№ას-517-490-2014 15 სექტემბერი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. თ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ (900 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში) დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 30 ივლისს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ჟ. თ-მა მოპასუხე ლ. ფ-ის მიმართ.
სარჩელის მოთხოვნა:
მოპასუხე ლ. ფ-სათვის ჟ. თ-ის სასარგებლოდ 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჟ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
მოპასუხე ლ. ფ-ს მოსარჩელე ჟ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ სადავოდ გახადა ლ. ფ-მა. აპელანტმა მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ფ-სათვის ჟ. თ-ის სასარგებლოდ 900 აშშ დოლარის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მარტის განჩინებით ლ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საქმეზე დადგინდა და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ 2011 წელს მოპასუხე ლ. ფ-მა მოსარჩელე ჟ. თ-ისგან სესხის სახით მიიღო 4000 აშშ დოლარი, სარგებლის გარეშე. აღნიშნული თანხა ლ. ფ-ს უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 8 ოქტომბრამდე.
მხარეთა შორის სადავო იყო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ, 1600 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო დარჩენილი 2400 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია, მოპასუხის მტკიცებით კი – მას სესხის თანხიდან გადასახდელად დარჩენილი ჰქონდა 900 აშშ დოლარი, რამდენადაც 4000 აშშ დოლარიდან 3100 აშშ დოლარი დააბრუნა.
სადავო გარემოებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია შემდეგი საკითხის განმარტება:
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს:
1. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება.
2. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა,ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა;
3. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი;
4. მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში, მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თავად მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს. შესაბამისად, 4000 აშშ დოლარიდან 3100 აშშ დოლარის ოდენობით ვალის გადახდა მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რაც მას არ განუხორციელებია.
ზემომითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მოახდინა დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების მტკიცების ტვირთის განაწილება, რასაც შედეგად მოყვა სწორი სამართლებრივი დასკვნების გაკეთება სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდ დგინდებოდა, რომ 2011 წელს მოპასუხე ლ. ფ-მა მოსარჩელე ჟ. თ-ისაგან სესხის სახით მიიღო 4000 აშშ დოლარი, სარგებლის გარეშე. აღნიშნული თანხა ლ. ფ-ს უნდა დაებრუნებინა 2011 წლის 8 ოქტომბრამდე. მითითებული სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი ცალსახად ეკისრებოდა მოპასუხეს (მოვალეს), რომელმაც ვერ უზრუნველყო სადავო თანხის – 2400 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადახდის დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებით (წერილობითი მტკიცებულებით). უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ შენიშნა, რომ 1600 აშშ დოლარის ნაწილში მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ გარემოების დადასტურება, შესაძლებელი გახდა მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტების საფუძველზე.
აქვე, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, რომ მოსარჩელემ იმ ფაქტზე მითითებით, რომ მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ეტაპობრივად ხდებოდა სესხის თანხის დაბრუნება, აღიარა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების შესახებ გარემოება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოთ დასახელებულ პოზიცია და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მის სასარგებლოდ შესრულებული ფულადი ვალდებულების კონკრეტულ ოდენობაზე (1600 აშშ დოლარი) მითითებით, დააზუსტა თავისი განმარტება სესხის თანხის ეტაპობრივად გადახდასთან დაკავშირებით და განსაზღვრა აღიარების ფარგლები. ამ თანხის – 1600 აშშ დოლარის, ზემოთ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი კი, როგორც აღინიშნა, მოვალის მხარეზე იყო, რომელმაც ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ლ. ფ-ს სესხის თანხიდან – 4000 აშშ დოლარიდან, გადახდილი ჰქონდა მხოლოდ 1600 აშშ დოლარი, ხოლო 2400 აშშ დოლარი გადახდილი არ ჰქონდა. შესაბამისად, ამ ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები და სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 623-ე, მუხლებით გათვალისწინებულ ნორმებზე მითითებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სწორად დააკისრა 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ფ-მა.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ, კერძოდ, 900 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ლ. ფ-მა ნებაყოფლობით აღიარა ვალი და ზეპირი შეთანხმების შემდეგ ეტაპობრივად მოახდინა ვალის დაფარვა, რაც მოპასუხემ ნაწილობრივ დაადასტურა კიდეც სასამართლო სხდომაზე. კასატორს მოწინააღმდეგე მხარისათვის დარჩენილი ჰქონდა 900 აშშ დოლარი, რომლის გადახდაც მხარეთა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ხდებოდა ეტაპობრივად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ლ. ფ-ს (პირადი ნომერი – .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 23 ივნისი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე