ბს-718-305 (კ-05) 12 ოქტომბერი, 2005წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: მიწის მართვის ხაშურის რაიონული რეგისტრატურის 2001წ. 27 ივლისის ჩანაწერის, ხაშურის რაიონის გამგეობის 1997წ. ¹106 დადგენილების ბათილად ცნობა, შეგებებული სარჩელით ეროვნული მუზეუმისათვის გადაცემულ მიწის ფართზე ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი:
თ. გ.-მ სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და ხაშურის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ჩანაწერისა და ხაშურის რაიონის გამგეობის 1997წ. ¹106 დადგენილების ბათილად ცნობა, ადვოკატის ხარჯის _ 250 ლარის და სახელმწიფო ბაჟის, 30 ლარის, ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1989წ. 13 სექტემბერს ხაშურის რაიაღმასკომის ¹424 გადაწყვეტილებით ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისათვის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზის ასაშენებლად გამოიყო მიწის ნაკვეთი 0,50 ჰა-ს ოდენობით ყოფილი ალის საბჭოთა მეურნეობის მიწებიდან. როგორც მისთვის ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მინისტრთა საბჭომ არ დაამტკიცა. 1992წ. 24 აპრილს მას სოფლის მოსახლეობის საერთო კრების დადგენილებით გამოეყო და საკუთრების უფლებით მიეცა 1174 კვ.მ მიწა. მათ შორის, როგორც ეს მიღება-ჩაბარების ¹33 აქტითაა დადგენილი, არქეოლოგიური ბაზისათვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთიდან 0,10 ჰა, რომელსაც ამუშავებდა და იღებდა შემოსავალს. 2002წ. 23 ივნისს ჩაჰბარდა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ¹... და საჯარო რეესტრში გატარდა როგორც მესაკუთრე.
1997წ. 6 აგვისტოს ხაშურის რაიონის გამგეობა კვლავ დაუბრუნდა არქეოლოგიური ბაზის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის საკითხს. საკრებულოს გამგეობამ გამოიტანა ¹106 დადგენილება, რომლითაც სახელმწიფო მუზეუმს კვლავ შეჰპირდა 0,50 ჰა მიწის ნაკვეთის შერჩევას და გამოყოფას. ასეთი გადაწყვეტილება საკრებულოს გამგეობამ მიიღო მაშინ, როდესაც მიწის პრივატიზაცია დამთავრებული იყო და მიწის ნაკვეთი მუზეუმს შეიძლებოდა შეეძინა იჯარის ან აუქციონის წესით. მოსარჩელე მიუთითებდა ასევე, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს მიწის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კომისიამ ხაშურის რაიონის გამგეობის 1997წ. 6 აგვისტოს დადგენილება არ დაამტკიცა. ამის მიუხედავად, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ 2001წ. 16 ივლისის ¹4/15-461 წერილით მოითხოვა ხაშურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსს დაეკანონებინა 1989 წელს მუზეუმისათვის არქეოლოგიური მშენებლობისათვის გამოყოფილი 0,27 ჰა მიწის ნაკვეთი არქეოლოგიური ბაზის საჭიროებისათვის, რომელშიც შედის მისი მიწის ნაკვეთიც.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
საქართველოს შ. ა.-ის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა შეგებებული სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ თ. გ.-ის და მესამე პირების _ ხაშურის რაიონის გამგეობისა და მიწის მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს მიმართ და მოითხოვა თ. გ.-ისა და სხვებისათვის იმ ჩანაწერების გაუქმება, რომლებიც ეხებოდა მათ კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწებს.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1989 წელს მათ გამოეყოთ მიწის ნაკვეთი არქეოლოგიური ბაზის მოსაწყობად. ეს ფართი შემოფარგლეს კაპიტალურად. 1990 წელს, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და სოციალური პირობების დროს, ადგილობრივი მოსახლეობიდან წარმოიქმნა პრობლემები, რის გამოც მუზეუმი იძულებული გახდა, მიემართა მთავრობისათვის. ხაშურის რაიონის გამგეობამ 1997 წელს ხელმეორედ გამოუყო მუზეუმს აღნიშნული მიწის ნაკვეთი. 2001 წელს ხელახლა შეექმნათ პრობლემები და იძულებულები გახდნენ, ხელახლა მიემართათ მთავრობისათვის, რათა მუზეუმის არქეოლოგიური ბაზის მოსაწყობად გამოყოფილი მიწის ნაკვეთი საბოლოოდ დაეკანონებინათ. მათ გაიფორმეს საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მიწის მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს რეგისტრატორის 2001წ. 27 ივლისის ჩანაწერი თ. გ.-ის მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში მიწის ნაკვეთის საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის შესრულების მომენტიდან, როგორც უკანონო და აღდგენილ იქნა თ. გ.-ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შეგებებული სარჩელი თ. გ.-ის მიწის საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შ. ა.-ის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინებით საქართველოს შ. ა.-ის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უარი ეთქვა მიწის მართვის ხაშურის რაიონულ სამმართველოს რეგისტრატორის 2001წ. 27 ივლისის ჩანაწერის ბათილად ცნობაზე, რომლითაც მოხდა თ. გ.-ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმება. ასევე არ იქნა ბათილად ცნობილი ხაშურის რაიონის გამგეობის 1997წ. ¹106 დადგენილება უსაფუძვლობის გამო.
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საჯარო რეესტრში არსებული თ. გ.-ის და მ. გ.-ის სახელზე არსებული 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის, ანუ სადავო ფართზე არსებული ჩანაწერები და აეკრძალათ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისათვის ხელშეშლა გადაცემულ მიწის ფართზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. გ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეროვნული მუზეუმის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში თ. გ.-ისა და მ. გ.-ის სახელზე არსებული ჩანაწერი 0,10 ჰა მიწაზე და აღეკვეთათ ეროვნული მუზეუმისათვის ხელშეშლა იჯარის ხელშეკრულებით გადაცემულ ფართზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. გ.-ის სარჩელის საგანს წარმოადგენდა საქართველოს მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში 2001წ. 27 ივლისს განხორციელებული ჩანაწერის და ხაშურის რაიონის გამგეობის 1997წ. 6 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობა. ეროვნული მუზეუმის სარჩელის საგანს წარმოადგენდა საჯარო რეესტრში თ. გ.-ისა და მ. გ.-ის სახელზე არსებული 0,10 ჰა მიწის ფართის ჩანაწერის ბათილად ცნობა და მუზეუმისათვის გადაცემულ მიწის ფართზე ხელშეშლის აღკვეთა.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია თ. გ.-ის მოთხოვნა საქართველოს მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში 2001წ. 27 ივლისს განხორციელებული ჩანაწერის გაუქმების შესახებ, რომლითაც გაუქმდა საქართველოს მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, რითაც თ. გ.-ის საკუთრებაში აღრიცხული იყო 0,117 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სექტორ ალის საკრებულოდან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, იმის გათვალისწინებით, რომ საიჯარო ხელშეკრულება, რითაც სადავო მიწის ფართი გადაცემული აქვს შ. ა.-ის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, სადავოდ არ გამხდარა, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნული მუზეუმის მოთხოვნა ამ მიწის სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სსს-ის 581-ე, 474-ე მუხლების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ.-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული. მართალია, სააპელაციო პალატა თვლის, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევითაა მიღებული, მაგრამ მაინც იზიარებს მის მოსაზრებას, რომ დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ეროვნული მუზეუმის სარჩელი.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ, კანონის თავისებური განმარტებით, სკ-ის 158-ე მუხლს უკუქცევითი ძალა მისცა, რითაც არსებითად შელახა კასატორის ინტერესები და გააუარესა მისი მდგომარეობა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ გამგეობის მხრიდან სადავო მიწის იჯარით მუზეუმზე გადაცემის ფაქტი მათი მხრიდან არ გასაჩივრებულა, არ შეეფერება სინამდვილეს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია, რომ მათთვის სადავო მიწის იჯარით გადაცემის ფაქტი არ იყო დროულად ცნობილი. იჯარით მიწის გაცემა მოხდა მათ გარეშე და აგრეთვე, ალის თემის გამგეობის ნებართვის გარეშე. ეს ფაქტი ცნობილი გახდა მათთვის 2004წ. აგვისტოში, რაც დაუყოვნებლივ იქნა გასაჩივრებული.
კასატორი აღნიშნავს ასევე, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაავიწყდა მ. დ.-ის მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და მისი მიწის ნაკვეთიც მუზეუმს მიაკუთვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე მუხლითა და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
თ. გ.-ის სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ხაშურის რაიონის გამგეობის 1997წ. 6 აგვისტოს დადგენილების და მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში 2001წ. 27 ივნისს განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა. ეროვნული მუზეუმის სარჩელის საგანია თ. გ.-სა და მ. გ.-ის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობების გაუქმება, მიწის ნაკვეთზე სხვა პირთა მიერ შენობა-ნაგებობებისა და ღობის აღება და ხელშეშლის აღკვეთა.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა თ. გ.-ის სარჩელის მოთხოვნა ხაშურის რაიონის გამგეობის 1997წ. ¹106 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შ. ა.-ის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზის მოსაწყობად მითითებული დადგენილებით დამტკიცებული მიწის შერჩევის აქტი 0,50 ჰა მიწის თაობაზე არ დაამტკიცა საქართველოს მიწის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კომისიამ. სასამართლომ მიუთითა, რომ შ. ა.-ის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი 0,3 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობდა ხაშურის რაიონის გამგეობის მიერ 2002წ. 30 აგვისტოს ¹91 დადგენილებით დამტკიცებულ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც თ. გ.-ეს არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივია და არ შეესაბამება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონის გამგეობის 1997წ. ¹106 დადგენილება შ. ა.-ის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზის მოსაწყობად 50 ჰა მიწის ნაკვეთის შერჩევის შესახებ არ დაამტკიცა საქართველოს მიწის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კომისიამ, ხოლო, მეორე მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 16.07.01წ. ¹4/15/641 წერილისა და საიჯარო ხელშეკრულების გაუსაჩივრებლობაზე, რომელიც გამგეობის ¹106 დადგენილებასთან ერთად საფუძვლად დაედო თ. გ.-ის საკუთრების თაობაზე მიწის სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის გაუქმებას.
საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მითითებული მსჯელობა არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებას. საკასაციო სასამართლოსათვის გაუგებარია სასამართლოსეული შეფასებები, ვინაიდან თუ ხაშურის რაიონის ¹106 დადგენილება არ დაუმტკიცებია საქართველოს მიწის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კომისიას, მაშინ ხაშურის გამგეობის ¹106 დადგენილებას არ შეუძენია იურიდიული ძალა, შესაბამისად, სასამართლოს ამ დადგენილებაზე მითითებით უნდა ემსჯელა, რამდენად სწორად მოხდა თ. გ.-ის მიწის სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის გაუქმება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ა.-ის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა 2002წ. 30 აგვისტოს ¹91 დადგენილებით დამტკიცებულ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე და ეს ხელშეკრულება თ. გ.-ის მიერ სადავოდ არ იყო გამხდარი. სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ წარმოადგენდა მითითებული იჯარის ხელშეკრულების გაუსაჩივრებლობა თ. გ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს და რა კავშირში იყო იჯარის ხელშეკრულება ჩანაწერის გაუქმებასთან, ვინაიდან ჩანაწერი გაუქმდა 27.07.2001 წელს და გაუქმების საფუძვლად მიეთითა ხაშურის რაიონის გამგეობის 06.08.1997წ. ¹106 დადგენილება, ხოლო იჯარის ხელშეკრულება, როგორც სასამართლომ დაადგინა, დაიდო 30.08.2002 წელს.
სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის საფუძველს წარმოადგენდა თ. გ.-ის სახელზე გაცემული საკუთრების (სარეგისტრაციო) მოწმობა, რომელიც, თავის მხრივ, ემყარებოდა ¹33 მიღება-ჩაბარების აქტს და აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების გაუქმების (ბათილად ცნობის) გარეშე, რამდენად საფუძვლიანი იყო ხაშურის რაიონის ¹106 დადგენილება და ჩანაწერის გაუქმება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შ. ა.-ის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სასამართლომ არ მიუთითა სამართლის არც ერთ ნორმაზე, რომლის საფუძველზეც მესამე პირის სარჩელი მიიჩნია საფუძვლიანად. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა მუზეუმის სარჩელი საჯარო რეესტრში არსებული 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის ბათილად ცნობის თაობაზე, რომ საერთოდ არ იმსჯელა ამ უკანასკნელთა სახელზე 28.04.192წ. გაცემული მიწის საკუთრების (სარეგისტრაციო) ¹... და ¹... მოწმობებისა და მიღება-ჩაბარების აქტების შესახებ. სასამართლოს ასევე არ შეუმოწმებია მესამე პირის სარჩელის ხანდაზმულობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.