№ას-499-473-2014 30 ივნისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი. ხ.-ხ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ი. ხ.-ხ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის - 5000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, ნ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი. ხ.-ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ.-ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, ი. ხ.-ხ-ის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
იმავე სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, აპელანტ ი. ხ.-ხ-ს წარმომადგენელ მ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 3 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 თებერვლის განჩინებით ი. ხ.-ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ხ.-ხ-ის წარმომადგენელმა მ. ხ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგი დასაბუთებით: მისი მარწმუნებელი საზღვარგარეთ იმყოფება და ამასთან დროებით უმუშევარია, რის გამოც, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იშუამდგომლეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მ. ხ-მ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა, მაგრამ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო მარწმუნებელთან ან მის რომელიმე ოჯახის წევრთან დაკავშირება, რის გამოც, ხარვეზის შევსება ვერ მოხერხდა. არც ი. ხ-ს და არც მის რომელიმე ოჯახის წევრს სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, ი. ხ.-ხ-ის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.
იმავე სასამართლოს 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, აპელანტ ი. ხ.-ხ-ს წარმომადგენელ მ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 3 დღით. განჩინება 2014 წლის 25 იანვარს პირადად მ. ხ-ს ჩაბარა. აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც სასამართლოსათვის მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ი. ხ.-ხ-ს წარმომადგენელ მ. ხ-ის მითითებას, რომ მისი მარწმუნებელი დროებით უმუშევარია, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვეს, სააპელაციო სასამართლომ კი, ეს გარემოება არ გაითვალისწინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
აღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთების ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი ი. ხ-ის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, მხოლოდ სიტყვიერ მითითებაზე დაყრდნობით კი, სასამართლო ვერ დააკმაყოფილებდა მხარის მოთხოვნას. ვინაიდან მხარე უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ ადასტურებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მისი მარწმუნებელი საზღვარგარეთ იმყოფება. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო მარწმუნებელთან ან მის რომელიმე ოჯახის წევრთან დაკავშირება, რის გამოც, ხარვეზის შევსება ვერ მოხერხდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, აპელანტი ვალდებულია, ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეავსოს, შესაბამისად, მითითება იმის შესახებ, რომ ადვოკატი მარწმუნებელს ვერ დაუკავშირდა, ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზი არ არის, მით უმეტეს, რომ ამგვარი ვითარებაში მ. ხ-ს შეეძლო, იმავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოეთხოვა, მაგრამ მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
ასევე უსაფუძვლოა მ. ხ-ის პრეტენზია, რომ არც ი. ხ-ს და არც მის რომელიმე ოჯახის წევრს სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამ ნორმის შესაბამისად, წარმომადგენლისათვის განჩინების გაგზავნა საკმარისია და სასამართლო არ არის ვალდებული, მხარესაც გაუგზავნოს შესაბამისი დოკუმენტები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ხ.-ხ-ის წარმომადგენელ მ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე