№ას-513-486-2014 27 ივნისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ს. ს. დ. ც-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ს-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ს-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა შპს ,,თ. ს. ს. დ. ც-ის“ დირექტორის 2013 წლის 5 აპრილის დ. ს-ას გათავისუფლების შესახებ №338/1 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის, ყოველთვიურად 2 080 ლარის, ანაზღაურება 2013 წლის 5 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ს. ს. დ. ც-ის“ დირექტორის 2013 წლის 5 აპრილის №338/1 ბრძანება დ. ს-ას გათავისუფლების შესახებ. დ. ს-ა აღდგენილ იქნას შპს ,,ს. ს. დ. ც-ის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. მოპასუხე შპს ,,ს. ს. დ. ც-ს“ დ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება თვეში ხელზე ასაღები 2080 ლარი 2013 წლის 5 აპრილიდან სამსახურში აღდგენის დღემდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,ს. ს. დ. ც-ს“, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის სხდომის დღის თაობაზე სასამართლო უწყება გაეგზავნა 2014 წლის 7 აპრილს, სააპელაციო საჩივარში მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა აპელანტს შპს ,,ს. ს. დ. ც-ის“ საქმის წარმოების სპეციალისტს ე. მ-ს, 2014 წლის 10 აპრილს, რაც დასტურდება გზავნილზე აღნიშნული პიროვნების ხელმოწერით და მითითებული პირადობის მოწმობით №.....; აპელანტს არ უცნობებია სააპელაციო სასამართლოსათვის სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს. ს. დ. ც-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, უწყება ჩაბარდა სსიპ ,,ს. ს. დ. ც-ს“, რომელიც იმავე მისამართზე მდებარეობს. უწყებაზე ხელმომწერი პირი - ე .მ-ი არ არის შპს „ს. ს. დ. ც-ის“ თანამშრომელი. საშტატო განრიგი ადასტურებს, რომ საქმის მწარმოებლის პოზიციაზე გათვალისწინებულია ერთი საშტატო ერთეული. შესაბამისი ბრძანებით დასტურდება, რომ ნ. კ.-თ-ი 2014 წლის 8 იანვრიდან დღემდე მუშაობს საქმისმწარმოებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს „ს. ს. დ. ც-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მომწესრიგებელი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს.
იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ უწყების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე დასმულია არა შპს „ს. ს. დ. ც-ის“, არამედ სსიპ „ს. ს. დ. ც-ის“ ბეჭედი, რომელიც მოპასუხის იდენტური დასახელების, მაგრამ განსახვავებული სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციაა. შეტყობინების ბარათზე ბეჭედი დასმულია იმგვარად, რომ არ ჩანს იურიდიული პირის უნიკალური გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ უწყება ჩაბარდა შპს „ს. ს. დ. ც-ს“, ყოველგვარი ეჭვი კი მხარის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. ს. დ. ც-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება და საქმე შპს „ს. ს. დ. ც-ის“ სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე