საქმე №ას-1157-1103-2013 8 სექტემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ. თ-ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – T. AG (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - შ. ნ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
T AG-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „თ. თ-ის“ („თ-ი“) წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის სს შესრულებული სამუშაოს ღირებულების, 49 275,13 ევროს, გადახდის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 2 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება შეექმნა მოპასუხის ტერიტორიაზე არსებული აეროპორტის განვითარების პროექტი. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 135 000 ევრო, ასევე მგზავრობის ხარჯები - 17 856,83 ევრო. მოპასუხემ 103 581,7 ევრო გადაიხადა, კერძოდ, 2007 წლის 13 ნოემბერს გადაიხადა 55 000 ევრო, 2008 წლის - 48 581,7 ევრო, საიდანაც 8 581,7 ევრო წარმოადგენდა მგზავრობის ხარჯებს. 2012 წლის 26 მარტის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 49 275,13 ევროს, საიდანაც 40 000 ევრო წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ხოლო 9 275,13 ევრო - მგზავრობის ხარჯებს. 2008 წლის 15 მაისს, T. AG-მ მოსარჩელეს წარუდგინა ინვოისები ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დავალიანება არ დაფარა. ამის შემდეგ, მოპასუხე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული დავალიანების არსებობის შესახებ. პასუხად, 2009 წლის 27 მარტს, მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით აცნობა, რომ დავალიანების დაფარვას დაიწყებდა 2009 წლის ივნისიდან. მოპასუხემ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი წერილებით ასევე არაერთხელ აღიარა მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა შეემუშავებინა ,,Logistics City Tiflis LCT-ის“ განვითარების სტრატეგია. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 135 000 ევროს. ხელშეკრულების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაო მოიცავდა ორ ეტაპს, პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენდა 85 000 ევროს, ხოლო მეორე ეტაპის ღირებულება - 50 000 ევროს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ მოსარჩელეს უნდა წარედგინა ,,Logistics City Tiflis LCT-ის“ განვითარების სტრატეგია. მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მას არ წარუდგენია ,,Logistics City Tiflis LCT-ის“ განვითარების სტრატეგია. მხარეთა შორის არსებულ მიმოწერაში მოსარჩელემ არაერთხელ დაადასტურა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაო სრულად არ ჰქონდა შესრულებული, ამდენად, ვინაიდან მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მისი მოთხოვნა ხელშეკრულების ღირებულების გადაუხდელი ნაწილის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, T. AG-ს მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან ვალდებულების წარმოშობიდან სარჩელის წარდგენამდე გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. არასწორია მტკიცება, რომ შ. ა-მა მოპასუხე საწარმოს სახელით 2009 წლის 27 მარტს მიწერილი წერილით აღიარა არსებული ვალდებულების არსებობა, ვინაიდან აღნიშნული წერილის შინაარსიდან არ ირკვევა თუ რა ვალდებულებას აღიარებს სს ,,თ. თ-ი”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით T. AG-ს სარჩელი მოპასუხე სს ,,თ. თ-ის’’ მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მითითება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2007 წლის 5 ნოემბერს, T. AG-ს და სს ,,თ. თ-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიზანს წარმოადგენდა ,,Logostics City Tiflis”-ის რაოდენობრივი და ხარისხობრივი სტრუქტურის შექმნა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, T. AG-მ იკისრა ვალდებულება შეემუშავებინა სტრატეგია, განესაზღვრა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით სამომავლო შესაძლებლობები და საფრთხეები, ასევე შეემუშავებინა გენერალური გეგმა;
2. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის მიხედვით T. AG-ს შესასრულებელი სამუშაო მოიცავდა ორ ეტაპს: სტრატეგიული განვითარების კონცეფციას და მარკეტინგული საქმიანობას, რომელიც უნდა განხორციელებულიყო გარკვეული სახის სამუშაო პაკეტებად (სპ). პირველი ეტაპი ანუ სტრატეგიული განვითარების კონცეფცია შედგებოდა შემდეგი ნაწილებისაგან: სპ 1 - სტარტი, სპ 2 - ტვირთების მოცულობისა და მგზავრების ბაზარზე ორიენტირებული პროგნოზი, სპ 3 - პოტენციური ტერიტორიებისა და პარტნიორების შეფასება, სპ 4 - ,,Logostics City Tiflis”-ის გენერალური გეგმა. შესასრულებელი სამუშაოს მეორე ეტაპი - ,,მარკეტინგული საქმიანობები” ითვალისწინებდა: სპ 5 - მარკეტინგული საქმიანობების მხარდაჭერას, სპ 6 - სარეკლამო ღონისძიებების ორგანიზებას და კოორდინაციას და სპ 7- ალტერნატივის სახით ლოგისტიკის ცენტრთან დაკავშირებულ ღონისძიებებს თბილისში;
3. 2007 წლის 5 ნოემბრის ხელშეკრულების 7.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 135 000 ევროს, საიდანაც პირველი ეტაპის (სტრატეგიული კონცეფციის) ღირებულება შეადგენდა 85 000 ევროს, ხოლო მეორე ეტაპის (მარკეტინგული ღონისძიებების) ღირებულება შეადგენდა 50 000 ევროს. ამასთან, მგზავრობის ხარჯი სრულად არ არის შეტანილი ზემოთმითითებულ პროექტის ფასში და ცალკე განესაზღვრება მომხმარებელს სპეციალური ფაქტურის საშუალებით. ხელშეკრულების მე-10 პუნქტის თანახმად, პროექტის ღირებულება გადახდილი უნდა ყოფილიყო შემდეგი განრიგით: პირველი ნაწილი (ნაღდი ფულით დაკვეთისთანავე) - 55 000 ევრო, მე-2 ნაწილი (მე-2 ეტაპის დაწყებისას) – 40 000 ევრო, მე-3 ნაწილი (კლიენტთან შეთანხმების შემდეგ) – 40 000 ევრო.
4. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის მიხედვით, სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო შუალედური პრეზენტაცია. პრეზენტაციას უნდა მოეცვა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში დაგროვილი ანალიზის შედეგები. პროექტის დასრულებულის შემდეგ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ყველა შედეგის პრეზენტაცია. ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, პროექტის თითოეული დასრულებული ეტაპისათვის, კლიენტი იღებს პროექტის შედეგებს ორი ნაბეჭდი ფაილის სახით (ფაილის ფორმატი power point-ში პრეზენტაცია) და ერთ მონაცემთა მატარებელს (CD ROM);
5. 2007 წლის 28 ოქტომბერს, სს ,,თ. თ-ის” მიერ T. AG-ს სასარგებლოდ გადახდილი იქნა 55 000 ევრო, ხოლო 2008 წლის 15 აპრილს - 48 581,7 ევრო. სულ მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი იქნა 103 581,7 ევრო;
6. 2009 წლის 27 მარტს, შ. ა-მა წერილობით მიმართა T. AG-ს დირექტორს რ. ი-ს და აცნობა, რომ არაუგვიანეს 2009 წლის ივნისის შუა რიცხვებისა სს ,,თ. თ-ს” შეეძლო დაეწყო თავისი ვალდებულებების დაფარვა. ამასთან, სს ,,თ. თ-ი” მოელოდა შესწორებულ და განხილულ LCT-ს ბიზნეს გეგმას.
7. 2009 წლის 2 აპრილს, T. AG-მ წერილობით მიმართა სს ,,თ. თ-ს” და შესთავაზა შემდეგი: სს ,,თ. თ-ის” მიერ მგზავრობის ხარჯების 9 275 ევროს ოდენობით გადახდის შემდეგ, T. AG-ს დირექტორი რ. ი-ე პირადად უზრუნველყოფდა ბიზნეს გეგმის ადაპტირებას და მოპასუხეს მიაწვდიდა ანგარიშს ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. T. AG გადაუგზავნიდა სამ შესწორებულ ანგარიშს სს ,,თ. თ-ს”, რის შემდეგაც სს ,,თ. თ-ი” T. AG-ს გადაუხდიდა 20 000 ევროს, ამის შემდეგ T. AG-ს წარმომადგენელი გადააკეთებდა ანგარიშს მოპასუხის კომენტარის შესაბამისად და მისი წარმომადგენლები ჩამოვიდოდნენ თბილისში საბოლოო ანგარიშის წარსადგენად. ამის შემდეგ სს ,,თ. თ-ი” გადაუხდიდა T. AG-ს 20 000 ევროს.
8. T. AG-მ სს ,,თ. თ-ს” 49 275,13 ევროს გადახდის მოთხოვნით ინვოისები წარუდგინა 2008 წლის 15 მაისს.
9. T. AG-ს მიერ სრულად არ იყო შესრულებული 2007 წლის 05 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო;
10. სს ,,თ. თ-ის” 2009 წლის 27 მარტის წერილის საფუძველზე, 2007 წლის 05 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ შემწყდარა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით T. AG-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „თ. თ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 49275,13 ევროს გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლები, არ გამოიყენა 137-ე მუხლი და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ვალის არსებობის აღიარებას ადგილი არ აქვს, თუ ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე ამ ვალდებულების შესასრულებლად ახალი ვალდებულების შესრულებას კისრულობს. სარჩელში აპელანტი ვალის არსებობის აღიარებაზე არ მიუთითებდა, არამედ განმარტავდა, რომ შპს „თ-ის“ 2009 წლის 27 მარტის წერილით (ტ.1. ს.ფ. 68) ხანდაზმულობა შეწყდა. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით „ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას“. მართალია, ზემოხსენებულ ორივე მუხლში გამოყენებულია სიტყვა „აღაირება“, მაგრამ 341-ე მუხლი სრულიად სხვა სამართლებრივი ინსტიტუტია და ვალის არსებობის აღიარებას ეხება და იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა სხვაგვარი აღიარებით. ეს უკანასკნელი ვალის აღიარებასთან კავშირში არაა და მარტოოდენ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას უკავშირდება.
რაც შეეხება თავად ამ წერილის შინაარსს, სააპელაციო სასამართლომ მითითებით, მასში აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგე მხარე, სს „თ. თ-ი“ დაიწყებდა ვალდებულებების დაფარვას არაუგვიანეს 2009 წლის ივნისის შუა რიცხვებისა. ამდენად, ადგილი აქვს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით განსაზღვრული „სხვაგვარ აღიარებას“ - წერილობით აღიარებას, რომ დავალიანება არსებობს და დაიწყება მისი დაფარვა დროის განსაზღვრული მონაკვეთიდან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დაახლოებით მსგავსი შინაარსისაა მოწინააღმდეგე მხარის 2009 წლის 22 ივნისის ელექტრონული წერილი (ტ.1. ს.ფ 15), რომლითაც მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნავს, რომ „მას ესმის აპელანტის მართებული განწყობა გადასახდელ თანხებთან დაკავშირებით“ და არწმუნებს მას, რომ „ყველა შეთანხმებული თანხა გადახდილ იქნება უახლოესი შესაძლებლობისთანავე“. ცხადია, რომ ამ ორი წერილიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, თანამხად სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლისა. სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლით, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი საფოსტო გზავნილით წარდგენილ იქნა 2012 წლის 26 მარტს, ხანდაზმულობის ვადა არ დარღვეულა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ T. AG-მ ვალდებულება შეასრულა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რაიმე პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ აპელანტმა ვალდებულება სრულად შეასრულა საქმეში არაა წარმოდგენილი. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გადასცეს მას ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვინაიდან საქმეში ასეთი არაა წარმოდგენილი, პალატა დაეყრდნო იმ არაპირდაპირ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებმა წარმოადგინეს. 2009 წლის 22 იანვრის წერილით (ტ.1. ს.ფ. 126) აპელანტი გაკვირვებას გამოთქვამს, რომ პროექტის დასრულებიდან 7 თვის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა პროექტის ადაპტაცია, თუმცა ისინი მოახდენენ ბიზნეს-გეგმის ადაპტაციას მას შემდეგ რაც გადახდილ იქნება არსებული დავალიანება. 2009 წლის 6 თებერვლის წერილში (ტ.1. ს.ფ. 18) აპელანტი აღნიშნავს, რომ, მათი აზრით, მათ სრულად შეასრულეს სამუშაო, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, ბიზნეს-გეგმა არ იყო დეტალური და აპელანტმა მხოლოდ პროექტი წარმოდგინა. მოწინააღმდეგე მხარის 2009 წლის 27 მარტის წერილში (ტ.1. ს.ფ. 68) საუბარია იმაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე დაიწყებს ვალდებულებების დაფარვას 2009 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან, ხოლო აპელანტს მისთვის უნდა მიეწოდებინა შესწორებული ბიზნეს გეგმა. აპელანტის 2009 წლის 2 აპრილის წერილში (ტ.1. ს.ფ. 16) აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე მხარე მას გადაუხდიდა 9275 ევროს, რალფ იანკე მოახდენდა ბიზნეს გეგმის ადაპტირებას, მიაწოდებდა მას მოხსენებას არსებული ვითარების გათვალისწინებით და აპელანტი გადაუგზავნიდა მოწინააღმდეგე მხარეს შესწორებულ მოხსენებას. აქვე აღნიშნულია, რომ აპელანტი ეწვეოდა თბილისს საბოლოო მოხსნების გასაკეთებლად. ეს პირობები განმეორებულია 2009 წლის 26 მაისის წერილში (ტ.1. ს.ფ. 17). მოწინააღმდეგე მხარე 2009 წლის 22 ივნისის ელექტრონული წერილით (ტ.1. ს.ფ. 15) განმარტავდა, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა პირველივე შესაძლებლობისთანავე; ამდენად, მხარეთა შეთანხმებით (მუხლი 6) ხელშეკრულების დასრულებისათვის უნდა განხორციელებულიყო ისეთი მოქმედება როგორიც იყო თბილისის ღონისძიება - 11 ან 18 აპრილი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დროის დაახლოებით ამ მონაკვეთში მართლაც განხორციელდა გარკვეული სახის ღონისძიება თბილისში. კერძოდ, 2008 წლის 8 მაისს ჩატარდა 120 დამსწრე პირზე გათვლილი ღონისძიება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, რისი საფასურიც 18060 ლარი გადახდილ იქნა სს „თ. თ-ის“ მიერ ნაწილი 5 მაისს, ხოლო ნაწილი - 15 მაისს (ტ.1. ს.ფ. 141, 142, 143). შედგა ვახშამი რესტორანში „მეტეხის ჩრდილი“, სადაც ასევე სს „თ. თ-ის“ მიერ ანაზღაურებულ იქნა 5917,2 ლარი (ტ.1. ს.ფ. 132, 133). ანაზღაურებულ იქნა ასევე სინქრონული თარგმნის მომსახურეობა 2008 წლის 8 მაისს შემდგარ კონფერენციაზე „Invest in Georgia“ (ტ.1. ს.ფ. 134, 135), გაწეულ იქნა ხარჯი ბანერების, მოსაწვევების, კონვერტების დასამზადებლად (ტ.1. ს.ფ. 136-137), ანაზღაურებულ იქნა პრეს-კონფერენციის ხარჯი „რია ნოვოსტისათვის“ (ტ.1. ს.ფ. 138-139); ამდენად, საქმეში არსებული ეს მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ 2008 წლის 8 მაისს ნამდვილად შედგა მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების დასრულებისთვის განსაზღვრული „თბილისის ღონისძიება“, რისი ხარჯიც აანაზღაურა მოწინააღმდეგე მხარემ და ამ კონკლუდენტური მოქმედებით დაადასტურა აპელანტის მხრიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება, რომ სამუშაო ხარვეზებით შესრულდა და მოსარჩელეს ეს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა. 2009 წლის 22 იანვრის წერილში (ტ.1. ს.ფ. 20, 126) აპელანტი მიუთითებს, რომ ბ-ნმა დ-მ მას აცნობა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ელოდა „თბილისი ლოჯისტიკის ცენტრის“ ბიზნეს გეგმის ადაპტაციას. ამავე წერილში აპელანტი განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ დავალიანების გადახდის შემდეგ ისინი „მოახდენდნენ ბიზნეს გეგმის ადაპტაციას იმდაგვარად, რომ ბიზნეს-გეგმა გათვლილ იქნებოდა ერთი ან ორი სასაწყობო საწარმოს შექმნაზე, რომელსაც სს „თ-ი“ არა მარტო დაიქირავებდა, არამედ მართვასაც გაუწევდა რეგიონის ნოუ-ჰაუს მცოდნე ლოჯისტიკის პროვაიდერთან ერთად“. წერილის შინაარსიდან ცხადი ხდება, რომ აქ საუბარია არა რაიმე ნაკლოვანების შევსებაზე ან ხარვეზის გასწორებაზე, არამედ ადაპტაციაზე - შეცვლილ გარემოებებთან მისადაგებაზე. ანუ ბიზნეს გეგმა უკვე შექმნილი იყო, მაგრამ მასში შევიდოდა ცვლილება. ადაპტაციაზეა საუბარი ასევე 2009 წლის 2 აპრილისა და 26 მაისის წერილებში (ტ.1. ს.ფ. 16, 17). საგულისხმოა, რომ აპელანტი არ ითხოვს რაიმე დამატებით ანაზღაურებას ადაპტაციისათვის და მის მომზადებას უკავშირებს დარჩენილი სახელშეკრულებო თანხისა და მგზავრობის ხარჯის დაფარვას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება „თ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებსა და მიზეზებს:
1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამუშაო შეასრულა. მოპასუხე სადავოდ ხდიდა, რომ მოსარჩელემ არ მოამზადა Logistics City Tiflis-ის გეგმა. აღნიშნული გეგმა მოსარჩელეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეთავაზების მიუხედავად, არც სასამართლოში წარმოუდგენია, რაც ნათლად მიუთითებს მის მიერ სამუშაოს შეუსრულებლობაზე;
2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი. საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 27 მარტის წერილის და მისი საპასუხო 2009 წლის 2 აპრილის წერილით ირკვევა, რომ მოპასუხე მხარე ანაზღაურების ვალდებულებას კისრულობდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ საპასუხო შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ეს წერილი ვერ მიიჩნევა ვალის უპირობოდ აღიარებად.
3. მოთხოვნის აღიარებად მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად და ნათლად გამოვლენილი ნება მიიჩნევა. ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ 2009 წლის 27 მარტის წერილის შინაარსი ბუნდოვანია. ორივე წერილი მოლაპარაკების სახეს ატარებს.
4. სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო არაპირდაპირი მტკიცებულებები, როგორიცაა ვახშამი რესტორანში და პრესკონფერენცია;
5. 2009 წლის 22 ივნისს „თ-ის“ დირექტორის მიერ ს. პ-ისადმი მიწერილი წერილი ვალის აღიარებად ვერ განიხილება, ვინაიდან ს. პ-ი არ სარგებლობდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ. თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
გარდა ამისა, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. მაგ. სუსგ Nას-599-562-2010) შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5542,50 ლარის) 70% – 3879,75 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ. თ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.11.2013 წლის N10931 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (5542,50 ლარის) 70% – 3879,75 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე