Facebook Twitter

საქმე №ას-246-236-2013 8 სექტემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ვაგონის მოცდენის საფასურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. რ-მ“ გ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის ვაგონით სარგებლობისათვის დარიცხული საფასურის - 10596.57 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით;

მოსარჩელის განმარტებით, „ს. რ-მ“ მოპასუხე გ. გ-ის კუთვნილი ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად, თუმცა გ. გ-მ ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შესრულება, კერძოდ, მისი მიზეზით მოცდა „ს რ-ის“ კუთვნილი ვაგონები. გ. გ-ის კუთვნილი ნივთებით დატვირთული №60001187 ვაგონი „ს. რ-ის“ №3x5 ლიანდაგზე 2009 წლის 12 ოქტომბერს შევიდა, ტვირთი კი, სახელმწიფომ 2010 წლის 12 იანვარს წაიღო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვერ უზრუნველყოფდა რკინიგზის გადასახადის გადახდას, ამიტომ მიღებული ტვირთი გადასცა უსასყიდლოდ სახელმწიფოს, რის თაობაზე აცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ამდენად, ვაგონების მოცდენის ანაზღაურების ვალდებულება მას აღარ გააჩნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ. გ-ს მოსარჩელე სს ‘’ს. რ-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა ვაგონით სარგებლობისათვის დარიცხული საფასურის - 450 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სს ,,ს. რ-ის’’ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. მოწინააღმდეგე მხარეს - გ. გ-ს გადაეგზავნა სააპელაციო საჩივრისა და თანდართული საბუთების ასლები და დაევალა 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში წარმოედგინა შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე. ამავე განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სამოქალაქო კოდექსის 2321-ე მუხლის საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.1. მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. დადგენილია, რომ გ. გ-ს 18.10.2012 წელს პირადად ჩაბარდა სააპელაციო საჩივარი. მიუხედავად ამისა, მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე, რაც წინაპირობა იყო იმისა, რომ სასამართლოს ემსჯელა კანონით გათვალისწინებულ შედეგზე - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,ს. რ-ის’’ სააპელაციო საჩივარში მითითებული მეორე ფაქტობრივი გარემოება - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრის მიერ ტვირთის საკუთრებაში მიღებაზე თანხმობა 2009 წლის 22 ოქტომბრის №16-17-104159/01 წერილით, იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო (სასარჩელო) მოთხოვნას. პალატის მოსაზრება ეფუძნება შემდეგ სამართლებრივ ნორმებს: სარკინიგზო კოდექსის 26-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ვაგონიდან (კონტეინერიდან) ტვირთის დაგვიანებით გადმოტვირთვის ან ტვირთმიმღების მიერ რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დაგვიანებით გატანის და ამ მიზეზებით რკინიგზის სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება რკინიგზის მიერ თავისი საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის დღის 24 საათიდან ან ტვირთმიმღების საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდების დღის 24 საათიდან. რკინიგზის სადგურში აღნიშნულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილია შესაბამისი საფასური, რომელსაც რკინიგზას უხდის ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი ან ტვირთის გატანაზე უფლებამოსილი სხვა პირი. სარკინიგზო კოდექსის 36-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რკინიგზის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რკინიგზას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, რკინიგზას შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს ტვირთგამგზავნს, ტვირთმიმღებს ან ექსპედიტორს. განსახილველ შემთხვევაში ს. რ-მ მოთხოვნა წაუყენა ტვირთმიმღებს - გ. გ-ს. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ15-ე პუნქტის შესაბამისად, ტვირთმიმღები არის ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის მიღების უფლებამოსილების მქონე პირი.

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში აპელანტი თავად უთითებს სააპელაციო საჩივარში, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა 2009 წლის 22 ოქტომბრის №16-17-104159/01 წერილით ტვირთის საკუთრებაში მიღებაზე თანხმობა განაცხადა. ამ გარემოების შესაბამისად, კი ტვირთმიმღებს უკვე წარმოადგენდა არა გ. გ-ე, არამედ შემოსავლების სამსახური, ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა, რადგან ზემოთ დასახელებული ფაქტის გათვალისწინებით, აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად არ ამართლებდა გ. გ-სათვის თანხის დაკისრებას.

სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის შედეგად დაადგინა, რომ გ. გ-ის კუთვნილი ნივთებით დატვირთული №60001187 ვაგონი, (კონტეინერის №515263586) ‘’ს. რ-ის’’ №3x5 ლიანდაგზე შევიდა 2009 წლის 12 ოქტომბერს (სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების №278965 სამახსოვრო ს.ფ. 62). გ. გ-ს ტვირთი არ წაუღია. ტვირთი წაიღო სახელმწიფომ 2010 წლის 12 იანვარს (მხარეთა ახსნა-განმარტება).. დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის უფროსის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ მიმღებ სადგურში გ. გ-ის ტვირთის 24 საათზე მეტი მომსახურება (ვაგონი 60001187) დაიწყო 2009 წლის 13 ოქტომბრიდან და დასრულდა 2010 წლის 12 იანვარს. ასანაზღაურებელმა თანხამ კი, ჯამში შეადგინა 10600 ლარი. ზემოთ აღნიშნული თანხიდან კრედიტით დაფარვის შემდეგ ასანაზღაურებელი დარჩა 10596.57 ლარი (დარიცხვებისა და გადახდის აღრიცხვის ცენტრის უფროსის მიერ გაცემული ცნობა -ს.ფ. 58). „ს. რ-ის“ №165117 საერთო ფორმის აქტით, №60001187 ვაგონის, №515263586კონტეინერის მოცდენა დასრულდა 2010 წლის 12 იანვარს (საერთო ფორმის №165117 აქტი - ს.ფ. 59). გ. გ-მ 2009 წლის 16 ოქტომბრის განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიღებული ტვირთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით (გ. გ-ის განცხადება - ს.ფ. 95). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა ტვირთის საკუთრებაში მიღებაზე თანხმობა გამოხატა 2009 წლის 22 ოქტომბრის №16-17-104159/01 წერილით. აღნიშნული წერილით, შემოსავლების სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აცნობა, რომ გ. გ-ის განცხადების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განეკარგათ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონელი - საბაჟო ტერმინალ „ინტერტრანსის“ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე დალუქული ტვირთი (გ. გ-ის განცხადება - ს.ფ. 95; 2009 წლის 22 ოქტომბრის №16-17-104159/01 წერილი - ს.ფ. 96).

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. გ-მ, 2009 წლის 16 ოქტომბერს გამოხატა ტვირთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის ნება. სახელმწიფომ კი, თავის მხრივ, გ. გ-ის ქონება საკუთრებაში მიიღო 2009 წლის 22 ოქტომბერს გაცხადებული თანხმობით, რაც იმას ნიშნავს, რომ იურიდიული უფლება გადაცემულ ტვირთზე სახელმწიფომ მოიპოვა სწორედ ამ დროიდან და შესაბამისად, მასვე წარმოეშვა ამ უფლებიდან გამომდინარე მოვალეობები, შესაბამისად, გ. გ-ის ვალდებულება - ვაგონით სარგებლობისათვის დარიცხული საფასურის ანაზღაურების თაობაზე, შეწყდა ტვირთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის დროიდან.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. რ-ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა 2010 წლის 12 იანვრის სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული ქონების მიღების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მოქალაქე გ. გ-ის საკუთრებაში არსებული ტვირთი სახელმწიფოს საკუთრების უფლებით გადაეცა 2010 წლის 12 იანვარს. დადგენილია, რომ გ. გ-ს ტვირთი არ წაუღია და, შესაბამისად, სს ,,ს. რ-მ’’ გასწია 24 საათზე მეტით ვაგონით სარგებლობის მომსახურება. სასამართლომ ასევე მიუთითა იმ ფაქტზე, რომ სს ‘’ს. რ-ის’’ №165117 საერთო ფორმის აქტით, ვაგონის №60001187, კონტეინერის №515263586-ის მოცდენა დასრულდა 2010 წლის 12 იანვარს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ტვირთი სანამ საკუთრებაში გადაეცემოდა სახელმწიფოს, მანამდე, მის მფლობელს და მესაკუთრეს წარმოადგენდა გ. გ-ე. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა ტვირთის საკუთრებაში მიღებაზე თანხმობა გამოხატა 2009 წლის 22 ოქტომბრის №16-17-104159/01 წერილით. კასატორის განმარტებით, 22.10.2009 წლის წერილი, სასამართლოს მიერ არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ისეთ მტკიცებულებად, რაც მოსარჩელეს გაათავისუფლებდა ვაგონით სარგებლობისათვის დარიცხული საფასურის ანაზღაურებისაგან. მართალია, სასამართლომ სწორად გამოიყენა, მაგრამ, არასწორად განმარტა სარკინიგზო კოდექსის ნორმები. კასატორი მიუთითებს სარკინიგზო კოდექსის 22-ე-23-ე, 25-ე-26-ე, შპს ,,ს. რ-ის’’ გენერალური დირექტორის 2006 წლის N311/გ ბრძანებით დამტკიცებული ,,სატვირთო გადაზიდვების ტარიფისა და დამატებითი საფასურების’’ 8.2. და 36-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლოს აღნიშნული მუხლების საფუძველზე უნდა დაეკმაყოფილებინა მათი სასარჩელო მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლით და საქმე საკასაციო საჩივრის ფარგლებში განიხილა.

კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის მართლზომიერებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა 2010 წლის 12 იანვრის სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული ქონების მიღების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, მოქალაქე გ. გ-ის საკუთრებაში არსებული ტვირთი სახელმწიფოს საკუთრების უფლებით გადაეცა 2010 წლის 12 იანვარს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სარკინიგზო კოდექსის 26-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ვაგონიდან (კონტეინერიდან) ტვირთის დაგვიანებით გადმოტვირთვის ან ტვირთმიმღების მიერ რკინიგზის სადგურიდან ტვირთის დაგვიანებით გატანის და ამ მიზეზებით რკინიგზის სადგურზე ტექნიკური სიძნელეების წარმოშობის შემთხვევაში ტვირთმიმღები ვალდებულია გადაუხადოს რკინიგზას გადმოტვირთული ტვირთის შენახვისა და ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური „რკინიგზის სატარიფო პოლიტიკით“ დადგენილი ოდენობით. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთის შენახვა და გაცემა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნულების რკინიგზის სადგურში ტვირთი უფასოდ ინახება 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის ათვლა იწყება რკინიგზის მიერ თავისი საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის დღის 24 საათიდან ან ტვირთმიმღების საშუალებებით ვაგონის (კონტეინერის) გადმოტვირთვის ადგილზე მიწოდების დღის 24 საათიდან. რკინიგზის სადგურში აღნიშნულზე მეტი ვადით ტვირთის შენახვისათვის დადგენილია შესაბამისი საფასური, რომელსაც რკინიგზას უხდის ტვირთმიმღები ან ექსპედიტორი ან ტვირთის გატანაზე უფლებამოსილი სხვა პირი. სარკინიგზო კოდექსის 36-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან ექსპედიტორის მიზეზით რკინიგზის სადგურში ან ნავსადგურის მისამართზე მისული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის (გადატვირთვის) სამუშაოების ჩატარების ადგილზე მიწოდებული ან ამ ადგილის გათავისუფლების მოლოდინში მდგარი ვაგონის (კონტეინერის) დაყოვნებისას, აგრეთვე ამავე პირების მისამართზე მისული ვაგონის (კონტეინერის) გზად მდებარე რკინიგზის სადგურში დაყოვნებისას აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან რკინიგზას გადაუხადონ ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და ტვირთის შენახვის დადგენილი საფასური მისი დაყოვნების მთელი დროისათვის. აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, რკინიგზას შეუძლია მოთხოვნა წაუყენოს ტვირთგამგზავნს, ტვირთმიმღებს ან ექსპედიტორს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ გ. გ-ემ, 2009 წლის 16 ოქტომბერს გამოხატა ტვირთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის ნება. სახელმწიფომ კი, თავის მხრივ, გ. გ-ის ქონება საკუთრებაში მიიღო 2009 წლის 22 ოქტომბერს გაცხადებული თანხმობით, რაც იმას ნიშნავს, რომ იურიდიული უფლება გადაცემულ ტვირთზე სახელმწიფომ მოიპოვა სწორედ ამ დროიდან და შესაბამისად, მასვე წარმოეშვა ამ უფლებიდან გამომდინარე მოვალეობები, შესაბამისად, გ. გ-ის ვალდებულება - ვაგონით სარგებლობისათვის დარიცხული საფასურის ანაზღაურების თაობაზე, შეწყდა ტვირთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის დროიდან.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, 2009 წლის 22 ოქტომბრის წერილთან დაკავშირებით კასატორი არ ასაბუთებს, რა სამართლებრივი მნიშვნელობა გააჩნია ამ დოკუმენტს, მხოლოდ ზოგადად მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ იგი არასწორად შეაფასა და ეს წერილი გ. გ-ს პასუხისმგებლობიდან არ ათავისუფლებს. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო შემოიფარგლება საკასაციო საჩივარში მითითებული გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობის შემოწმებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე