება მოთხოვნის ფორმულირებებს შორის ფორმალური განსხვავება, არამედ მნიშვნელოვანია მათი შინაარსი.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. ბ-მ, ი. ყ-მა და თ. ყ-მა სარჩელი აღძრეს გ. ყ-ის, ჟ. კ-ისა და აჭარის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ. მათ მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. ბათუმი გ-ის ქ. №69-ში მდებარე №10 ბინის ¾ იდეალური წილის მესაკუთრედ ცნობა (თითოეულის ¼ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა), აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 27 ივნისის განკარგულების ¾ ნაწილში გაუქმება, საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. სარჩელის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ 1995 წლის 17 მარტს გ. ყ-მა მოახდინა სადავო ბინის პრივატიზაცია და იგი დარეგისტრირდა მის სახელზე. პრივატიზაციის დროს მოსარჩელეები ბინაში ჩაწერილები იყვნენ. მოსარჩელეებმა არ იცოდნენ, რომ გ. ყ-ს ჟ. კ-ის ვალი ჰქონდა და სასამართლო განიხილავდა ჟ. კ-ის სარჩელს მის მიმართ. სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 27 ივნისის განკარგულებით 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ჟ. კ-ს ნატურით გადაეცა 32818 ლარად ღირებული სადავო ქონება, რითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ეს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2013 წლის 11 ივნისს ი. ყ-მა ჟ. კ-ის, გ. ყ-ის და აჭარის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში, გ-ის N69-ში მდებარე N10 გ. ყ-ის საკუთრებაში პრივატიზაციის გზით გადაცემული ბინიდან ი. ყ-ის კუთვნილი ¼ წილის ამორიცხვა და, შესაბამისად, ამ ნაწილში აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 27 ივნისის ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულების გაუქმება, საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და ამორიცხული ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ორი სარჩელის მოთხოვნები იდენტურია, ვინაიდან ორივე მათგანი მიმართულია ი. ყ-ის სადავო ქონების ¼ წილის მესაკუთრედ ცნობის, ამ ნაწილში აღსრულების ბიუროს განკარგულების გაუქმებისა და საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისაკენ. მართალია, ახალ სარჩელში გ. ყ-ი დამატებით მოითხოვს ამორიცხული ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, მაგრამ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნეგატორული მოთხოვნა თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნის შემადგენელი ნაწილია და მასთან ერთიანად უნდა იქნეს განხილული, ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ ზემოაღნიშნული ორი სარჩელით დაყენებული მოთხოვნები ერთმანეთისაგან განსხვავდება. რაც შეეხება ი. ყ-ის სარჩელის საფუძვლებს, იგი ასევე ემთხვევა წინა სარჩელს. მოსარჩელე ამ შემთხვევაშიც მიუთითებს, რომ 1995 წლის 17 მარტს გ. ყ-მა მოახდინა სადავო ბინის პრივატიზაცია და იგი დარეგისტრირდა მის სახელზე. პრივატიზაციის დროს მოსარჩელე ბინაში ჩაწერილი იყვნენ. მან არ იცოდა, რომ გ. ყ-ს ჟ. კ-ის ვალი ჰქონდა და სასამართლო განიხილავდა ჟ. კ-ის სარჩელს მის მიმართ. სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 27 ივნისის განკარგულებით 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ჟ. კ-ს ნატურით გადაეცა 32818 ლარად შეფასებული ქონება, რითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ყ-მა აღძრა იგივე სარჩელი იმავე მხარეების მიმართ საქმეზე, რომელზეც არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული, კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე