№ას-527-500-2014 30 ივნისი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ. ც-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „თ. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბ. ც-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 716,1 ლარისა და განვადების ბარათზე არსებული დავალიანების - 2814,3 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ბ. ც-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 716,1 ლარის, ასევე, განვადების ბარათზე არსებული დავალიანების 2814,3 ლარის ანაზღაურება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბ. ც-მა კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, რაც ბ. ც-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით ბ. ც-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2014 წლის 20 მარტს გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება, გამოცხადებას ესწრებოდა ბ. ც-ი, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა ამ მომენტიდან იწყება. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 3 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 4 აპრილსაა შეტანილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ბ. ც-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებიდან იწყება და არა მისი გამოტანიდან. აღნიშნული განჩინება კი, მხარეს არ ჩაბარებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ბ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს კერძო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლოს არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებიდან იწყება და არა მისი გამოტანიდან
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო სხდომაზე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას აცხადებს, რასაც ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, ვადის ათვლის წესი იცვლება და იგი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან იწყება, რაც იმ მოსაზრებითაა განპირობებული, რომ ასეთ შემთხვევაში, მხარისათვის ცნობილია გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 21 მარტიდან და 3 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი ამ ვადის დარღვევით, 2014 წლის 4 აპრილსაა შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შეტანილი, სააპელაციო სასამართლომ იგი განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე