Facebook Twitter

№ას-474-448-2014 26 ივნისი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ბათუმის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე. ჯ-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ე. ჯ-ა+-მა“, ბათუმის მერიის მიმართ, რომელმაც მოითხოვა მასზე მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ღირებულების გადაუხდელი თანხის - 73 624.78 ლარის ანაზღაურება, ასევე ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის 2118 ლარის გადახდის დაკისრება საიდანაც 853 ლარი წარმოადგენს გადახდილ საურავს სახელმწიფოს სასარგებლოდ დღგ-ს თანხის გადახდის ვადis გადაცილების გამო, ხოლო 1265 ლარი - საშემოსავლო გადასახადს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ე. ჯ-ა+-ს" სარჩელი; ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა შპს „ე. ჯ-ა+-ს“ სასარგებლოდ მიწოდებული საქონლისა და მომსახურების ღირებულების გადაუხდელი თანხის - 73129.78 ლარის გადახდა; შპს "ე. ჯ-ა+-ის“ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბათუმის მერიის წარმომადგენელი მ. კ-ე სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე აპელანტს სასამართლოსათვის არ უცნობებია.

აღნიშნული განჩინება ბათუმის მერიამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი აღიარებს, რომ ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის იურდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტ-იურისტი მ. კ-ე სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო სატელეფონო შეტყობინებით, მაგრამ მას მხარისათვის - ბათუმის მერიისათვის არ უცნობებია საქმის განხილვის თაობაზე. მ. კ-ე 2014 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა შვებულებაში, რაც სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ბათუმის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინებით ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.

მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. რაც შეეხება იმავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს - სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი ობიექტურად უნდა იყოს საპატიო და ნათლად მიუთითებდეს, რომ კონკრეტულ დროს დანიშნულ სხდომაზე მხარე ვერ გამოცხადდებოდა, გარდა ამისა, მხარეს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამგვარი მიზეზის შესახებ წინასწარ აცნობოს სასამართლოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის მისი წარმომადგენლის - მ. კ-ის უფლებამოსილებას. იგი ასევე ადასტურებს, რომ მ. კ-ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 7 აპრილს 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით. მხარე სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მ. კ-ე 2014 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით იმყოფებოდა შვებულებაში, რაც, მისი მოსაზრებით, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს წარმოადგენს, გარდა ამისა, მ. კ-ს სხდომის თაობაზე ქ. ბათუმის მერიისათვის არ უცნობებია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ შვებულების გამოყენება და ამ პერიოდში მასზე დაკისრებული ვალდებულებების გადანაწილება წარმოადგენს ორგანიზაციის შიდა ურთიერთობას და გავლენას არ ახდენს სასამართლოში საქმის განხილვაზე. წარმომადგენლის შვებულებაში ყოფნა არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ „განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას“ და მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მ. კ-ს სხდომის თაობაზე ქ. ბათუმის მერიისათვის არ უცნობებია, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმომადგენლის მიერ მარწმუნებლის წინაშე საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება ამ წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას ვერ გამოიწვევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის მერიის კერძო საჩივარი ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ბათუმის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე