Facebook Twitter

№ას-613-581-2014 15 სექტემბერი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „კ. კ. გ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.-ფ. მ-დ“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 3 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ლ.-ფ. მ-მა“ მოპასუხე შპს „კ. კ. გ-ის“ მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნები:

1. მოპასუხე ორგანიზაციისათვის მის სასარგებლოდ 2013 წლის 8 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების, 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება;

2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 8 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, 2250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, აგრეთვე, 2013 წლის 15 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5000 აშშ დოლარის 0.5%-ის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ლ.-ფ. მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა:

1. მოპასუხე შპს „კ. კ. გ-ს“ მოსარჩელე შპს „ლ.-ფ. მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

2. გარდა ამისა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 2250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ხოლო 2013 წლის 15 სექტემბრიდან 5000 აშშ დოლარის 0.5%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

დასახელებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს „კ. კ. გ-მა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს „კ. კ. გ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ზემომითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ისევე როგორც, მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. კ. გ-მა“, რომელმაც მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით შპს „კ. კ. გ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2013 წლის 3 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ლ. ფ. მ-მა” მოპასუხე შპს ,,კ. კ. გ-ის’’ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2013 წლის 3 ოქტომბერს, მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების გზავნილი მოპასუხე მხარისთვის ჩასაბარებლად.

2013 წლის 8 ოქტომბერს, მოსარჩელეს ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და მას ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.

სასამართლო გზავნილით დგინდებოდა, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარსადგენად განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა.

2013 წლის 31 ოქტომბერს, მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდებოდა, რომ შპს ,,კ. კ. გ-ის’’ სახელზე გზავნილი, სარჩელი და თანდართული დოკუმენტები 2013 წლის 23 ოქტომბერს ჩაბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს, ნ.ბ-ს. შეტყობინების ბარათზე გზავნილის ადრესატის მიერ ჩაბარების დასტურად დასმული იყო შპს ,,კ. კ. გ-ის’’ ბეჭედი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს ,,კ. კ. გ-ს’’ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2013 წლის 23 ოქტომბერს და მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში შესაგებლის წარდგენა შეეძლო 2013 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.

საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ:

შპს ,,კ. კ. გ-მა’’ სასამართლოში შესაგებელი წარადგინა მხოლოდ 2013 წლის 8 ნოემბერს, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე შპს ,,კ. კ. გ-ის’’ შესაგებელი შპს „ლ ფ მ-ის” სარჩელთან დაკავშირებით დარჩა განუხილველად;

2013 წლის 15 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება შპს „ლ. ფ. მ-ის” სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხე შპს ,,კ. კ. გ-ის’’ მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

განსახილველი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას შესაგებლის წარუდგენლობის რაიმე საპატიო მიზეზზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მოპასუხე შპს ,,კ. კ. გ-ს’’ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა 2013 წლის 23 ოქტომბერს, კანონით დადგენილი წესით და მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში შესაგებლის შეტანა შეეძლო 2013 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ სასამართლოში მოპასუხე შპს ,,კ. კ. გ-მა’’ შესაგებელი წარადგინა მხოლოდ 2013 წლის 8 ნოემბერს, ანუ დადგენილი ვადის დარღვევით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო 2013 წლის 15 ნოემბერს მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. აქვე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხე შპს ,,კ. კ. გ-ის’’ მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას და ამდენად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები.

დასმულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:

იმისათვის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს, საჭიროა არსებობდეს ასევე უმთავრესი პირობა – სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელის მოთხოვნას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი), ამასთან, მითითებული გარემოებები სასამართლოს მიერ ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი).

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება, რომ სარჩელში მითითებული და შესაგებლის წარუდგენლობის გამო დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სარჩელის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 477-ე მუხლებით და დააკმაყოფილა შპს „ლ. ფ. მ-ის” სარჩელი.

დასახელებული გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის არგუმენტი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ სანქციას პირის მიმართ, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არასათანადოდ ახორციელებს სასამართლო დავალებას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის შეუტანლობა ან მოპასუხის გამოუცხადებლობა) გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები. უფრო მეტიც, კანონი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნევა და მართლმსაჯულება შემოიფარგლება მხოლოდ დადგენილი გარემოებებისა და სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უტყურად, სწორად დადგინდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება უცვლელად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. კ. გ-მა“.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლო პრაქტიკა, რომელსაც სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა ეფუძნება კანონის დანაწესს, რომლითაც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, თუ სარჩელის მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია. მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელია მაშინ, როდესაც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით იგი დაუსაბუთებელია. მოთხოვნის დაუსაბუთებლობა იმაში გამოიხატება, რომ მატერიალური ნორმა (მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი) სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ უკავშირებს სარჩელით მოთხოვნილ სამართლებრივ შედეგს.

სარჩელის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებით მოსარჩელეს ნასყიდობის საგანი უნდა გადაეცა მყიდველისათვის და მყიდველს უნდა გადაეხადა ნასყიდობის დარჩენილი ფასი. მოსარჩელე სარჩელში ადასტურებს ერთ-ერთ მთავარ გარემოებას, კერძოდ, იმას, რომ რომ მოპასუხეს (მყიდველს) პრეტენზია აქვს ნივთზე და ხელს არ აწერს მიღება-ჩაბარების აქტს. აქედან გამოდის, რომ მოპასუხეს არ გადასცემია ნასყიდობის საგანი, თუმცა მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე მითითებით ნივთს მიწოდებულად მიიჩნევს, რაც მხოლოდ მისი მოსაზრებაა და ფაქტად არ უნდა ჩაითვალოს.

ნასყიდობა რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც დადებულად მიიჩნევა არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან.

ამდენად, სარჩელში ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის გადაუცემლობის ფაქტის გაცხადების პირობებში სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. თუკი მყიდველს ნასყიდობის საგანი არ გადასცემია, კასატორისათვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაუხადოს მან გამყიდველს ნასყიდობის თანხა და პირგასამტეხლო მაშინ, როდესაც ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა. სარჩელის თანახმად, ეს ვადა 2014 წლის 15 თებერვალს იწურებოდა, სარჩელი კი, 2013 წლის ოქტომბერში (ე.ი. სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე) აღიძრა. მითითებული გარემოება გამორიცხავს ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას, თუმცა სასამართლომ მხარეს იგი მაინც დააკისრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ. კ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. კასატორის მოსაზრებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელე თავად უთითებს სარჩელში, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა გაეფორმებინა მიღება-ჩაბარების აქტი ნასყიდობის საგნის გადაცემის თაობაზე, რადგან ეს უკანასკნელი არ იყო შეთანხმებული ხარისხის. კასატორი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მას არ გადასცემია ნასყიდობის საგანი, იგი არ იყო ვალდებული, გადაეხადა ნასყიდობის ფასი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს არა მარტო მოპასუხის ზემოაღნიშნული პრეტენზიის თაობაზე, არამედ იქვე აღნიშნავს, რომ მან მოპასუხეს (მყიდველს) გადასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის ნივთი, რომელიც მყიდველის მფლობელობაში იმყოფება. ცხადია, სარჩელში მითითებული ეს ფაქტობრივი გარემოება დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა (მყიდველმა) მიიღო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის ნივთი, იგი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული ნასყიდობის ფასი (სკ-ის 477-ე მუხლი). დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადა ჯერ არ იყო დამდგარი, ამიტომ სასამართლოს სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 30000 აშშ დოლარით. მოპასუხე (მყიდველი) ვალდებული იყო წინასწარ (2013 წლის 15 აპრილამდე) გადაეხადა 20000 აშშ დოლარი. ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილი (10000 აშშ დოლარი) მას უნდა გადაეხადა 10 თვის განმავლობაში, 2014 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, ყოველთვიურად 1000 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხემ გადაიხადა 20000 აშშ დოლარი, ხოლო, 2013 წლის 15 აპრილის შემდეგ მას 5 თვის განმავლობაში თანხა არ გადაუხდია. სარჩელში მითითებული ეს გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მყიდველს ნასყიდობის დარჩენილი ფასის ნაწილ-ნაწილ გადახდის ვალდებულება წარმოეშვა 2013 წლის 15 მაისიდან და არა 2014 წლის 15 თებერვლიდან, როგორც ამას კასატორი მიუთითებს. შესაბამისად, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ამ შემთხვევაშიც ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „კ. კ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე კ. ბ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3089 ლარი) 70% – 2162.3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ. კ. გ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს – შპს „კ. კ. გ-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3089 ლარი, საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 3 ივნისი) 70% – 2162.3 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე