Facebook Twitter

საქმე №ას-442-417-2014 6 ივნისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „.... ჯ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ ....ც-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – მომსახურების საზღაურის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „.... ც-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „.... ჯ-ას“ მიმართ დაზღვეულ პირთა მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით სს „.... ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის სხდომას, რომელზეც დამთავრდა საქმის არსებითი განხილვა და გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, ესწრებოდნენ მხარეთა წარმომადგენლები, აღნიშნულის თაობაზე ჩამოერთვათ ხელწერილი.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება სს „.... ჯ-ას“ წარმომადგენელს ჩაბარდა 2014 წლის 31 მარტს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2591 მუხლით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღიდან - 2014 წლის 22 თებერვლიდან და ამოიწურა ამავე წლის 7 მარტს, რომელიც არ იყო უქმე დღე, სააპელაციო საჩივარი მხარემ წარადგინა 2014 წლის 3 აპრილს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს „.... ჯ-ამ“ (გაკოტრების მმართველი კ.ვ-ი), მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით:

საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე აპელანტს გაუუქმდა დაზღვევის ლიცენზია და დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება, გაკოტრების მმართველად დაინიშნა კ.ვ-ი. კომპანიაში მიმდინარეობდა გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესები, რაც კრედიტორთა, მათ შორის მოსარჩელის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა, თანამშრომლებს შორის არ იყო განაწილებული უფლება-მოვალეობები, საზოგადოებას ჯერ კიდევ არ გააჩნდა კანცელარია ან ასეთი დანიშნულების სტრუქტურული ერთეული და მიუხედავად საზოგადოების მცდელობისა, თვალყური ედევნებინა სასამართლოში მიმდინარე პროცესებისათვის, სასამართლოს მხრიდან აპელანტის ინფორმირება ვერ ხერხდებოდა. ეს ყველაფერი აისახა სწორედ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების დროულად ჩაუბარებლობაზე, ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ საზოგადოების გაკოტრების მმართველი ხშირად მივლენილი იყო რეგიონებში. მითითებული გარემოებები კი, კერძო საჩივრის ავტორის შეფასებით, საფუძველი გახდა სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის საპატიოდ დარღვევისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტით სს „.... ჯ-ა“ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „.... ჯ-ას“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სს „.... ჯ-ას“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღიო, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩათვალა, რომ აპელანტი ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილება, აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, სასამართლომ ჩათვალა, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2014 წლის 22 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 7 მარტს, რომელიც არ იყო უქმე დღე, სააპელაციო საჩივარი მხარემ წარადგინა 2014 წლის 3 აპრილს.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ზემოაღნიშნულ სამართლებრივ დასაბუთებას და გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონმდებელი ზემოაღნიშნულით ადგენს სააპელაციო საჩივარის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენის დაწყების ზოგად წესს და აღნიშნულს უკავშირებს გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი, განიხილავს გადაწყვეტილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაცემას, ასევე 2591 მუხლით დადგენილი წესით მხარისათვის ჩაბარებას, ან ამავე ნორმის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი ზოგადია და ამ ვადის დენის სწორად გამოთვლისათვის, სავალდებულოა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის სწორი ანალიზი.

მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილი იმ მხარეს, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ან ვისთვისაც ცნობილი იყო მისი გამოცხადების დღე, უდგენს ვალდებულებას, თავად გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა და ჩაიბაროს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ვადი დენა მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყება, თუმცა, ნორმის მიზნების სწორი განმარტებისათვის, სავალდებულოა მისი მე-2 ნაწილის დანაწესის სრულყოფილი ანალიზი, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი არეგულირებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარეთა უპირობო გათავისუფლების საფუძვლებს და ეს საფუძვლები ამავე ნორმის პირველ ნაწილშია ჩამოთვლილი, თუმცა კანონმდებლის მიერ ნორმაში შემოთავაზებული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და მისი მე-2 ნაწილით განსაზღვრულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა კანონისმეირი შემთხვევის არსებობა.

საპროცესო ნორმით გათვალისწინებული ეს უკანასკნელი გამონაკლისი რეგულირებულია სპეციალური კანონით - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელის მე-5 პუნქტი ადგენს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, ისე ამ ნორმისაგან განსხვავებულ კლასიფიკაციას. დასახელებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების, მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე (იხ. სუსგ №ას-1069-1003-2012, 3 აგვისტო, 2012 წელი).

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტ მხარეს, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ლიკვიდაციაში მყოფი მზღვეველი წარმოადგენს, ხოლო დავა სადაზღვევო დაუფარავი ვალდებულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება წარმოადგენს, მოპასუხის (აპელანტის) მიმართ სასამართლომ არასწორად გაავრცელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილი, ნაცვლად ამავე ნორმის მე-2 ნაწილისა.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქალაქო სასამართლოს მხარისათვის გადაწყვეტილების ასლი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ გაუგზავნია, ხოლო აპელანტმა იგი ჩაიბარა 2014 წლის 31 მარტს, თავის მხრივ, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2014 წლის 4 აპრილს. ამ გარემოებათა ანალიზით კი, პალატა თვლის, რომ სს „.... ჯ-ას“ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია რაც სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს „.... ჯ-ას“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რაც მისი დაკმაყოფილების წინაპირობას წარმოადგენს, შესაბამისად, მოცემული საქმე სააპელაციო პალატას უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმების მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „.... ჯ-ას“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე