Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-471-445-2014 10 სექტემბერი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ვ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ლ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – წილის მიკუთვნება, საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. ბ. ლ-ას სარჩელი მოპასუხეების: ვ. ლ-ას, გ. ლ-ასა და მისი კანონიერი წარმომადგენლის დედის - ფ. ჯ-ას მიმართ, მისი საკუთრების სარგებლობით ხელშეშლის აღკვეთისა და საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების შესახებ, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა;

2. ვ. ლ-ასა და არასრულწლოვან გ. ლ-ას კანონიერი წარმომადგენლის ფ. ჯ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ. ლ-ას (პირადი ნომერი.... ) საკუთრებაში მიეკუთვნა ხობის რაიონის სოფ. ხ-ში მდებარე ბ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული № საკადასტრო კოდის უძრავი ქონების 1/3 წილი და დედის - ნ. ს. ასული ლ-ას სამკვიდროს 1/3 წილიდან ¼ წილი; დადგინდა დასახელებული ცვლილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. -არასრულწლოვან გ. ლ-ას (პირადი ნომერი ....) საკუთრებაში მიეკუთვნა ხობის რაიონის სოფ.ხ-ში მდებარე ბ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული №.... საკადასტრო კოდის უძრავი ქონების აწ გარდაცვლილი მამის თ. ლ-ას დედის - ნ. ს. ასული ლ-ას (გ.ლ-ას ბებია) სამკვიდროს 1/3 წილიდან 1/4 წილი, ასევე დადგინდა დასახელებული ცვლილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;

3. მესამე პირს ნ. ლ-ას (პირადი ნომერი ....) საკუთრებაში მიეკუთვნა ხობის რაიონის სოფ. ხ-ში მდებარე ბ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული №.... საკადასტრო კოდის უძრავი ქონების დედის - ნ. ს. ასული ლ-ას სამკვიდროს 1/3 წილიდან 1/4 წილი. დადგინდა დასახელებული ცვლილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შესაბამისი ცვლილების განხორციელება საჯარო რეესტრის ჩანაწერში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ლ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით:

1. ბ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ. ლ-ას შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ .ლ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

4. ვ. ლ-ა ცნობილ იქნა ხობის რაიონის სოფელ ხ-ში მდებარე ბ. ლ-ას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ½ ნაწილის ¼ ნაწილის (სადაო სახლთმფლობელობის 1/8 ნაწილის) მესაკუთრედ და განხორციელდა შესაბამისი ცვლილება საჯარო რეეტრში. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 350 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის წლის 23 მაისის განჩინებით ვ. ლ-ას დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 350 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე სასამართლოს 2014 წლის 16 ივისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება, კასატორის მიერ მითითებულ მისამართზე, პირადად ჩაბარდა კასატორს 2014 წლის 22 ივლისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 23 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 28 ივლისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2014 წლის 28 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე