№ას-524-497-2014 15 სექტემბერი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – უ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ნ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა უ. მ-მ მოპასუხე ა. ნ-ის მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნები:
ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2013 წლის 3 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (№130666810) ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის – 3360 აშშ დოლარის ნაწილში გაუქმება, აგრეთვე, პირგასამტეხლოს შემცირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით უ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2013 წლის 3 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (№130666810, სადაც კრედიტორია ა. ნ-ე, ხოლო მოვალე – უ. მ-ე) მე-6 მუხლში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) შევიდა შემდეგი სახის ცვლილება:
აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში შემცირდა 0.2%-დან 0.01%-მდე და განისაზღვრა შემცირებული პირგასამტეხლო – 1.4 აშშ დოლარი (სააღსრულებო ფურცელში მითითებული 0.2%-ის ნაცვლად) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2013 წლის 27 იანვრიდან აღსრულებამდე;
სააღსრულებო ფურცლის მე-6 მუხლით დადგენილი აღსასრულებელი მოცულობის დანარჩენი ნაწილი დარჩა უცვლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ნოტარიუს ე. შ-ას მიერ 2013 წლის 3 ივლისს გაცემული №130666810 სააღსრულებო ფურცელი გაუქმდებოდა ნაწილობრივ, ძირი თანხის – 3360 აშშ დოლარის აპელანტისათვის დაკისრების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 აპრილის განჩინებით უ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 26 აპრილს უ. მ-ს, შ. გ-ს, ა. ნ-სა და ნ. კ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამსესხებელმა ა. ნ-მ მსესხებელ უ. მ-ს სესხის სახით გადასცა 14000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა უ. მ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, დ. დ-ი, ი. პ-ის ქ.№15, ბინა №43, 55.00კვ.მ., საკადასტრო კოდი №.......
ამ ხელშეკრულების თანახმად, სარგებელი შეადგენდა ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 4%-ს. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2012 წლის 26 ივლისი. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი გადააცილებდა გადახდის გრაფიკს, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მსესხებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახადი თანხის 0.3%-ის ოდენობით.
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მოეთხოვა იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა ან იპოთეკის საგნის რეალიზაცია. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოვალის მიერ იპოთეკარის მოთხოვნის ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კანონონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
2013 წლის 5 ივლისის №A13039491-004/002 წერილით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ლ. ყ-მა მოვალე უ. მ-ს მისცა წინადადება, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
2013 წლის 3 ივლისს, ნოტარიუს ე. შ-ას მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილია, რომ მოვალე უ. მ-ს კრედიტორის ა. ნ-ის მიმართ, გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები 2012 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. სააღსრულებლო ფურცლის მე-6 ნაწილის მიხედვით, 2013 წლის 3 ივლისის მდგომარეობით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა: ძირითად თანხას – 14000 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს – ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 28 აშშ დოლარს 2013 წლის 27 იანვრიდან აღსრულებამდე (ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 0.3% პირგასამტეხლოს ნაცვლად 0.2%);
ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია.
2012 წლის 26 აპრილს მხარეებს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელე უ. მ-ს ა. ნ-ის სასარგებლოდ გადახდილი აქვს სესხის სამი თვის პროცენტი – 1680 აშშ დოლარი.
მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა – ადგილი ჰქონდა თუ არა უ. მ-ის მიერ სესხის ძირითადი თანხიდან 3360 აშშ დოლარის გადახდას.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამ ნაწილში მტკიცების ტვირთის სწორად განაწილებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელეს (აპელანტს) წარდგენილი არ ჰქონდა მის მიერ მითითებული, ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. მოცემულ საკითხზე მსჯელობისას საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სამოქალაქო კოდექსი ანგარიშს უწევს მოვალის მდგომარეობას და მას უფლებას ანიჭებს კრედიტორისაგან შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვოს.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, საქალაქო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული გარემოება სესხის ძირი თანხის ნაწილის – 3360 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით. მის მიერ ძირი თანხის გადახდის ფაქტი არ დადგინდა, მხოლოდ მოსარჩელის განმარტება კი, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს არ იძლეოდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ერთადერთი არგუმენტი – სესხის ძირი თანხის ნაწილის, 3360 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა უ. მ-მ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
2012 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით უ. მ-მ ა. ნ-ისგან სესხის სახით აიღო 14000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4%-ის დარიცხვით. ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, სესხის ძირითადი თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2012 წლის 26 ივლისს, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის დროდ ეს თარიღი მიიჩნევა. მოსარჩელემ მოპასუხეს თანხები გადაუხადა, კერძოდ, სარგებელი (1680 აშშ დოლარი) გადახდილია სრულად, ასევე გადახდილია ძირი თანხის ნაწილი (3360 აშშ დოლარი). ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელში კანონსაწინააღმდეგოდ დაადგინა პირგასამტეხლოს დარიცხვა სრულ თანხაზე;
ზემოაღნიშნულ გარემოებას ისიც ადასტურებს, რომ სააღსრულებო ფურცლით პირგასამტეხლოს დარიცხვა მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა არა ხელშეკრულების ვადის გასვლიდან – 2012 წლის 26 ივლისიდან, არამედ 2013 წლის 27 იანვრიდან. მართალია, სასამართლო პროცესზე მოპასუხემ არ აღიარა მითითებული გარემოება და განაცხადა, რომ პირგასამტეხლოს 2013 წლის 27 იანვრიდან დარიცხვის მოთხოვნა მათ კეთილ ნებას წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება.
სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის მიუხედავად, ასეთი დოკუმენტი არ გაცემულა.
ამდენად, მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს უ. მ-ის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის ძირი თანხიდან 3360 აშშ დოლარის გადახდას, არის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც კრედიტორმა პირგასამტეხლოს დარიცხვა მოითხოვა არა 2012 წლის 26 ივლისიდან, არამედ 2013 წლის 27 იანვრიდან. შესაბამისად, უ. მ-ს ა. ნ-ისათვის გადასახდელი აქვს ძირი თანხა 10640 აშშ დოლარი და არა 14000 აშშ დოლარი, როგორც ეს სააღსრულებო ფურცელშია მითითებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას უ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ უ. მ-ს (პირადი ნომერი – .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება №2, გადახდის თარიღი – 2014 წლის 17 ივნისი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე