Facebook Twitter

№ას-447-422-2014 27 ივნისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ჯ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის მერია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეების - ა. კ-ას, ლ. ტ-ას და ა. ჯ-ისთვის სოლიდარულად 49 726 ლარის გადახდის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ა. კ-ას, ა. ჯ-ს და ლ. ტ-ას ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 49 726 ლარის გადახდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა. ჯ-მ რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. ჯ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 1882.82 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა.

ა. ჯ-მ ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, მიუთითა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; მიუთითა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს. ამასთან, აპელანტმა განმარტა, რომ არის პენსიონერი, გარდა პენსიისა სხვა შემოსავალი არ გააჩნია და ითხოვა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

2014 წლის 31 მარტს აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი მოცემულ საქმეზე არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ჯ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, იგი პენსიონერია და სხვა შემოსავალი არ გააჩნია. სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა უსპობს საშუალებას სააპელაციო საჩივრის წარდგენით დაიცვას თავისი ინტერესები. სააპელაციო სასამართლომ მოითხოვა მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, მაშინ, როდესაც მის სახელზე რიცხული ქონება დაყადაღებულია საქმეში წარმოდგენილი განჩინების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. ჯ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 1882.82 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა.

ა. ჯ-მ, ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო, კერძოდ, მიუთითა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; მიუთითა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს. ამასთან, აპელანტმა განმარტა, რომ არის პენსიონერი, გარდა პენსიისა სხვა არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და ითხოვა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

2014 წლის 31 მარტს აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთების ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი ა. ჯ-ის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, მხოლოდ ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელი პენსიონერია, არ ადასტურებს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მის სახელზე რიცხული ქონება დაყადაღებულია, ამ მტკიცებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ყადაღა დაედო ა. ჯ-ის კუთვნილ უძრავ ნივთებს. ეს გარემოება არ ადასტურებს, იმ ფაქტს რომ მოპასუხეს არ გააჩნია ფულადი სახსრები ან რაიმე შემოსავალი სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. შესაბამისად, მხარე უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ ადასტურებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე