Facebook Twitter

№ას-420-397-2014 15 სექტემბერი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს. ს. ე. კ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – სს ს. კ. „ა. ბ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 26 დეკემბერს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ს. ს. ე. კ-ამ“ მოპასუხე სს ს. კ. „ა. ბ-ის“ მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად ქონების დაზიანებით მიყენებული ზიანის – 240370 ლარის ანაზღაურება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ს. ს. ე. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა:

მოპასუხე სს „ს. კ. ა-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 240370 ლარის ანაზღაურება.

ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს შპს „ს. ს. ე. კ-ის“ სასარგებლოდ დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. კ. ა. ბ-მ“.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს. კ. ა. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შპს „ს. ს. ე. კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 21 ოქტომბერს შპს „ს. ს. ე. კ-ასა“ და სს ს. კ. „ა. ბ-ის“ შორის გაფორმდა დაზღვევის პოლისი №FR/C - 001381/11.

მითითებული დაზღვევის პოლისის ზოგადი პირობების თანახმად, თანდართული „ა. ბ-ის“ ზოგადი პირობები, ქონების დაზღვევის პირობები, საქმიანობის შეწყვეტის პირობები, მანქანა-დანადგარების მწყობრიდან მოულოდნელი ან/და გაუთვალისწინებელი გამოსვლის დაზღვევის, შემოსავლის დაკარგვის დაზღვევის პირობები და დაზღვევის განცხადება, წარმოადგენს ერთ მთლიან დაზღვევის ხელშეკრულებას.

ქონების დაზღვევის პირობების (სექცია I) პირველ მუხლში ჩამოთვლილია სადაზღვევო რისკები, რომლის 1.6. პუნქტის თანახმად, მზღვეველი იღებს ვალდებულებას დამზღვევს აუნაზღაუროს ქონების დაზიანებით გამოწვეული ზარალი ნიადაგის დაწევის, ნიადაგის ჩამოშლის, ნიადაგის აწევის, მეწყერის და უხვთოვლიანობის გამო, მითითებული გამონაკლისების გარდა. დასახელებული პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამონაკლისია ზიანი, რომელიც გამოწვეულია ხელოვნური ნიადაგის დაწევით ან მოძრაობით; სანაპიროს ან მდინარის ეროზიით; ცუდი კონსტრუქციით; მასალებით ან მუშახელით; ხანძრით; მიწისქვეშა ცეცხლით; აფეთქებით; მიწისძვრით ან წყლის გაჟონვით.

დადგინდა და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ 2012 წლის 10-11 თებერვალს შპს „ს. ს. ე. კ-ის“ საკუთრებაში არსებული და N001381/11 პოლისით დაზღვეული ქონება – სასათბურე მეურნეობა, ჩამოინგრა. მხარეთა შორის სადავო იყო დაზღვეული ნაგებობის (სათბურის) დანგრევის მიზეზი. მოსარჩელის განმარტებით, შენობა-ნაგებობის ჩამოინგრა უხვთოვლიანობის გამო, მოპასუხე კი სათბურების დანგრევის მიზეზად მიიჩნევდა შენობა-ნაგებობების კონსტრუქციულ დეფექტებს.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საქმეში წარმოდგენილი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამი დასკვნა.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 4 აპრილის N010476-2012/03/1-03/2 დასკვნის თანახმად, სათბურის ჩამონგრევის უშუალო პროვოცირება მოახდინა თოვლისა და ქარის დატვირთვამ. მდგრადობის დაკარგვის თვალსაზრისით, ნაგებობა თოვლის მოსვლამდე იმყოფებოდა ზღვრულ მდგომარეობაში, ამიტომ დამატებითმა დატვირთვამ გადააჭარბა რა ნორმატიულს, მოხდა მთელი კონსტრუქციული სისტემის კოლაფსი.

ექსპერტის დასკვნით, სათბურის კონსტრუქცია აწყობილი იყო ლითონის ტიპიური ელემენტებით. მთლიანად ნაგებობას გააჩნდა ნაკლოვანებები, რომლებიც ჯამში ნაგებობას ზღვრულ მდგომარეობაში ამყოფებდა. ნაგებობა ჰორიზონტალური მიმართულებით წარმოადგენდა გეომეტრიულად ცვლად სისტემას. გრძივი მიმართულებით თავსა და ბოლოში, რამდენიმე სექციაში, ვერტიკალური ელემენტები დოაგონალური მიმართულებით არ იყო შეკრული. ძალზედ მნიშველოვანი იყო ისიც, რომ სათბურის ვერტიკალური ელემენტები ბეტონის საყრდენებზე არსებულ ჩასატანებელ ელემენტებთან ჭანჭიკებით მყარად არ იყო ჩამაგრებული. რეალობაში ყველა სვეტი საყრდენიდან ამოშვერილ ჭანჭიკზე იყო ჩამოცმული, ქანჩით მოჭიმვის გარეშე. ფაქტობრივად, ასეთი კვანძი სახსარს წარმოადგენდა და სვეტს ყველა მიმართულებით შეეძლო დახრა-გადაადგილება. სათბურის ბრტყელი ჩარჩოების სვეტები თავებში ერთმანეთთან შეკრული-მოჭიმული იყო ლითონის მრგვალი ღეროებით, რაც უზრუნველყოფდა ჩარჩოს გეომეტრიულ უცვლელობას.

ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთ ჩარჩოს შემკოჭები ჩაჭრილი ჰქონდა, რის გამოც ჩარჩო ვერტიკალური მიმართლებითაც გეომეტრიულად ცვლად სისტემად იქცა. თოვლისა და ქარის ზემოქმედებისას ვერტიკალური ელემენტები მიიღებდნენ დიდ გადაადგილებებს. ასეთნაირად მყოფი სათბურის კონსტრუქციული ელემენტების-სვეტების მდგრადობის დაკარგვა დომინოს პრინციპით იწვევდა დანარჩენთა მდგრადობის დაკარგვასაც და საბოლოოდ, სათბურის მთელი კონსტრუქციული სისტემის კოლაფს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 6 ივლისის N021763-2012/03/2 დასკვნის თანახმად, ქ.გარდაბანში, ა-ის ქ.N2ა-ში მდებარე სათბურის ნაგებობა არ დაინგრეოდა, თუ მისი კონსტრუქციული სქემა იქნებოდა გამართული (ნორმებით გათვალისწინებული გაანგარიშების საფუძველზე დაპროექტებული და მისი მიხედვით აშენებული) და დაცული იქნებოდა სათბურების ექსპუატაციისათვის დადგენილი ტექნოლოგიური მოთხოვნები. აღნიშნული სათბურის ჩამონგრევა შესაძლოა, გამოეწვია მხოლოდ თოვლის დატვირთვას, თუ თოვლის საფარი გადაარჭაბებდა ნორმებით დასაშვებს იმდენად, რომ სვეტები ამოწურავდა მზიდუნარიანობას. ასევე, აღსანიშნავი იყო, რომ სათბურის ნგრევა იმ პირობით, რომ ის აშენებული იყო და ფუნქციონირებდა ნორმებით გათვალისწინებული წესების დაცვით, შეეძლო გამოეწვია საანგარიშო დატვირთვებზე მეტი ქარისა და თოვლის დატვირთვებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონსტრუქციის სივრცითი სიხისტე შესუსტებული იყო მზიდი ელემენტების არარსებობითა და ცვეთით, ნგრევა შეეძლო გამოეწვია, ნორმებით გათვალისწინებულზე ნაკლები თოვლისა და ქარის დატვირთვებს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 21 ნოემბრის N043262-2012/03/2 დასკვნის თანახმად, შპს „ს. ს. ე. კ-ის“ კუთვნილი სათბურის კონსტრუქციების ნგრევის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა გადაჭარბებული, ნორმაზე 3-ჯერ მეტი თოვლის დატვირთვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გარდაბანში 2012 წლის 10-11 თებერვალს.

ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტმა აღწერა, რომ ტერიტორიის მდებარეობიდან გამომდინარე, სათბურის კონსტრუქციაში არ იყო გათვალისწინებული ხელოვნური თოვლსაწინააღმდეგო ღონისძიებები; დაპროექტებისას ასევე არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სეისმური ზემოქმედებაც; სათბურის შემოფარგვლა შესრულებული იყო 4 მმ სისქის მინით. შემოფარგვლის ჰერმეტიზაციისთვის გამოყენებული იყო ელასტიკური მასტიკა, რომელსაც დაკარგული ჰქონდა ჰერმეტიკული თვისებები.

ექსპერტმა დასკვნაში ასევე მიუთითა სათბურის ტექნიკურ მოუვლელობაზე, კერძოდ, მზიდი საყრდენი კონსტრუქციების ცუდად ჩამაგრებასა და კარკასის ელემენტების დეფორმაციებზე.

დავის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის დანაწესი, რომლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, რომელიც მხოლოდ სპეციალური ცოდნის გამოყენებით შეიძლება დადგინდეს, სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლო თავისი მოტივირებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების ან მისი უარყოფის მართლზომიერებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და ზემოხსენებული მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასება, კერძოდ, იმ გარემოების მხედველობაში მიღება, რომ სამივე დასკვნა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა შენონა-ნაგებობის მოუვლელობაზე, ნაგებობის მდგრადობისათვის არსებითი ხასიათის კონსტრუქციულ დეფექტებზე, რომლებიც ჯამში ნაგებობას ზღვრულ მდგომარეობაში ამყოფებდა, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ დანგრეული სათბურების იდენტური, გვერდით განთავსებული სათბური იმავე თოვლის საფარის პირობებში არ დაზიანებულა (ტომი 1, ს.ფ. 52-53, ექსპერტიზის დასკვნაზე დართული ფოტომასალის 1-4 ფოტოები), არც იმავე ტერიტორიაზე არსებული სხვა შენობა-ნაგებობების ნგრევას ჰქონია ადგილი, იძლეოდა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოსარჩელის კუთვნილი სათბურის ნაგებობის ჩამონგრევა გამოიწვია არა უხვთოვლიანობამ, არამედ – შენობა-ნაგებებობის კონსტრუქციულმა ნაკლმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 10-11 თებერვალს შპს „ს. ს. ე. კ-ის“ საკუთრებაში არსებული და N001381/11 პოლისით დაზღვეული სადავო ქონების ჩამონგრევა გამოიწვია შენობა-ნაგებების კონსტრუქციულმა ნაკლმა.

საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 799-ე მუხლით. ამ მუხლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოხმობილი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ძირითად კრიტერიუმს სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, სადაზღვევო შემთხვევა შეიცავს თუ არა ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლის შემთხვევებს, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძველს.

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მხარეთა შორის დადებული 2011 წლის 21 ოქტომბრის №FR/C - 001381/11 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მზღვეველი იღებს ვალდებულებას, დამზღვევს აუნაზღაუროს ქონების დაზიანებით გამოწვეული ზარალი ნიადაგის დაწევის, ნიადაგის ჩამოშლის, ნიადაგის აწევის, მეწყერის და უხვთოვლიანობის გამო, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, მათ შორის, როდესაც ზიანი გამოწვეულია ცუდი კონსტრუქციით (ქონების დაზღვევის პირობების (სექცია I) პირველი მუხლის 1.6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). ასევე დადგინდა, რომ 2012 წლის 10-11 თებერვალს შპს „ს. ს. ე. კ-ის“ საკუთრებაში არსებული და N001381/11 პოლისით დაზღვეული სადავო ქონების ჩამონგრევა გამოიწვია შენობა-ნაგებებობის კონსტრუქციულმა ნაკლმა.

რამდენადაც სადავო ქონების ჩამონგრევა, 2011 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევად არ განიხილებოდა, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას თანხის ანაზღაურება არ უნდა დაკისრებოდა. აქედან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. ს. ე. კ-ამ“.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სს „ს. კ. ა. ბ-ის“ მის სასარგებლოდ დაეკისრება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად ქონების დაზიანებით მიყენებული ზიანის – 244950.5 ლარის ანაზღაურება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

აღნიშნული საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველმა სასამართლომ სწორი დასკვნა გააკეთა, როდესაც უხვთოვლიანობა გაიგო ხელშეკრულების შესატყვისად და მიიჩნია, რომ იგი უნდა გულისხმობდეს ჩვეულებრივზე (ნორმაზე) მეტი თოვლის მოსვლას. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი უნდა იყოს დაზღვეული ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით თოვლის ჩვეულებრივი (გონივრული) ოდენობა დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მოხდა სადაზღვევო შემთხვევა, მისი მოსვლის ხანგრძლივობა და სხვა ფაქტორები. საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამოირკვა, რომ შემთხვევის ადგილიდან უახლოეს ადგილებში მეტეოროლოგიური დაკვირვებით 2012 წლის 10-11 თებერვალს თოვლის საფარის სიმაღლე დაახლოებით 36-40სმ-ის შესატყვისია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობასთან.

ექსპერტიზის 2012 წლის 21 ნოემბრის დასკვნის თანახმად, შპს „ს. ს. ე. კ-ის“ კუთვნილი სათბურის კონსტრუქციების ნგრების მთავარ მიზეზს წარმოადგენს გადაჭარბებული, ნორმაზე 3-ჯერ მეტი თოვლის დატვირთვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა გარდაბანში 2012 წლის 10-11 თებერვალს. აქედან ცალსახაა, რომ სახეზე იყო სადაზღვევო შემთხვევა, 2012 წლის 11 თებერვალს შპს „ს. ს. ე. კ-ის“ საკუთრებაში არსებული ქონება (სასათბურე მეურნეობა) ჩამოინგრა უხვთოვლიანობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კასატორმა წარადგინა ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო სათბურების ვიზუალური და კონსტრუქციული მხარეები. მოწინააღმდეგე მხარეს სხვა რაიმე დამატებითი ცნობა არ მოუთხოვია და ბუნებრივია, მზღვეველმა მიიღო და მოიწონა დასაზღვევი ქონება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ს. ე. კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. ს. ე. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს. ს. ე. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს – შპს „ს. ს. ე. კ-ას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი, საგადახდო დავალება № 0, გადახდის თარიღი – 2014 წლის 22 აპრილი) 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე