Facebook Twitter

საქმე №ა-1583-ა-10-2014 6 ივნისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ნ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „.. .. .. უ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - სასესხო ვალდებულების დადგენა

a R w e r i l o b i T i n a w i l i:

შპს „…… უ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ მოსარჩელესა და შპს „….. +-ს“ შორის არსებული სასესხო დავალიანების, რომლის მოთხოვნის უფლებაც ნ. მ-ს შპს „….. +-თან“ დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნდა, 14670 ლარით განსაზღვრის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის გამო, 2013 წლის 11 აპრილს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ შპს „….. უ-ის“ დარჩენილი სასესხო ვალდებულება ნ. მ-ის მიმართ შეადგენს 14 670 აშშ დოლარს. ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „…… უ-ის“ განცხადება და ნ. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 968.22 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით ნ. მ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დამატებითი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მ, რომლითაც მათი გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე წერილობითი შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადის განსაზღვრის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „……. უ-მა“ (დირექტორი ჯ.ა-ე), მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების უცვლელად დატოვება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინებით შპს „…… უ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინება და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2013 წლის 20 ივნისის განჩინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ. მ-ის წარმომადგენელმა გ. ს-მა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების საქმის წარმოების განახლება.

წინამდებარე სამოქალაქო საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 3 ივნისს.

s a m o t i v a c i o n a w i l i:

საკასაციო სასამართლო მოცემული განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს განცხადების განმხილველი სასამართლოს ვალდებულება, საქმის განსახილველად მომზადების ეტაპზე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს ფორმალური თვალსაზრისით შეესაბამება თუ არა განცხადება კანონის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. ნორმის ამ დანაწესთაგან რომელიმეს დარღვევა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველია. გარდა აღნიშნულისა, იმისათვის, რათა სასამართლომ განიხილოს განცხადების არსებითი საფუძვლიანობა, მომზადების ეტაპზე ასევე უნდა გაირკვეს განსჯადობის წესის თაობაზე მითითების კანონშესაბამისობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 11 აპრილს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2013 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 4 მარტის განჩინებით არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება დაუსწრებელი გადაწყვეტილების არასწორად გამოტანის თაობაზე და საკასაციო სასამართლომ განჩინებით უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილებით საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა რაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯად სასამართლოდ მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავს.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ნ. მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის მოტივით განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 13 მაისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

s a r e z o l u c i o n a w i l i:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 424-ე, 429-ე მუხლებით და

d a a d g i n a:

1. ნ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. განმცხადებელ ნ. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 13 მაისს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი