ბს-719-306(კ-05) 14 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების შესრულება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის 10.02.93წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ... ¹50-52-ში მშენებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი კორპუსის მენაშენეთა ამხანაგობის წევრებმა 22.10.02წ. თბილისის მერიისა და თბილისში ... ¹50-52 ამხანაგობის თავმჯდომარე გ. მ-ის მიმართ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა 04.04.90წ. ჩამოყალიბდა. თბილისის ყოფილი პირველი მაისის სახელობის რაისაბჭოს აღმასკომის 11.04.90წ. ¹7/91-917 გადაწყვეტილებით დამტკიცდა მენაშენეთა ამხანაგობის გამგეობა. რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ... ¹50-52-ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობაში გაწევრიანებული იქნენ რაისაბჭოს აღმასკომის კოოპერატიული ბინათმშენებლობის განყოფილებაში აღრიცხვაზე მყოფი ოჯახები და ... გამზირის ¹50-52 მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო ტერიტორიიდან გასაყვანი 7 ოჯახი. მენაშენეთა ამხანაგობაში სულ 54 ოჯახი გაწევრიანდა. ინდივიდუალდური ბინათმშენებლობის რითმული დაფინანსების მიზნით თბილისის პირველი მაისის რაიონის «მ...ში» გახსნილი იყო მენაშენეთა ამხანაგობის ანგარიშსწორების ანგარიში. ... ¹50-52-ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობასა და თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს შორის 19.09.90წ გაფორმებულ ¹31 ხელშეკრულების საფუძველზე თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველო მოსარჩელეთა განცხადებით ვალდებული იყო 1990-91წწ. დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა წარმოების გრაფიკით განეხორციელებინა ... ¹50-52-ში თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა, მის მიერ დამონტაჟებული ქსელებისა და გაყვანილობების ინდივიდუალური გამოცდა და ობიექტის კომისიისათვის ჩაბარება. მოსარჩელეთა განმარტებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობის წევრებს თანხის შეტანა პირად ანგარიშსწორების ანგარიშზე დაწყებული აქვთ 20.06.90წ., ამ წელს მენაშენეთა ამხანაგობის პირად ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანილია 685 907 რუბლი. 1991 წელს მენაშენეთა ამხანაგობის წევრების მიერ პირად ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანილია 577 692 რუსული რუბლი.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულების შესრულების მიუხედავად, მოიჯარემ 1991 წელს ვერ უზრუნველყო 963 600 რუსული რუბლის, ანუ იმ პერიოდისათვის არსებული კომერციული კურსით 582 889 აშშ დოლარის, ხოლო დღევანდელი კურსით ეროვნულ ვალუტაში 1 270 262 ლარის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის გამოყენება. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ «მშენებლობაში ახალი სახარჯთაღრიცხვო ნორმებისა და ფასების შემოღების გამო საცხოვრებელი სახლების, აგარაკების, გარაჟების და მებაღეობის ამხანაგობათა ობიექტების მშენებლობაზე გაწეული დამატებითი ხარჯების კომპენსაციის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 25.05.91წ. ¹437 დადგენილებით განისაზღვრა, რომ რესპუბლიკის სამშენებლო ორგანიზაციებს საბინაო, სააგარაკე მშენებლობის კოოპერატივებისათვის, მებაღეობის ამხანაგობისა და ინდივიდუალური მშენებლობისათვის 1991წ. 1 იანვრამდე დაწყებული საცხოვრებელი სახლების, აგარაკების, გარაჟების და მებაღეობის ამხანაგობათა ობიექტების მშენებლობაზე ახალი სახარჯთაღრიცხვო ნორმებისა და ფასების შემოღებასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები ამ სამშენებლო ორგანიზაციის ბიუჯეტში გადასახადების შემცირების ხარჯზე უნდა ანაზღაურებოდათ. ამასთან, შემკვეთებს უნარჩუნდებოდათ დადებულ ხელშეკრულებებში ამ მშენებლობისათვის გათვალისწინებული ფასები. მოსარჩელეთა განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ... ¹50-52-ში მენაშენეთა ამხანაგობა სისტემატიურად მოითხოვდა მოიჯარე ორგანიზაციისაგან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 25.05.91წ. ¹437 დადგენილების მოთხოვნათა შესრულებას. ამ დადგენილების მოთხოვნებს მოიჯარე ორგანიზაცია 1991-94 წ.წ. განმავლობაში სისტემატიურად უარყოფდა. მოსარჩელეთა განმარტებით, 1992 წელს მენაშენეთა ამხანაგობის წევრების მიერ პირადი ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანილი იყო 4579 710 რუსული რუბლი (დღევანდელი კურსით ეროვნულ ვალუტაში 59 649 ლარი), აქედან, თბილსაბჭოს აღმასკომის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს 1992წ. ჩაერიცხა 2 850 000 რუსული რუბლი. 1993 წელს მენაშენეთა ამხანაგობის წევრთა მიერ პირად ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანილ იქნა 71 989 199 რუსული რუბლი და 33 465 500 კუპონი, რომელთა კურსმა შეტანის დღისათვის შეადგინა 82 835 აშშ დოლარი ანუ 180 580 ლარი. აქედან თბილისის მერიის ინდბინათმშენებლობის სამმართველოს 1993 წელს ჩაერიცხა 12 000 000 რუბლი და 80 000 000 კუპონი. 1994წლის 5 მაისამდე მენაშენეთა ამხანაგობის წევრების მიერ პირად ანგარიშსწორების ანგარიშზე შეტანილი იყო 199 105 000 კუპონი, იმ დროისათვის მოქმედი კურსით 688 აშშ დოლარი, აქედან თბილისის მერიის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს 11.04.94წ. ჩაერიცხა 123 000 000 კუპონი, რომლის კურსმა შეტანის დღისათვის შეადგინა 484 აშშ დოლარი, რაც დღევანდელი კურსით, მოსარჩელეთა აზრით, 1055 ლარს შეადგენს. 05.05.94წ. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობის პირად ანგარიშსწორების ანგარიშზე რიცხულმა თანხამ შეადგინა 92 086 264 კუპონი, ანუ იმ დღეს მოქმედი კურსით 90 აშშ დოლარი. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობის წევრების მიერ 1990-94წწ. შეტანილმა თანხამ სულ 866 380 აშშ დოლარი, ანუ დღევანდელი კურსით ეროვნულ ვალუტაში 1 888 709 ლარი შეადგინა. მოსარჩელეთა განცხადებით, მოიჯარე ორგანიზაციამ შეასრულა მხოლოდ 87 572 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაო და 1 801 137 ლარი მიითვისა. დღეის მდგომარეობით დაუმთავრებელი ნაგებობის მშენებლობაზე გაწეული ფაქტობრივი დანახარჯების, საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშსწორების ამსახველი დოკუმენტები განადგურებულია ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით. ამ ფაქტებთან დაკავშირებით შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოსა და ქ. თბილისის პროკურატურის მიერ 29.03.02წ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე მათი ნების, სურვილისა და აზრის გაუთვალისწინებლად დანაშაულში მხილებულმა მენაშენეთა ამხანაგობის თავმჯდომარემ გ. მ-მ ამხანაგობის მშენებარე კორპუსის ორ ოთახიან ბინაში, ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე, ფარულად გააწევრიანა შვილი გ. მ-ე და ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობამ 1993წ. მიიღო არამართებული გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხე თბილისის მერიის დავალდებულება 19.09.90წ. ¹31 საიჯარო ხელშეკრულების მოთხოვნათა შესრულებაზე, მჭიდრო ვადებში ყველა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების გათვალისწინებით საცხოვრებელი კორპუსის დასრულებულ მდგომარეობაში ჩაბარებაზე. მოსარჩელეებმა მოითხოვეს, აგრეთვე, ქ. თბილისის მერიისათვის 19.09.90წ. ¹31 საიჯარო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის ამხანგობის ოჯახების სასარგებლოდ მოპასუხისათვის 10 მილიონი ლარის გადახდის დაკისრება, მშენებარე კორპუსში ოროთახიანი ბინის მიღების უფლებით გ. მ-ის გაწევრიანების შესახებ დიდუბის რაიონის გამგეობის 1993წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.02.03წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. მ-ე და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა.
მოპასუხე თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო, ვინაიდან მოთხოვნის უფლება 1991წ. წარმოიშვა, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა 2002 წელს. მოპასუხის განმარტებით, 1990წ. ხელშეკრულების მხარეები იყვნენ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა და ქ. თბილისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველო, რის გამოც მოსარჩელეები ზიანის ანაზღაურების ნაწილში არასათანადო მოსარჩელეებს წარმოადგენენ. მოპასუხემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერია არ წარმოადგენს ქ.თბილისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს სამარ-თალმემკვიდრეს. სამმართველო იყო დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომლის უფლებებზე და ვალდებულებებზე თბილისის მერია პასუხს არ აგებს. ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება ქ. თბილისის მერიის მიერ მიღებული არცერთი ადმინისტრაციული აქტი, რითაც იგი რაიმე ვალდებულებას კისრულობდა მოსარჩელეთა წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის და სსკ-ის 85-ე მუხლების თანახმად, ქ. თბილისის მერია არასათანადო მოპასუხეა.
მოპასუხე გ. მ-მ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. სამშენებლო ამხანაგობაში გ. მ-ე გაწევრიანდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამანაგობიდან გასული წევრის ნაცვლად, ამხანაგობის წევრთა თანხმობის საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.02.03წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. მ-ე და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ხოლო 31.08.04წ. განჩინებით _ გ. ღ-ე, თ. გ-ე, გ. გ-ი, რ. კ-ე, ლ. კ-ე, თ. გ-ა, ი. ა-ე, თ. მ-ი, რ. კ-ე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.11.04წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ვადიანი ხელშეკრულება იყო, მისი მოქმედების ვადა 1991წ. ბოლოს ამოიწურა. კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთი დარღვეული უფლების შესახებ 1997წ. აგვისტოში შეიტყვეს, ვინაიდან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრული იყო თვით ამ ხელშეკრულებით. კოლეგიამ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გავიდა 1994 წელს. კოლეგიამ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადის დინების დასაწყისად 1997წ. აგვისტოს თვის მიჩნევის შემთხვევაშიც მოსარჩელეებს გასაჩივრების სამწლიანი ვადა გაშვებული ჰქონდათ. სასამართლო კოლეგიამ ხანდაზმულად მიიჩნია აგრეთვე დიდუბის რაიონის გამგეობის 10.02.93წ. ¹2/47-108 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნაც.
სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ... გამზირი 50-52 მშენებარე ინდივიდუალური საცხოვრეებლი კორპუსის მენაშენეთა ამხანაგობის წევრებმა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. კასატორების განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა ის კატაკლიზმები, რომელიც იმ პერიოდისათვის ქვეყანაში მიმდინარეობდა, მათ შორის, 21.12.91წ. სამოქალაქო ომი, რომლის დანატოვარი კრიმინალური ფონი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. 1993 წელს დაიკარგა სოხუმი, შემდეგ სტიქიურმა უბედურებებმა გაანადგურა ქვეყანა, რესპუბლიკაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიწისძვრას მოჰყვა მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით ქვეყანაში შეჩერდა ყველა მშენებლობა განუსაზღვრელი ვადით. კასატორები თვლიან, რომ ზემოაღნიშნული ფაქტები სასამართლო კოლეგიას მხედველობაში უნდა მიეღო მათი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევისას.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ უფლების დარღვევის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა 1997წ. აგვისტოში, მანამდის, სანამ ახალი სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდებოდა. ამ დროიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლაც. ამასობაში ამოქმედდა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელმაც უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის დაადგინა ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა. სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ ურთიერთობათა მიმართ, რომელიც წარმოიშვა სკ-ის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997წ. 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები თვლიან, რომ კოლეგიას მათ მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ უნდა გამოეყენებინა 1997წ. სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა. კასატორების განმარტებით, მათ 1964წ. სამოქალაქო კოდექსით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადაც არ გაუცდენიათ, ვინაიდან 1997 წელს თავიანთი უფლების დასაცავად მიმართეს საქართველოს კონტროლის პალატას და სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის გ. მ-ის მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორებმა სასამართლო კოლეგიის 26.11.04წ. გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორებს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, რის გამო საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგს:
¹50-52-ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობასა და თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს შორის 19.09.90წ. დაიდო ¹... საიჯარო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველო ვალდებული იყო დამტკიცებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად 1990-91 წლებში სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა ნორმების გრაფიკით განეხორციელებინა ... ¹50-52-ში 54 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოების გარეშე. 1991წ. ბოლომდე ამხანაგობის წევრების მიერ შეტანილი იქნა 1 263 600 რუსული რუბლი. მიუხედავად აღნიშნულისა მშენებლებმა 1990-91წ.წ. ვერ უზრუნველყვეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, 1991წ. ბოლომდე, საცხოვრებელი კორპუსის ჩაბარება.
განსახილველ სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი 1964წ. სკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრებოდა სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყებოდა სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობოდა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების ვადა 19.09.90წ. ¹... ხელშეკრულებით 1991წ. ბოლოს ამოიწურა. აღნიშნული დროიდან ... გამზირის ¹50-52 ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. აღნიშნულს ადასტურებს ასევე მოსარჩელეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ... გამზირის ¹50-52 ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობა სისტემატურად მოითხოვდა მოიჯარე ორგანიზაციისაგან საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 25.05.91წ. ¹437 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რასაც მოიჯარე ორგანიზაცია 1991-94წწ. განმავლობაში ყოველთვის უარყოფდა და კატეგორიულად იგნორირებდა. მიუხედავად აღნიშნულისა კასატორებმა სარჩელით თბილისის საოლქო სასამართლოს მხოლოდ 22.10.02წ. მიმართეს.
ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძველს არ ქმნის კასატორთა მიერ დასახელებული გარემოებები: 1991წ. სამოქალაქო ომი, ომის შემდგომ ქვეყანაში არსებული კრიმინალური ფონი, სტიქიური უბედურებები. 1964წ. სკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა შეჩერდება, თუ სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და იმ პირობებში აუცდენელი მოვლენა (დაუძლეველი ძალა). დაუძლეველმა ძალამ შეიძლება ხელყოს სასამართლო სისტემის ნორმალური ფუნქციონირება, რის გამო შეუძლებელი გახდეს სარჩელის სასამართლოსათვის ჩაბარება, ან სარჩელის წარდგენაზე უფლებამოსილ პირს შეუქმნას გადაულახავი ფიზიკური დაბრკოლება. ქვეყანაში წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები არ წარმოადგენდა ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის განმავლობაში კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის უშუალო შემაფერხებელ გარემოებას. უსაფუძვლოა, აგრეთვე, კასატორთა მითითება იმის თაობაზე, რომ განსახილველ პერიოდში მთავრობის დადგენილებით სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით ქვეყანაში ყველა მშენებლობა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველს არ ქმნის ... გამზირის ¹50-52 ინდივიდუალური ბინათმშენებლობის მენაშენეთა ამხანაგობის მიერ კონტროლის პალატასა და სხვა სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვა, ვინაიდან 1964წ სკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით. იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის შედეგად ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას ან შეწყვეტას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში მოყვანილი ფაქტები სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის დინების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველს არ ქმნის. ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს იმის გარკვევას, განეკუთვნება თუ არა მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის აღიარებულ სავალო ვალდებულებად, კერძოდ, «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის 48-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახალი სახარჯთაღრიცხვო ნორმებისა და ფასების შემოღების გამო 90-იან წლებში მიმდინარე მშენებლობებში შეფერხების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ 25.05.91წ. გამოიცა ¹437 დადგენილება «მშენებლობაში ახალი სახარჯთაღრიცხო ნორმებისა და ფასების შემოღების გამო საცხოვრებელი სახლების, აგარაკების, გარაჟებისა და მებაღეობის ამხანაგობათა ობიექტების მშენებლობაზე გაწეული დამატებითი ხარჯების კომპენსაციის შესახებ», რომლითაც სახელმწიფომ ბიუჯეტში გადასახდელების შემცირების ხარჯზე ცალმხრივად ივალდებულა რესპუბლიკის სამშენებლო ორაგანიზაციებისათვის დამატებითი ხარჯების ანაზღაურება. დადგენილების თანახმად, სამშენებლო ორგანიზაციებს სახელმწიფო აუნაზღაურებდა საბინაო, საგარაჟე მშენებლობის კოოპერატივებისათვის, მებაღეობის ამხანაგობებისა და ინდივიდუალური მშენებლობებისათვის 1991წ. 1 იანვრამდე დაწყებული ობიექტების მშენებლობაზე ახალი სახარჯთაღრიცხვო ნორმებისა და ფასების შემოღებასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს ბიუჯეტში გადასახდელების შემცირების ხარჯზე. «კოოპერატიული ბინათმშენებლობის ღირებულების გაძვირებით გამოწვეული ფასთა სხვაობის კომპენსაციის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 09.10.92წ. ¹983 დადგენილებით, რომლითაც გაუქმდა ზემოაღნიშნული დადგენილება, რესპუბლიკის მთავრობამ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრების სოციალური დაცვის მიზნით განსაზღვრა მშენებლობის ღირებულების გაძვირებით გამოწვეული ფასთა სხვაობის ანაზღაურების წესი. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობებს დადგენილება სახელდებით შეხებია. «სახელმწიფო ვალის შესახებ» 05.03.98წ. კანონის 48-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვადებულება შიდა ვალად იქნა აღიარებული და მისი დაფარვის წესის შემუშავება ფინანსთა სამინისტროს დაევალა. სასარჩელო მოვხოვნის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება დადებული საქალაქო საბჭოს აღმასკომის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოსა და ქ. თბილისის, ... ¹50-52-ში მშენებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი კორპუსის მენაშენეთა ამხანაგობას შორის, უკანასკნელის სამართლებრივი სტატუსი თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 08.09.88წ. გადაწყვეტილებით დამტკიცებული «ქ.თბილისში ინდივიდუალური მენაშენეების ამხანაგობების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ» დროებითი დებულებით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივისა (რომლის სანიმუშო წესდება დამტკიცებული იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 30.08.85წ. ¹573 დადგენილებით) და სამშენებლო ამხანაგობის სამართლებრივ სტატუსზე და ამ უკანასკნელის მიმართ ისეთი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით კომპენსაციების გამოყენების შესაძლებლობაზე, როგორიცაა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 11.10.99წ. ¹226 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი»; საქართველოს პრეზიდენტის 12.10.99წ. ¹592 ბრძანებულებით დამტკიცებული «კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელების პროგრამა»; ქ. თბილისის საკრებულოს 12.12.01წ., ¹10-6 გადაწყვეტილებით დამტკიცებული «კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობისა და «თ...ში» ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლების ბინებით დაუკმაყოფილებლობით წარმოშობილი ვალდებულებების ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაცემის წესი»; სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.12.01წ. ¹1-3/915 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოში დაუმთავრებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრებზე და მუნიციპალური საწარმო «თ...ში» ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლებისათვის საკომპენსაციო თანხების მიღების ნაცვლად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის წესის შესახებ დებულება»; საქართველოს პარლამენტის 01.06.05წ. ¹1879-რს დადგენილება «საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი ვალდებულების ნაწილობრივი ანაზღაურების შესახებ» და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც გამორიცხავენ მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე საქმის განხილვის შესაძლებლად მიჩნევის შემთხვევაში სასამართლომ უნდა იმსჯელოს, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის 12.10.99წ. ¹592 ბრძანებულებით დამტკიცებული პროგრამით განსაზღვრული ვალის დაფარვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შემსრულებელი უწყებების საქმეში მხარედ მოწვევის თაობაზე.
სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობამდე საოლქო სასამართლოს კოლეგიას უნდა გამოეკვლია უფლებამოსილების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის – ქ. თბილისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ძირითად მოტივს წარომოადგენდა მერიის არასათანადო მოპასუხეობა, სასამართლო კოლეგიას საერთოდ არ უმსჯელია ქ. თბილისის მერიის სათანადო მოპასუხეობაზე, არ გამოკვლეულა ქ. თბილისის მერიის სამართლებრივი კავშირი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სამმართველოსთან, დამკვეთს-ამხანაგობასა და სამმართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან, ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან ქ. თბილისის მერიის უფლებამონაცვლეობის საკითხი.
გაურკვეველია აგრეთვე მხარეთა პროცესუალური სტატუსი. მოსარჩელეთა ერთ-ერთი მოთხოვნის მიმართ საქმეში საერთოდ არ ჩართულა მოპასუხე. იმის გათვალისწინებით, რომ ოროთახიანი ბინის მიღების უფლებით გ. მ-ის ამხანაგობაში გაწევრიანების გაუქმების მოთხოვნა უშუალოდ უკავშირდება დიდუბის რაიონის გამგეობის 10.02.93წ. ¹2/47-108 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეში ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა უნდა ჩართულიყო მოპასუხედ და არა მესამე პირად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, საქმე განხილვისათვის განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის ... გამზ. ¹50-52 მშენებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი კორპუსის მენაშენეთა ამხანაგობის წევრების ა. ხ-ის, ვ. კ-ის, რ. კ-ის და სხვ. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 26.11.04წ. გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.