№ა-1492-შ-47-2014 30 ივნისი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - მ-ა ა. ნ. გიზი
მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ-ა ა. ნ. გიზის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.გ-ს ... წლის... ნოემბერს დაბადებული ქალიშვილის, ჰ-ა ა. მ. გიზისა და ... წლის .. თებერვალს დაბადებული ვაჟის, ჰ-ი მ. მ. ოღლის შენახვისათვის, ალიმეტის სახით დაეკისრა თვეში 100 მანეთის გადახდა თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 2013 წლის 26 ივლისიდან მათ სრულწლოვანებამდე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ-ა ა. ნ. გიზიმ, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 30 დეკემბერს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა ალიმენტის დაკისრების ნაწილში და მოპასუხე გაფრთხილებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.
მ. გ-მა განცხადება შემოიტანა უზენას სასამართლოში, მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, ასევე მიუთითა, რომ ქ. ბაქოს ნარიმანოვის რაიონის სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე გაფრთხილებული არ იყო. მას არ მიუღია წერილობითი შეტყობინება და საქმე მის გარეშ განიხილეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ მ-ა ა. ნ. გიზის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები ან გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მ. გ-ი არ ესწრებოდა საქმის განხილვას. სასამართლოს ცნობის თანახმად, იგი დროულად გაფრთხილდა საქმის განხილვის თაობაზე. მოპასუხე მ. გ-ი სადავოდ ხდის ამ ფაქტს და მიუთითებს, რომ მას არანაირი შეტყობინება საქმის განხილვის დროის თაობაზე არ მიუღია.
ამ პირობებში სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა, ადასტურებდეს მხარის მიერ გზავნილი მიღებას. მტკიცების ტვირთი ეკისრება შუამდგომლობის ავტორს. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაზე დართული გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „სასამართლომ პასუხისმგებელ მ. ჰ-ს დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა, მაგრამ პასუხისმგებელი არც თვითონ გამოცხადებულა და არც წარმომადგენელი გამოუგზავნია.“ შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, არ დასტურდება ის გარემოება, რომ შეტყობინება მოპასუხეს ჩაბარდა. მართალია, ქ. ბაქოს ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს ცნობაში მითითებულია, რომ მ. გ-ი დროულად გაფრთხილდა საქმის განხილვის თაობაზე, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის უცნობია, რა იგულისხმება გაფრთხილებაში, მხოლოდ გზავნილის გაგზავნა, თუ მისი ადრესატისათვის ჩაბარების დადასტურებაც. საქმეში არსებული სავარაუდოდ საფოსტო შეტყობინების ბარათიდან, რომელზეც სასმართლო მიუთითებს ცნობაში, არ ირკვევა გზავნილი ჩაბარდა თუ არა მ. გ-ს. ბარათზე არ იკითხება არც ერთი სიტყვა და იგი როგორც გზავნილის მიღებას, ისე მის მიუღებლობასაც შეიძლება ადასტურებდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის უცნობია, აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად, საკმარისია თუ არა ადრესატისათვის უწყების გაგზავნა სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და ჩაბარების დადასტურების გარეშე ან ჩაუბარებლობის შემთხვევაში, არის თუ არა სასამართლო უფლებამოსილი განიხილოს საქმე მხარის დაუსწრებელად, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც უტყუარად არ დასტურდება, რომ მხარეს ჩაბარდა შეტყობინება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, საქმის განხილვა მოპასუხის დაუსწრებლად ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითადად სამართლებრივ პრინციპებს, კერძოდ კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ძირითად სამართლებრივ პრინციპებსა და გარანტიებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ-ა ა. ნ. გიზის შუამდგომლობა ვერ დაკმაყოფილდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-ა ა. ნ. გიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე