Facebook Twitter

საქმე №ას-42-41-2014 9 სექტემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „მ-ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე. ფ-ა“(მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ე. ფ-ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „მ-ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოპასუხე შპს „მ-სათვის“, მოსარჩელე შპს „ე. ფ-ის“ კუთვნილი სასაქონლო ნიშნის _ „ფ-ს“ იდენტური/მსგავსი ნიშნის უკანონო გამოყენების აკრძალვა საქპატენტში რეგისტრირებული, შპს „ე. ფ-ის“ სასაქონლო ნიშნების და დაცულ 5, 35, 45 კლასებში, მათ შორის _ სასაქონლო ნიშნის _ „ფ-ს“ მსგავსი სასაქონლო ნიშნის („დ-ას“ და სხვ.) გამოყენების აკრძალვა აფთიაქის ფუნქციონირებისას, მედიკამენტების რეალიზაციისას და ა.შ.

2. მოპასუხე შპს „მ-სათვის” სახელის, საფირმო სახელწოდების „მ-ს“ გამოყენების აკრძალვა;

3. მოპასუხე შპს ”მ-სათვის” ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, სარეკლამო განცხადების განადგურების დავალება, რომელიც შეიცავს შპს „ე. ფ-ის” საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის _ „ფ-ს” მსგავს ნიშანს, ასლს და იმიტაციას, მათ შორის, სახელწოდება „დ-ას” შემცველი ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, სარეკლამო განცხადების განადგურების დავალება

მოსარჩელის განმარტებით, სასაქონლო ნიშანი „ფ-ო“ 2009 წლიდან წარმოადგენს მის რეგისტრირებულ ინტელექტუალურ საკუთრებას (კლასი 5, 35, 44). 2009 წლის აპრილში გაიხსნა ამ დასახელების პირველი აფთიაქი. „ფ-მ” მალე დაიმკვიდრა იაფი ფასების მქონე სააფთიაქო ქსელის სახელი. 2012 წლის 16 ივლისს დარეგისტრირდა მოპასუხე კომპანია შპს „მ-ო“. მოსარჩელის მტკიცებით, საზოგადოებისათვის ამვარი სახელის მინიჭება მიზნად ისახავდა ”ფ-ს” კარგი რეპუტაციის გამოყენებას და ამით, დაუმსახურებლად, ხელსაყრელი პირობების შექმნას. მოსარჩელემ, საინფორმაციო ფურცლით გაიგო რა „იაფი აფთიაქი ფ-ს” გახსნის თაობაზე, დაუკავშირდა მოპასუხე საზოგადოებას და გააფრთხილლა მისი მხრიდან მოსარჩელის საკუთრების უფლების დარღვევის თაობაზე. მოპასუხემ, მიუხედავად ამისა, გახსნა აფთიაქი, რომლის დასახელების აღმნიშვნელ სარეკლამო დაფაზე არსებული დასახელება „დ. მ-ა” და ფერთა კომბინაცია იმდენად არის მიმსგავსებული მოსარჩელის აფთიაქის აბრასთან, რომ საქონლის (სააფთიაქო საქმიანობა) იდენტურობის პირობებში, ქმნის ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობას. მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აფთიაქის დასახელების და სარეკლამო აბრის შეცვლის თხოვნით, რომელიც უპასუხოდ იქნა დატოვებული.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი მოსაზრებით, იმ გარემოებამ, რომ შპს „ე ფ-ს” სააფთიაქო ქსელმა დაიმკვიდრა იაფი აფთიაქის სახელი, არ უნდა იქონიოს გავლენა მოპასუხე შპს „მ-ს” ბიზნეს საქმიანობაზე და მას უნდა ჰქონდეს საშუალება იყოს კონკურენტუნარიანი. 2012 წლის ივლისში, როდესაც მოსარჩელემ გამოთქვა პრეტენზია აფთიაქის დასახელებაზე _ „ფ-ო”, მოპასუხე წავიდა კომპრომისზე და შეცვალა აფთიაქის სახელწოდება. მოსარჩელის წარმომადგენლებთან შეთანხმებით არჩეულ იქნა დასახელება _ „დ. მ-ა”, რომლის იდენტური სასაქონლო ნიშანი საქპატენტში არ იყო რეგისტრირებული და არც განსახილველად მიღებული. მხარეთა სასაქონლო ნიშნები არ არის არც იდენტური, არც _ მსგავსი. მოპასუხის განმარტებით, ის, მის მიერ საფირმო სახელწოდებაში გამოყენებული სიტყვით _ „მ-ო” და სასაქონლო ნიშნით _ „დ. მ-ა” არ არღვევს მოსარჩელის უფლებებს სასაქონლო ნიშანზე „ფ-ო”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ე. ფ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. აეკრძალა მოპასუხე შპს „მ-ს”, მოსარჩელე შპს „ე. ფ-ის” კუთვნილი, „საქპატენტში” რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების (სარეგისტრაციო მოწმობები: M22036; M21754; M20357; M20577) - „ფ-ს” იდენტური/მსგავსი ნიშნის, მათ შორის, „დ. მ-ას” უკანონო გამოყენება 44-ე, 35-ე, მე-5 კლასებში; აეკრძალა მოპასუხე შპს „მ-ს” საფირმო სახელწოდებად სიტყვა „მ-ს” გამოყენება; დაევალა შპს „მ-ს”, შპს „ე. ფ-ის” საკუთრებაში არსებული, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის - „ფ-ს” შემცველი ან მსგავსი ნიშნის შემცველი ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, სარეკლამო განცხადების განადგურება, მათ შორის, „დ. მ-ას” შემცველი ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, სარეკლამო განცხადების განადგურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს „მ-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, როგორიცაა ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს და დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ე. ფ-ის“ კუთვნილ სააფთიაქო ქსელს 2009 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული აქვს კარგი რეპუტაცია და იაფი აფთიაქის სახელი, რაც ასევეა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი საგაზეთო პუბლიკაციითაც (ტ. I; ს.ფ. 22, 23). ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნულ გარემოებაზე შედავების უფლებამოსილება მოპასუხეს არ გამოუყენებია შესაგებელში, ამიტომაც მას წაერთვა საქართველოს სსკ-ის 201-ე მუხლით მინიჭებული შედავების უფლებამოსილებით შემდგომში სარგებლობის პროცესუალური შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამ გარემოებას საქმისათვის მნიშვნელობა აქვს იმ კუთხით, რომ დადგინდეს გააჩნია თუ არა მოპასუხეს უკვე დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტური/მსგავსი ნიშნით სარგებლობის მოტივაცია, ხოლო თავის მხრივ, შპს „ე. ფ-ის“ კუთვნილი სასაქონლო ნიშნით საქართველოს ბაზარზე არსებული სააფთიაქო ქსელის წარმატებული ფუნქციონირება (ანუ, აღნიშნული კომპანიის მიერ კარგი სახელის დამკვიდრება სააფთიაქო ბაზარზე) უბიძგებს მოპასუხეს გამოიყენოს სხვისი კეთილი სახელი კომერციულ ურთიერთობებში, რაც ამავდროულად, მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრების მითვისებაზეც მიუთითებს.

გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, აპელანტი აღნიშნავს, რომ მოპასუხის კუთვნილი აფთიაქის დასახელებად „დ. მ-ას“ გამოყენება მოხდა მოსარჩელესთან შეთანხმებით, რასაც სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიჩნეულ იქნეს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში კი, დასახელებული არგუმენტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც მოპასუხის არგუმენტი, რომ სადავო სახელწოდების - „დ. მ-ას“ გამოყენება მოხდა მოსარჩელესთან შეთანხმებით, ვერ იქნება გაზიარებული.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ორივე საწარმოს - მოსარჩელე შპს „ე. ფ-ისა“ და მოპასუხე შპს „მ-ს“ კომერციული საქმიანობა უკავშირდება ფარმაცეფტული პრეპარატებით ვაჭრობას. სარჩელში დავის საგანია: 1. მოპასუხისათვის შპს „ე. ფ-ის“ კუთვნილი სასაქონლო ნიშნის „ფ-ო“-ს იდენტური/მსგავსი ნიშნის უკანონო გამოყენების აკრძალვა; 2. შპს „მ-ს“ ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, სარეკლამო განაცხადის განადგურება, რომელიც შეიცავს შპს „ე. ფ-ის“ საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნის „ფ-ს“ მსგავს ნიშანს, ასლს და იმიტაციას, მათ შორის, სახელწოდება ფარმადეპოს შემველი ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, სარეკლამო განცხადების განადურება (ტ.I. ს.ფ. 297, 298).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოპოვებული აქვს დამცავი დოკუმენტი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე, კერძოდ, სასაქონლო ნიშანზე „ფ-ო”. სახელდობრ, 2009-10წწ-ში, საქპატენტში მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირებულია:

1. სასაქონლო ნიშანი - „P-T“ შავ-თეთრი სიტყვიერი ნიშანი მე-5 კლასისათვის (ფარმაცევტული პრეპარატები, მედიკამენტები (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოწმობა №M20357);

2. სასაქონლო ნიშანი - „ფ-ო“ – „P-T“, გამოსახულებითი ნიშანი სიტყვიერი ელემენტებით, შემდეგ ფერებში: ცისფერი, თეთრი, ყვითელი, ლურჯი; 35-ე კლასისათვის (რეკლამა; მართვა საქმიან სფეროში; ადიმინისტრირება საქმიან სფეროში; საოფისე სამსახური; სააფთიაქო ქსელით მომსახურება) (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოწმობა №21754);

3. სასაქონლო ნიშანი - „ფ-ო“ – „P-T“, გამოსახულებითი ნიშანი სიტყვიერი ელემენტებით, შემდეგ ფერებში: ცისფერი, ყვითელი, თეთრი, ლურჯი; 44-ე კლასისათვის (სამედიცინო მომსახურება; ვეტერინარული მომსახურება; მომსახურება ცხოველებისა და ადამიანების ჰიგიენისა და კოსმეტიკის სფეროში; მომსახურება სოფლის მეურნეობის, მებაღჩეობის და მეტყევეობის სფეროში) (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოწმობა №22036).

მოსარჩელე შპს „ე ფ-ის“ კუთვნილი კომბინირებული სასაქონლო ნიშნების („ფ-ო“ + გამოსახულება) შედარებით მოპასუხე შპს „დ. მ-ას“ მიერ ასევე კომბინირებული სახით გამოყენებულ აღნიშვნასთან („დ. მ-ა+გამოსახულება“) ცხადი ხდება, რომ ორივე სასაქონლო ნიშნის კომბინაცია (სიტყვა+გამოსახულება) იძლევა აღრევამდე ურთიერთმსგავსების შესალებლობას. კერძოდ, ორივე მათგანის სიტყვიერ ნაწილში გამოყენებულია „დ-ო“ და „ფ-ა“ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ასოთა გრაფიკა არ არის იდენტური, არ არის გადამწყვეტყი მნიშვნელობის მქონე, გამომდინარე იქიდან, რომ სიტყვა „მედ” მხოლოდ ფორმალურად განასხვავებს ერთმანეთისაგან შესადარებელ ნიმუშებს. ორივე ნიშანში, კონკრეტული მომსახურების სფეროს აღსანიშნად გამოიყენება სიტყვა „ფ-ა“, ხოლო სპეციფიკური დანიშნულების სიტყვა „დ-ო”, გამოყენებულია მომხმარებლის ყურადღების მისაპყრობად და სიტყვის გასაძლიერებლად. ამდენად, მხოლოდ ასოთა გრაფიკაში წარმოჩინებული ფორმალური განსხვავება არ ცვლის ორივე სიტყვის მთლიანი აღნიშვნის შინაარსობრივ დატვირთვას. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ორივე ნიშნის სიტყვიერი ნაწილები ერთმანეთის მსგავსია: შედგენილი სიტყვის სამი ნაწილიდან ერთმანეთს ემთხვევა ორი ნაწილი. ამასთან, სახეზეა შინაარსობრივი დამთხვევაც, რასაც განაპირობებს ერთიდაიგივე ძლიერი ნაწილის არსებობა.

რაც შეეხება ნიშნების გამოსახულებით ნაწილს, მოსარჩელის კუთვნილ კომბინირებულ სასაქონლო ნიშანში სიტყვიერი ელემენტებით (ფ-ო P-T) დაცულია ფერები ცისფერი, თეთრი, ყვითელი, ლურჯი. ვიზუალურად, გამოსახულებითი ნიშნის ცისფერი ფონი არის მუქი, მოლურჯო ტონის, მასზე სიტყვიერი ელემენტები ყვითელი ფერით არის მოცემული, სიტყვიერ ელემენტებს შორის აღბეჭდილია დაუცველი ნაწილი - თეთრი ფერის, გარკვეულწილად სტილიზებული (ცისფერი და ლურჯი შტრიხებით) გამოსახულება. ხოლო მოპასუხის მიერ კომბინირებული სახით გამოყენებული სასაქონლო ნიშნის (აღნიშვნის, დასახელების) სიტყვიერი ელემენტებია „დ. მ-ა D. M-A, ფერებია მწვანე, ყვითელი და ლურჯი. ვიზუალურად, გამოსახულებითი ნიშნის მწვანე ფონი არის საშუალო ტონის (არც ღია და არც მუქი), მასზე სიტყვიერი ელემენტები ყვითელი ფერით არის მოცემული, სიტყვიერ ელემენტებს შორის, აღბეჭდილია ერთმანეთის მიმართ პერპენდიკულარულად განთავსებული (ჯვრის სახით) ორი წრფივი ხაზი, რომელიც ლურჯი ფერით არის შესრულებული. გამოსახულებითი ნიშნის მარცხენა მხარეს, სიტყვიერი ელემენტებისგან მოშორებით, ყვითელი ფერის ხაზით შესრულებულია ჯვრის ერთგვარად სტილიზებული გამოსახულება, რომლის ზედა მხარეს, მომცრო შრიფტით, ყვითლად აღნიშნულია ორი ასონიშანი - „დმ”, ქვემოთ, ამავე სახით შესრულებული ორი ასონიშანი „DM“.

ამდენად, ვიზუალურად ორივე ნიშნის გამოსახულება შედგება მართკუთხა ოთხკუთხედის ფორმის აბრაზე ქართულად და ლათინურად მოცემული სიტყვების გრაფიკული ნაწილისაგან. მოპასუხის ნიშანში არსებული ასონიშნების გრაფიკა არ არის მოსარჩელის ნიშანში მოცემული ასონიშნების გრაფიკის იდენტური. ამასთან, მოპასუხის ნიშანში შენარჩუნებულია მოსარჩელის ნიშნის დიზაინერული სტილი და ფერთა შეხამება. თითქმის იდენტურია ასოების შეფერადების გრაფიკული ფონი და აბრის შეფერილობის საერთო ფონი. ორივე ნიშნის გამოსახულება იმდენად მსგავსია, რომ ჩვეულებრივ მომხმარებელს ადვილად შეიძლება ერთმანეთში აერიოს ეს აღნიშვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ კომბინირებული ნიშნები „ფ-ო + გამოსახულება“ და „დ. მ-ა + გამოსახულება“ იმდენად მსგავსია, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს აღრევას და მომხარებელთა შეცდომაში შეყვანას, კერძოდ, მომხმარებელს აფიქრებინებს, რომ ერთსა და იმავე სააფთიაქო ქსელთან აქვს საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიშნების აღევამდე მსგავს აღნიშვნებად მიიჩნევიან და საბოლოოდ, იწვევენ მომხმარებლის ცდომილებას და მას აფიქრებინებს, რომ სადავო ნიშანი სწორედ „ფ-ს“ სახლით მოქმედ სააფთიაქო ქსელს უკავშირდება, იმავდროულად, პალატამ განმარტა, რომ სასაქონლო ნიშანი უნდა განსხვავდებოდეს ფერთა კომბინაციით, იმდაგვარად, რომ აღრევის შესაძლებლობას არ იძლეოდეს მომხმარებელში. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ადგილი აქვს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა „ფ-სთან.“

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეწყვიტოს უფლების დამრღვევმა უფლების დამრღვევი ქმედება საფუძვლიანია, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ნებისმიერი საქმიანობის შეწყვეტას, მათ შორის, „ფ-ო“-ს იდენტური/მსგავსი ნიშნის უკანონო გამოყენების აკრძალვასა და შპს „მ-ს“ ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, სარეკლამო განაცხადის განადგურებას, რომელიც შეიცავს შპს „ე. ფ-ის“ საკუთრებაში არსებულ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშნის „ფ-ს“ მსგავს ნიშანს, ასლს და იმიტაციას, მათ შორის, სახელწოდება „ფ-ს“ შემცველი ყველა გამოსახულების, ეტიკეტის, სარეკლამო განცხადების განადგურებას, რაც ხელყოფს განსაკუთრებული უფლების მფლობელი პირის უფლებებს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის სადავოდ ხდიდა ადგილზე დათვალიერების ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „ე. ფ-ის“ კუთვნილ სასაქონლო ნიშანსა და შპს „მ-ს“ აფთიაქის დასახელებად გამოყენებულ ნიშნებს შორის მსგავსების დასადგენად აუცილებელი იყო ადგილზე დათვალიერების ჩატარება. სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტმა აღნიშნული შუამდგომლობა დააყენა სააპელაციო სასამართლოს წინაშე 2013 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, რაც არ დაკმაყოფილდა, იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები იძლეოდა გამოსაკვლევი გარემოების დადგენის პროცესუალურ შესაძლებლობას და, ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დასმულ საკითხს საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით პასუხი უკვე გაეცა 2013 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინებით და მასზე ცალკე მსჯელობა გადაწყვეტილებასთან ერთად აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.

რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის მასალებიდან (ტ.I. ს.ფ. 97-11-ზე განთავსებული) დ. ძ-ის დასკვნის ამოღების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე დავის მონაწილე მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თუმცა ამავდროულად, სასამართლოს, რომელიც ხელმძღვანელობს რა მხარეთა შორის წარმოებულ დავას, მინიჭებული აქვს უფლება თავად შეაფასოს წარმოდგენილი მტკიცებულებები სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით და განსაზღვროს საქმის გარემოებათა დადგენის კუთხით მათი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, ს.ფ. 97-111-ზე წარმოდგენილი მოსაზრება პალატის მიერ არ იქნება შეფასებული, როგორც სსსკ-ის 162-ე მუხლით გათვალისწინებული პირდაპირი მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსების საკითხი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს და ამ საპროცესო მოქმედებაში არც-ერთ მტკიცებულებას არ აქვს უპირატესი ძალა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ს.ფ. 97-111-ზე წარმოდგენილი იურისტის მოსაზრების საქმიდან ამოღების აუცილებლობაც არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები. სასაქონლო ნიშნები არ არის იდენტური, ამავდროულად კასატორის კუთვნილი ნიშანი არ შეიცავს მოსარჩელის სასაქონლო ნიშნის იდენტურ სიმბოლოს. შპს „მ-ს“ სასაქონლო ნიშანი განსახვავდება ყველა ასპექტით, კერძოდ, სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი შედგება ორი სიტყვისაგან და არის „დ. მ-ა/D. M-A“, ძირითადი ფერებია ღია მწვანე და ყვითელი, მცირე შტრიხი, გამყოფი ხაზი ლურჯი ფერისაა, ნიშანზე განსაკუთრებული ადგილზე განთავსებულია სპეციფიური ლოგო, აქვს სიტყვიერი აღნიშვნის განსაკუთრებული განლაგება. სასამართლომ იმსჯელა 2013 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე დაა აღნიშნა, რომ მოსაზრება არ არის შეფასებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, მაშინ რა სახის მტკიცებულებაა იგი და რა კავშირი აქვს საქმესთან. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ამ მოსაზრებას დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

გარდა ამისა, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.02.2014 წლის საგადახდო დავალებით (რეფერენსი 24729374) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე