№ას-495-469-2014 27 ივნისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. ხ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ჭ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჭ-ამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში თ. ხ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა თ. ხ-ის კუთვნილი ქ. ქუთაისში ლ. უ-ას ქ. №12-ში მდებარე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია 7800 აშშ დოლარის ლ. ჭ-ას სასარგებლოდ ამოღების მიზნით.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაენიშნა 10-დღიანი საპროცესო ვადა, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად - სახელმწიფო ბაჟის 568.53 ლარის გადასახდელად.
განჩინების საპასუხოდ, 2014 წლის 5 მარტს თ. ხ-მ წარადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას, ვინაიდან არ გააჩნდა მისი გადახდის ეკონომიკური შესაძლებლობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 მარტის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა გაგრძელდა 10 დღით.
2014 წლის 24 მარტს თ. ხ-მ წარადგინა განცხადება, სადაც იშუამდგომლა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 მარტის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა კიდევ 10 დღით. ეს განჩინება თ. ხ-ს ჩაბარდა 2014 წლის 2 აპრილს.
განჩინების საპასუხოდ, 2014 წლის 10 აპრილს თ. ხ-მ სასამართლოს განცხადებით მიმართა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით თ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.
აღნიშნული განჩინება თ. ხ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის უშვებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას. ბაჟის გადახდის საშუალება მას არ გააჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაენიშნა 10-დღიანი საპროცესო ვადა, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად - სახელმწიფო ბაჟის 568.53 ლარის გადასახდელად. ხარვეზის შევსების ვადა აპელანტის მოთხოვნით ორჯერ გაგრძელდა 10 დღით. საბოლოოდ, 2014 წლის 10 აპრილს თ. ხ-მ სასამართლოს განცხადებით მიმართა და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
აღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთების ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი თ. ხ-ის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, შესაბამისად, მხარე უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ ადასტურებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ხ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე