Facebook Twitter

საქმე №ას-1279-1221-2013 30 სექტემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ც-ე, რ. მ-ი, შ. მ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - შპს „ა. ჯ-ა“, ნ. დ-ა, გ. ტ-ე, ქ. კ-ი, მ. ჩ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ც-მ, რ. მ-მა და შ. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში გ. ტ-ის, ქ. კ-ის, ნოტარიუს ნ. მ-ის, ნ. დ-ას, მ. ჩ-ისა და შპს „ა. ჯ-ას“ მიმართ მოპასუხეების მიერ შპს „ა. ჯ-ასთან“ 2011 წლის 13 აპრილს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების, მასში ცვლილების შეტანის შესახებ 2012 წლის 22 მაისის ხელშეკრულებისა და ნოტარიუს ნ. მ-ის მიერ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული N120707496 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

2007 წლის 30 ნოემბერს დაიდო ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ დაფუძნების შესახებ. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ჭ-ის (ყოფილი ხ-ის) ქუჩა №22-სა და ზ-ის ქუჩა №18ა-ში მდებარე 1811 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. ხელშეკრულების მიხედვით ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენდნენ თ. ც-ე, რ. მ-ი და შ. მ-ი.

ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებაში 2010 წლის 11 ივნისს შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, რომლის მიხედვითაც ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე ერთობლივად წყვეტდნენ ამხანაგობის ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილი იყვნენ, აეღოთ კრედიტი და იპოთეკით დაეტვირთათ ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონება, მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით.

შპს „ა. ჯ-ასა“ და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ს“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მხარეთა შორის 2011 წლის 25 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამხანაგობის მიერ შპს „ა. ჯ-ას“ მიმართ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა შეადგენდა 436 800 აშშ დოლარს, ამასთან, შპს „ა. ჯ-ას“ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ კუთვნილი უძრავი ნივთი მდებარე ქ.თბილისში, ჭ-ი ქ№22-ში, ზ-ის ქუჩა №81ა-ში (ნაკვეთი/24/161) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №024/161- 1582.00 კვ.მ. (დაზუსტებული) და შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.....).

2012 წლის 22 მაისის იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულებით შეტანილ იქნა ცვლილება იპოთეკის ხელშეკრულებაში, კერძოდ, ნასყიდობის ფასი ნაცვლად 436800 აშშ დოლარისა განისაზღვრა 516916 აშშ დოლარით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისამდე, ხოლო, თუ მესაკუთრე არ შეასრულებდა ან არაჯეროვნად შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ან თუ მოვალე გააჭიანურებდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულები დაიდო ისე, რომ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს არ ჰქონდათ გაცემული წერილობითი თანხმობა, შესაბამისად, ვინაიდან ხელშეკრულება დადებული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც ცნობილი იყო ნ. მ-ისთვის და ასევე ცნობილი უნდა ყოფილიყო შპს „ა. ჯ-ასთვის“ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნამდვილად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნოტარიუსი ასევე არ იყო უფლებამოსილი, გაეცა სააღსრულებო ფურცელი.

ნოტარიუსმა ნ.მ-მა და შპს „ა. ჯ-ამ“ სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვეს:

2010 წლის 11 ივნისს ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, რომლის მიხედვით ამხანაგობის თავჯდომარე დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით გარეშე არ იყო უფლებამოსილი, აეღო კრედიტი და აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაეტვირთათ ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონება, მოცემულ შემთხვევაში კი, ამხანაგობის ქონება დაიტვირთა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით.

გაურკვეველია მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი, ვინაიდან ნივთზე რეგისტრირებულია მესამე პირის საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ც-ის, რ. მ-ისა და შ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ც-ის, რ. მ-ისა და შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ც-ის, რ. მ-ისა და შ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა. ჯ-ასა“ და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008“ შორის 2011 წლის 13 აპრილს დადებული იპოთეკის (დამოწმებული ნოტარიუს ნ. მ-ის მიერ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №110379958) ხელშეკრულება და მასში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2012 წლის 22 მაისის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ნ. მ-ის მიერ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №120528004), ასევე ნოტარიუს ნ. მ-ის მიერ გაცემული №120707496 სააღსრულებო ფურცელი, თ. ც-ის, რ. მ-ისა და შ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების ნ. დ-ასა და მ. ხ-ის მიმართ, არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 30 ნოემბერს დაიდო ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ დაფუძნების შესახებ. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ.თბილისში, ჭ-ის (ყოფილი ხ-ის) ქუჩა №22-ში, ზ-ის ქუჩა №18ა-ში მდებარე 1811 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. ხელშეკრულების მიხედვით ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენდნენ მ ხ-ე, ნ. დ-ა, თ. ც-ე, რ. მ-ი და შ. მ-ი, ნ. გ-ე და გ. ტ-ე.

2012 წლის 11 ივნისის შეთანხმებით ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები. შეთანხმების 6.1 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობის მმართველ (აღმასრულებელ) თანამდებობის პირს ერთობლივად წარმოადგენდნენ ამხანაგობის თავმჯდომარე და ამხანაგობის თანათავმჯდომარე.

შეთანხმების 6.5 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე ერთობლივად წყვეტდნენ „ამხანაგობის“ ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს. ისინი ასევე უფლებამოსილი იყვნენ, აეღოთ კრედიტი და იპოთეკით დაეტვირთათ „ამხანაგობის“ კუთვნილი უძრავი ქონება მხოლოდ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობით.

მხარეთა შორის სადავო იყო აღნიშნული შეთანხმების 6.5 პუნქტში გამოვლენილი ნების განმარტების საკითხი.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, განმარტა, რომ ნორმიდან გამომდინარე დავის შემთხვევაში უნდა გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდათ მხარეებს ხელშეკრულების დადებისას და როგორ უნდა იქნას გაგებული ხელშეკრულების სადავო გამონათქვამი. ასეთ შემთხვევაში მხარეების მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამონათქვამი განსხვავებულად არის გაგებული. აღნიშნული გამორიცხავს ხელშეკრულების განმარტების შესაძლებლობას იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება. აღნიშნულის დასტურია სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი, რომლის ძალითაც ხელშეკრულებაში ურთიერთგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს.

როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ისე მოპასუხე მხარეთა შესაგებელი სასარჩელო მოთხოვნაზე ემყარება იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 11 ივნისს ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, რომლის მიხედვით ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე დამფუძნებელ წევრთა წერილობითი თანხმობის გარეშე, არ იყვნენ უფლებამოსილი, აეღოთ კრედიტი და აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაეტვირთათ ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში კი, ქონება დაიტვირთა არა კრედიტის, არამედ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით.

პალატის შეფასებით, 2010 წლის 11 ივნისის შეთანხმების მიზანი და შინაარსი ამგვარი დასკვნის საფუძველს არ იძლევა. შეთანხმების შინაარსის იმდაგვარი განმარტება, რომ შეთანხმებით ამხანაგობის მმართველი (აღმასრულებელი) თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეზღუდვა ეხებოდა მხოლოდ კრედიტის აღებას და აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვა, სცილდება სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად ნების გამოვლენის განმარტების საკითხს და არღვევს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებას.

განსახილველ შემთხვევაში განმსაზღვრელია არა იმ ვალდებულების ხასიათი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, არამედ, თავად იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხი. შეთანხმების 6.5 პუნქტში ასეთი შინაარსის დათქმა მიუთითებს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიზანზე, დაცული ყოფილიყო მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების წერილობითი თანხმობის გარეშე არ მომხდარიყო აღნიშნული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეთანხმების 6.5 პუნქტში მოცემული დათქმით ამხანაგობის თავმჯდომარისა და თანათავმჯდომარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეზღუდული იყო უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ სადავო გარიგებების დადებისას.

ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ 2010 წლის 11 ივნისს. გამოვლენილი ნების (რაც 6.5. პუნქტში აისახა), ზემოაღნიშნული სახით განმარტების საფუძველს იძლევა, როგორც მოსარჩელეთა, ისე მოპასუხის სახით დასახელებული ნ. დ-ასა (რომელიც წარმოადგენს ამხანაგობის დამფუძნებელ წევრს) და ასევე სადავო ხელშეკრულებებზე ხელმომწერი პირის, როგორც ამხანაგობის თანათავმჯდომარის, ერთ შემთხვევაში კი, ასევე თავმჯდომარის წარმომადგენლის – ქ. კ-ის განმარტებები, რაც მათ მისცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 18 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე. მათი განმარტებებიდან დგინდება, რომ, მას შემდეგ, რაც შეიცვალა ამხანაგობის თავმჯდომარე, სწორედ იმ მიზნით, რომ დაცული ყოფილიყო იმ წევრთა ინტერესები, რომელთა შენატანს ამხანაგობაში ქონება წარმოადგენდა, სპეციალურად და სრულიად მიზანმიმართულად შეიტანეს ცვლილება მათი თანხმობის გარეშე იპოთეკის ხელშეკრულების დადების აკრძალვის თაობაზე.

2011 წლის 13 აპრილს შპს „ა. ჯ-ასა“ და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამხანაგობის მიერ შპს „ა. ჯ-ას“ მიმართ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა შეადგენდა 436 800 აშშ დოლარს. შპს „ა. ჯ-ას“ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ კუთვნილი უძრავი ნივთი. ხელშეკრულებას ამხანაგობის სახელით ხელს აწერს ქ. კ-ი პირადად, როგორც ამხანაგობის თანათავმჯდომარე, და ასევე როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის, გ. ტ-ის წარმომადგენელი.

იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ გარიგების დადებისას ხელშეკრულებას დაერთო ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებები და დამატებების შეტანის შესახებ 2010 წლის 11 ივნისის შეთანხმება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ხელშეკრულების მხარე, შპს „ა. ჯ-ა“ ინფორმირებული იყო ამხანაგობის მმართველი (აღმასრულებელი) თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე. იპოთეკა რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

2012 წლის 22 მაისს იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულებით შეტანილ იქნა ცვლილება იპოთეკის ხელშეკრულებაში, ნასყიდობის ფასი ნაცვლად 436 800 აშშ დოლარისა განისაზღვრა 516 916 აშშ დოლარით. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2012 წლის 15 ივნისამდე, ხოლო, თუ მესაკუთრე არ შეასრულებდა ან არაჯეროვნად შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ან თუ მოვალე გააჭიანურებდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ხელშეკრულება ამხანაგობის სახელით ხელმოწერილ იქნა ამხანაგობის თავმჯდომარე გ. ტ-ისა და თანათავმჯდომარე ქ. კ-ის მიერ.

შპს „ა. ჯ-ასა“ და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ს“ შორის იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება დაიდო ისე, რომ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ დამფუძნებელ წევრებს აღნიშნულის თაობაზე წერილობითი ფორმით თანხმობა არ გაუციათ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა, რომ ნოტარიუსმა ნ .მ-მა გასცა №120707494 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ს“ შპს „ა. ჯ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 497 234.70 ლარის გადახდა, ამასთან, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი მდებარე: ქ.თბილისში, ჭ-ის ქ№22-ში, ზ-ის ქუჩა №81ა, (ნაკვეთი/24/161) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი №024/161- 1582.00 კვ.მ (დაზუსტებული) და შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.........).

2012 წლის 16 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ჭ-ის №22-ში, ზ-ის ქუჩა №81ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ საკუთრების უფლება. 2012 წლის 28 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ამავე ნივთზე რეგისტრირებულია ლ. ა-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: განკარგულება №A12042886-015/001, დამოწმების თარიღი 27/09/2012, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით, 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, 99-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ ზოგჯერ გარიგების მონაწილეთა ნების გამოვლენა ნამდვილად რომ ჩაითვალოს, იმავდროულად საჭიროა მესამე პირთა ნების გამოვლენაც, ე.ი თანხმობა. ამ თანხმობის მიზანი შეიძლება იყოს, როგორც გარიგების მონაწილეთა, ისე მესამე პირთა ინტერესების დაცვა. მესამე პირის თანხმობა საჭიროა ყველგან, სადაც ამას მოითხოვს კანონი. ერთ შემთხვევაში კანონის ნორმა იმპერატიულ ფორმაში მოითხოვს მესამე პირის თანხმობას, სხვა დროს კი, კანონის ნორმა დისპოზიციურია და გარიგების მონაწილეთა ნებით წყდება მესამე პირის თანხმობის საჭიროება. ამრიგად, გარიგების ბათილად ცნობას იწვევს ისეთი თანხმობის არარსებობა, რომლის აუცილებლობა გათვალისწინებულია კანონის იმპერატიული ან დისპოზიციური დანაწესით.

სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად აღნიშნა, რომ გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები, საჯარო წესრიგი, ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულების თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად დადების გარანტია და ა.შ.

შპს „ა. ჯ-ასა“ და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ს“ შორის იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ ხელშეკრულება დაიდო ისე, რომ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ დამფუძნებელ წევრებს აღნიშნულის თაობაზე წერილობითი ფორმით თანხმობა არ გაუციათ, რის გამოც, სასამართლოს შეფასებით, სადავო ხელშეკრულებებით ირღვეოდა მოსარჩელეთა კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება და იზღუდებოდა მათი, როგორც სამოქალაქო ბრუნვის თავისუფალი სუბიექტის შესაძლებლობა, დაედოთ მხოლოდ მისთვის მისაღები შინაარსის მქონე გარიგებანი.

ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი შპს „ა. ჯ-ასა“ და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ნ-ი 2008–ს“ შორის 2011 წლის 13 აპრილს დადებული იპოთეკის (დამოწმებული ნოტარიუს ნარგიზ მინდიაშვილის მიერ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №110379958) ხელშეკრულება და მასში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ 2012 წლის 22 მაისის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუს ნ. მ-ის მიერ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №120528004), ასევე, როგორც ბათილი გარიგებების თანმდევი შედეგი, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ნოტარიუს ნ. მ-ის მიერ გაცემული №120707496 სააღსრულებო ფურცელი.

სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის წარდგენა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს. სარჩელის იურიდიული ინტერესი დასაბუთებულია, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელე დარღვეულ ან შეზღუდულ უფლებას აღიდგენს, ასევე თუ იცვლება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა და აღიარებითი სარჩელის წარდგენა დარღვეული თუ შელახული უფლების აღდგენის ერთადერთი გზაა.ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირს უნდა გააჩნდეს სასამართლოში მიმართვის იურიდიული ინტერესი და აღნიშნული ინტერესი უნდა იყოს დასაბუთებული და გამართლებული, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებული იყო, დასაბუთებულად იქნა მიჩნეული მოსარჩელეთა (აპელანტთა) მსჯელობა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათ წარმოეშვებათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რასაც ისინი უკავშირებენ წარმოდგენილი სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობას.

სარჩელი იპოთეკარ შპს „ა. ჯ-ას“, ამხანაგობა „ნ-ი 2008“-ის წარმომადგენლობით უფლებამოსილების მქონე პირების - ქ. კ-ის, გ. ტ-ისა და სადავო გარიგების დამოწმებელი ნოტარიუსის – ნ. მ-ის გარდა, აღძრულია ნ. დ-ასა და მ. ხ-ის მიმართაც. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემტხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ნ. დ-ასა და მ. ხ-ის მიმართ, რომლებიც მოსარჩელეთა მსგავსად წარმოადგენენ ამხანაგობა „ნ-ი 2008-ის“ დამფუძნებელი წევრებს და არ მონაწილეობდნენ სადავოდ გამხდარი გარიგების დადებაში.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

ამხანაგობა „ნ-ი 2008-სა“ და შპს „ა. ჯ-ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება კანონშესაბამისია, კერძოდ, ამხანაგობის სადამფუძნებლო ხელშეკრულების თავდაპირველი რედაქციის 6.5 პუნქტით განსაზღვრული იყო ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილება, გადაეწყვიტა ამხანაგობის ძირითადი ორგანიზაციულ-ფინანსური საკითხები, ასევე უფლებამოსილი იყო, აეღო კრედიტი და ამხანაგობის სახელით დაეტვირთა უძრავი ქონება იპოთეკით. 2010 წლის 11 ივნისს შეტანილი ცვლილებების თანახმად (მე-6 და მე-7 მუხლები), ამხანაგობის ხელმძღვანელ თანამდებობაზე თავმჯდომარესთან ერთად დასახელდა თანათავმჯდომარე და განისაზღვრა მათი უფლებამოსილება, წესდების 6.5 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამხანაგობის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე წყვეტს ამხანაგობის ძირითად ორგანიზაციულ-ფინანსურ საკითხებს, ასევე უფლებამოსილია, აიღოს კრედიტი და ამხანაგობის სახელით ამხანაგობის უძრავი ქონება დატვირთოს იპოთეკით. 6.6 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარე ხელს აწერს ნებისმიერ გარიგებას ამხანაგობის სახელით, ხოლო ცვლილების განხორციელების შემდეგ ხელმომწერად მიეთითა ასევე თანათავმჯდომარე. განხორციელებული ცვლილებებისა და მთლიანად ხელშეკრულების ანალიზით დასტურდება, რომ არა მხოლოდ სესხის, არამედ ნებისმიერი გარიგების დადების უფლებამოსილება გააჩნიათ ხელმძღვანელ პირებს ამხანაგობის ნებართვის გარეშე. სასამართლოს მსჯელობა, რომ მხარეებმა მიზანმიმართულად შეიტანეს ცვლილება ხელშეკრულებაში იპოთეკის ხელშეკრულების მათი თანხმობის გარეშე დადების აკრძალვის შესახებ დაუსაბუთებელია, რადგანაც ასეთ შემთხვევაში შეიცვლებოდა ასევე ხელშეკრულების 6.6 პუნქტი. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისას მხარეთა ნება იყო მხოლოდ კრედიტის აღების მიზნით იპოთეკის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების შეზღუდვა. იპოთეკის სადავო ხელშეკრულებიდან ნათლად დასტურდება, რომ ამხანაგობამ შპს „ა. ჯ-ასგან“ შეიძინა სამშენებლო არმატურა და ფასის გადახდის მოთხოვნაა უზრუნველყოფილი ამხანაგობის ქონებით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მხარეებს ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო არ გაუხდიათ.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე ამხანაგობისგან მოითხოვდა ნასყიდობის თანხას, როგორც ამხანაგობის, ისე დამფუძნებელთა ქონება გაიყიდებოდა აუქციონზე, რაც უფრო მძიმე შედეგის მომტანი იქნებოდა ამხანაგობისათვის. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის გადაწყვეტილების დასაბუთებასთან, სადაც საუბარია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე მითითებით, მხოლოდ გარიგების ერთ პუნქტზე დაყრდნობით შეაფასა გარიგების ბათილობის საკითხი, გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლზე და არასწორად განმარტა იგი, რადგანაც სწორედ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარეობს მხარეთა უფლება, ხელშეკრულებაში განსაზღვრონ რამდენიმე ან კონკრეტულად ერთ უფლებამოსილების შეზღუდვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

მოგვიანებით ნ.მ-მა კვლავ მომართა სასამართლოს დაზუსტებული საკასაციო საჩივრით და მიუთითა საპროცესო დარღვევებზეც, კერძოდ, კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვისას შეიცვალა სასამართლო შემადგენლობა რითაც დაირღვა განხილვის უწყვეტობის პრინციპი და ეს გარემოება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-3 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ბათილად ეცნო სადავო გარიგება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 10 იანვრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის, 2014 წლის 21 იანვრის N2 საგადახდო დავალებით გადახდილი 700 ლარის, 2014 წლის 4 თებერვლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 4700 ლარისა და 2014 წლის 10 თებერვლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის, სულ 6 000 ლარის 70% – 4 200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. მ-ს (პ/N......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 10 იანვრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის, 2014 წლის 21 იანვრის N2 საგადახდო დავალებით გადახდილი 700 ლარის, 2014 წლის 4 თებერვლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 4700 ლარისა და 2014 წლის 10 თებერვლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის, სულ 6 000 ლარის 70% – 4 200 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე